Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობაში პროვოკაციული უწოდეს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ბრალდებას


ჩორჩანა
ჩორჩანა

საქართველოს მთავრობაში პროვოკაციულ დეზინფორმაციად შეაფასეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადება, რომ ქართული მხარე „მასშტაბურ პროვოკაციას“ ამზადებს.

„ცხადია, ეს არის დეზინფორმაცია იმიტომ, რომ არანაირ მოქმედებებს ქართული მხრიდან ადგილი არა აქვს. თავისთავად განცხადება არის პროვოკაციული და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამას მისცა შესაბამისი შეფასება“, - განაცხადა 24 ოქტომბერს, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო მინისტრმა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა. მისი ინფორმაციით, ჩორჩანის მიდამოებში განვითარებული მოვლენების გამო, საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით დანიშნულია მორიგი ტექნიკური შეხვედრა, რომელზეც ქართული მხარე თავის პოზიციას კიდევ ერთხელ დააფიქსირებს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ერგნეთში რიგით მეექვსე ტექნიკური შეხვედრა სავარაუდოდ, 25 ოქტომბერს გაიმართება.

წნელისი-ჩორჩანა-წაღვლის მიმართულებით ვითარება აგვისტოდან დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ჩორჩანის ტყესთან ქართული პოლიციის საგუშაგო გაიხსნა ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საგუშაგოს აღება მოითხოვა და უარის შემდეგ, ჩორჩანასთან მოსაზღვრე სოფელ წნელისის მახლობლად ორი ე.წ. სასაზღვრო საგუშაგო გახსნა თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, დე ფაქტო ხელისუფლებამ 4 სექტემბრიდან, ახალგორთან დაკეტა დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ე.წ. საზღვარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG