Accessibility links

უჩინარი ქართული საბავშვო ლიტერატურა და ასტრიდ ლინდგრენის პრემია


საბავშვო ლიტერატურაში ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე (ალმა) 2020 წელს წარდგენილ 237-კანდიდატიან სიაში 4 ქართველის სახელიცაა - მარიამ წიკლაური (მწერალი), ბონდო მაცაბერიძე (მწერალი, გამომცემელი), თეა თოფურია (მწერალი) და გიორგი ჩაჩანიძე (ილუსტრატორი). ნომინანტები წლევანდელი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, 17 ოქტომბერს დასახელდნენ. ალმას გამარჯვებული კი 31 მარტს გახდება ცნობილი. თუმცა, თავად ნომინანტები ფიქრობენ, რომ ამ პრემიის მოსაპოვებლად ქართველ საბავშვო მწერლებს ჯერ მცირე შანსი აქვთ. გრძელია გზაც, რომელიც ქართულმა საბავშვო ლიტერატურამ უნდა გაიაროს საიმისოდ, რომ ის საერთაშორისო ბაზარზე აღიარონ და ამას, როგორც აღმოჩნდა, ძალიან ბევრი მიზეზი აქვს.

ალმას წლევანდელი ნომინანტი, საბავშვო მწერალი და პოეტი მარიამ წიკლაური იმ ავტორთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ხშირად ჩივის ქართული საბავშვო ლიტერატურის სირთულეებზე და პრობლემებზეც ღიად ლაპარაკობს ხოლმე. ასტრიდ ლინდგრენის ჯილდოს მიღება უკვე გულისხმობს, რომ მსოფლიო გიცნობს და გკითხულობს. რომ შენ ხარ მსოფლიო მოქალაქე, და რომ შენ ქვეყანაში ბავშვი მთავარი ღირებულებაა, თუმცა აქამდე, მარიამის აზრით, საქართველოს ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი.

ვინ წარადგენს კანდიდატებს ასტრიდ ლინდგრენის ჯილდოზე?

პრემიის ნომინანტებს საქართველოში პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა წარადგენს. შემდეგ საქმეში ალმას საბჭო ერთვება და ყოველ წელს ახალი სია დგება. ზოგჯერ ამ სიაში წინა წლის ნომინანტები ისევ რჩებიან, როგორც, მაგალითად, წლევანდელში თეა თოფურია. ამას თავად შვედები წყვეტენ.

პრემიის მფლობელს მომდევნო წელს, ბოლონიის საბავშვო წიგნის ფესტივალზე გამოავლენენ. დაჯილდოების ცერემონიალი კი სტოკჰოლმში იმართება ხოლმე, ყოველ 1 ივნისს. ასტრიდ ლინდგრენის ჯილდოს ოფიციალურ საიტზე, წარდგენილი ავტორების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია გროვდება. მერე კი ამ თემით დაინტერესებული მთელი მსოფლიო ეცნობა მათ შემოქმედებას.

რა მოეთხოვება ავტორს? იყოს საინტერესო და თანამედროვე. მათი პოპულარიზაციისთვის კი ლიტაგენტების მთელი არმია მუშაობს. ქართველი ავტორებისთვის ეს ფუფუნებაა.

„მათ არ აქვთ ჩვენსავით მარტოობის შეგრძნება. ისინი მთელ მსოფლიოსთან ადვილად კონტაქტობენ. ჩვენ კი მაინც ჩაკეტილ სივრცეში ვართ ყველანაირი თვალსაზრისით: მენტალური, ადმინისტრაციული, ენობრივი და სხვა. ეს აფერხებს ყველა დონეზე ჩვენ სათანადო წარდგენას“, - ამბობს მარიამ წიკლაური.

ასტრიდ ლინდგრენის პრემიას, რომელიც 2003 წლიდან არსებობს, საქართველოში ნაკლებად იცნობენ. არადა, საბავშვო მწერლობის სამყაროსათვის ეს წლის მთავარი მოვლენაა ხოლმე. რატომ არ ხდება მისი უკეთესად პოპულარიზაცია საქართველოში?

საბავშვო მწერლებს რამდენიმე პასუხი აქვთ, მათგან ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ, მათი აზრით, საქართველოში არც ბავშვია ღირებულება და არც ზოგადად, ადამიანი.

„ერთ საბავშვო ავტორს ვერ დაგისახელებს ვერავინ, არავინ არ იცის, რაა ალმა, ჰანს ქრისტიან ანდერსენის ან იაკობ გოგებაშვილის პრემია, ვინ მოვიდა ნოდარ დუმბაძის მერე? საერთოდ რა უნდათ და სჭირდებათ ბავშვებს ან ავტორებს, ან ბიბლიოთეკებს, ან მთარგმნელებს, თუნდაც გამომცემლობებს?“ - კითხულობს მარიამ წიკლაური, რომლის აზრითაც, ჯერ ქართველებს ასტრიდ ლინდგრენის ჯილდოს მიღების რეალური შანსი არა აქვთ, თუმცა რა იქნება მომავალში, ეს სწორედ იმ პოლიტიკაზეა დამოკიდებული, რაც ქვეყანას საბავშვო ლიტერატურის, ავტორების მიმართ ექნება:

„მხოლოდ წარდგენა არაფერს ნიშნავს, ეს ყოველწლიური რიტუალია, მთავარია, წლიდან წლამდე რას ვაკეთებთ ჩვენი კულტურის მსოფლიოში გატანისთვის“.

ამ ჯილდოს მიღების შანსებს ამცირებს ისიც, ფიქრობს კიდევ ერთი საბავშვო ავტორი, ვასილ გულეური, რომ ქართული საბავშვო ლიტერატურა თითქმის არ ითარგმნება.

„კარგი ავტორი ხშირად სულაც არ არის კარგი ლიტერატურული აგენტი“, - დანანებით შენიშნავს ვასილ გულეური, რომლის აზრითაც, ქართველი საბავშვო მწერლებისთვის წიგნის გამოცემა საქართველოშიც კი პრობლემაა.

ცალი ხელიც კმარა იმ ავტორების ჩამოთვლელად, ვისი საბავშვო წიგნებიც საერთოდ ითარგმნა და საზღვარს გასცდა - ვასილ გულეურს ეთანხმება მარიამ წიკლაურიც:

„სადაა თარგმანები იმ ავტორების, რომლებიც კარგ საბავშვო ლიტერატურას ქმნიან? არ არსებობს. მიზეზად ასახელებენ, რომ არ მოსწონთ უცხოელებს მათი წიგნები? სად შესთავაზეს, რა სასინჯი თარგმანები გააკეთეს, ვისი, როდის? მე არსად მსმენია მსგავსი რამ“.

იქნებ ქართულ საბავშვო ლიტერატურას სიახლე სჭირდება?

სიახლეც ბევრი იწერება, - პასუხობს ამ კითხვას მარიამ წიკლაური. მაგრამ იმასაც შენიშნავს, რომ ავტორიც ადამიანია და მან რომ ახალი „რონია“ დაგიწეროს, ახალი „პიტერი“ დაგიხატოს, ახალი „ბიბო“, უნდა ჰქონდეს განწყობა, შვება, თავისუფალი დრო და ყველაფერი, რაც ამის უკან იგულისხმება. და რაზეც არავინ ზრუნავს.

„ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი ადამიანები, თუნდაც 10 ავტორი, მათ უნდა მიეცეთ საშუალებაც, ასპარეზიც, ხელშეწყობაც. ქვეყანამ უნდა იცოდეს, რომ ისინი არსებობენ. და არა ვიწრო-კლანურ-პოლიტიკურ თუ ათას სხვა ინტრიგის ბადეში უნდა ვახრჩობდეთ მათ. მოტივაცია მნიშვნელოვანია ადამიანის საქმიანობაში! რომ ვადარებ უცხოურ საბავშვო წიგნებს, მეტირება, რამდენად შეზღუდულია ქართველი ავტორის და მხატვრის ასპარეზი“.

ვასილ გულეური კი ფიქრობს, რომ ქართული საბავშვო ლიტერატურა დღეს უფრო ძიების, განვითარების ეტაპზეა. სტერეოტიპებისგან თავდახსნის გზას ადგას.

„ღირებული საბავშვო ლიტერატურის შექმნა არაფრით იოლი არ არის „სადიდო“ ლიტერატურაზე, პირიქითაც. იქნებ ამიტომაც იწერება ნაკლები, განსაკუთრებით კი მოზარდებისთვის. ამასთან, კარგ საბავშვო ლიტერატურას აქვს უნიკალური თვისება - ის ყველა ეროვნების ბავშვისთვის გასაგებია. ბავშვს ყველგან მსგავსი თემები აინტერესებს, მსგავსი რამე ახარებს, სწყინს, აინტერესებს. სწორედ ამაშია კარგი საბავშვო ლიტერატურის საიდუმლოც“, - გვითხრა ვასილ გულეურმა.

პატრიოტული საბავშვო ლექსები არ გაქვთ? - ჰკითხეს ვასილ გულეურს ერთხელ:

„დღესაც რამდენი მშობელია, რომელიც ბავშვს თავიდანვე „პატრიოტულ-მამულიშვილური“ სულისკვეთების, ხშირად სრულიად მდარე ლექსებს ასწავლის - აზეპირებინებს! მქონდა რამდენიმე კონკრეტული შემთხვევა, როცა მასწავლებელს მოუწერია - თქვენ სულ ცხოველებზე და ფრინველებზე გაქვთ ლექსები, მე მინდა, რაიმე პატრიოტულ თემატიკაზე ვასწავლო ბავშვევბს და ასეთი ლექსები არ გაქვთო? საბოლოოდ, ისევ განათლების სისტემასთან მივდივართ - სწორედ სკოლამ უნდა შეუწყოს ხელი ბავშვებში ლიტერატურული გემოვნების ჩამოყალიბებას, რადგან ის მშობლებიც ხომ სკოლებიდან მოდიან და თავის დროზე სწორედ იმგვარ ლიტერატურაზე იზრდებოდნენ, რაც ახლა თავიანთი შვილებისთვის უნდათ“.

პატარა ბაზარი - როგორც მთავარი პრობლემა

ნიკი თარხან-მოურავი გამომცემლობა „ზოლიანი კატის“ დამფუძებელია, რომელიც საბავშვო, ილუსტრირებულ წიგნებს გამოსცემს. მთავარ პრობლემად, თანამედროვე ქართულ საბავშვო ლიტერატურაზე საუბრისას, ის წიგნის პატარა ბაზარს ასახელებს.

თუ წიგნის დიდი ტირაჟი არ გაიყიდა, ამბობს ის, წიგნის გამოცემის ხარჯიც ვერ იფარება. ამიტომ გამომცემელიც თავს იკავებს ისეთი წიგნების და ავტორების გამოცემისგან, ვინც ამის გარანტიას არ მისცემს. ექსპერიმენტების კეთებას კი ყველა ვერ რისკავს. რჩება მარტივი გზა - უკვე ცნობილი, უკვე პოპულარული, კარგად გაყიდვადი წიგნების თარგმნის უფლებების ყიდვა და ასეთი წიგნების გამოცემა.

„აქ კიდევ ერთი პრობლემაა, მშობლებს აქვთ მყარი წარმოდგენა, რა უნდა წააკითხონ ბავშვებს. ძირითადად, თვითონ რაც უყვარდათ და, ასე ვთქვათ, დაცდილი აქვთ, იმას ურჩევენ შვილსაც. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ჩვენ ახლა ვცხოვრობთ ახალი ტექნოლოგიების საუკუნეში. წიგნს ძალიან ბევრი ალტერნატივა გამოუჩნდა და ბავშვებს ბევრად მეტი თავშესაქცევი აქვთ ახლა, ვიდრე ადრე ჰქონდათ. ეს მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევაა და ბოლო წლებში მსოფლიოში ძალიან შეიცვალა საბავშვო წიგნებთან დამოკიდებულება - ახლა ყველაფერი მიმართულია იქით, როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა და ჩავანაცვლებინოთ გაჯეტი. შეიცვალა წიგნის ფორმატი და შინაარსი, მთლიანად მიდგომა. ჩვენთან არ არსებობს ასეთი ინსტიტუტები, რომლებიც ამ კუთხით მუშაობენ“.

ნიკი თარხან-მოურავის აზრით, ქართველი გამომცემლები აგრძელებენ იმის გამოცემას, რაც „ეყიდებათ“ და თან სახელმწიფოსგან ელიან რაღაც ინიციატივებს. ხოლო, როცა ქართული გამომცემლობებიდან არ არსებობს დაინტერესება, გამოსცენ ქართველი ავტორების წიგნები, კარგი წიგნებიც ნაკლებად იწერება:

„თანამედროვე საბავშვო ლიტერატურა და თანამედროვე ილუსტრაციები არის ყველასგან მივიწყებული და ჩავარდნილი სფერო. ამიტომ გადავწყვიტე, ეს ნიშა დამეკავებინა. თუმცა ისიც უნდა ვაღიარო, რომ ილუსტრაციები ჩემი განსაკუთრებული ინტერესის სფეროა, ამიტომ ამ შემთხვევაში ჩემი გატაცება დაემთხვა საჭიროებას. საინტერესო ამბავი აქტუალურ თემაზე, კარგად მოთხრობილი და მაღალი ხარისხის ილუსტრაციებით გაფორმებული - მხოლოდ ასე შეგიძლია დაუპირისპირდე... ჩვენთან გამოცემული თარგმანების უმეტესობა მოძველებული ტექსტებია, ზოგი კი მხოლოდ ლოკალურ ბაზარზე ორიენტირებული, შესაბამისად, შინაარსი ბუნდოვანია ბავშვისთვის. ცხადია, თარგმანიც უნდა გამოიცემოდეს, მაგრამ საბავშვო ლიტერატურაში ყველგან წამყვანი ადგილი უკავიათ ადგილობრივ ავტორებს“, - გვითხრა ნიკი თარხან-მოურავმა.

ქართულ საბავშვო ლიტერატურაზე სანამ რამეს ვიტყვით, ვიკითხოთ, უყვართ საქართველოში ბავშვები?

ეს კითხვა კი პოეტმა და საბავშვო წიგნების ავტორმა, ალექს ჩიღვინაძემ დასვა, როცა მას თანამედროვე ქართული საბავშვო ლიტერატურის პრობლემების შესახებ ვკითხეთ.

„რას ვუპასუხებთ? შევხედოთ გარემოს, სადაც ვცხოვრობთ, შევხედოთ მათ საბავშვო ბაღებს, სათამაშო მოედნებს, შევხედოთ სტატისტიკას, თუ რამდენ ბავშვს არ მიუწვდება ხელი საბავშვო ბაღზე, რამდენ ბავშვს არა აქვს წიგნი, რამდენი ბავშვი მუშაობს, რამდენზე ძალადობენ, რამდენი შიმშილობს და ა.შ. თანამედროვე საბავშვო ლიტერატურაც, მგონია, რომ ბავშვების ამ პრობლემებს უნდა პასუხობდეს, უნდა აფასებდეს ბავშვს და არ წარმოაჩენდეს ინფანტილურ არსებად, რადგან, ჩემი აზრით, ზუსტად იმავე ფუნქციას ასრულებს საბავშვო ლიტერატურა ბავშვისთვის, რასაც ასრულებს ზრდასრულისთვის“.

ალექს ჩიღვინაძე მოგვითხრობს, როგორ გადააწყდა რამდენიმე დღის წინ, ოციანი წლების ჟურნალ „ქართული მწერლობაში“, სტატიას მაშინდელ ტფილისში იაპონური საბავშვო წიგნის გამოფენის შესახებ. სტატია ასე იწყებოდა: იაპონელებს უყვართ ბავშვები და დიდი სიყვარულითაც ქმნიან საბავშვო კულტურასო. იქვე აღწერილი იყო, როგორ უწყობენ იაპონელები ხელს ბავშვის განვითარებას, როგორ ახალისებენ მათ ცხოვრებას. მარტო 50 საბავშვო ჟურნალი გამოდის და ყოველ ჟურნალს კიდევ ცალკე განყოფილება აქვს მცირეწლოვანთათვისო. და ავტორი წერდა, ჩვენც უნდა გავეცნოთ არა მხოლოდ იაპონიის, არამედ ყველა კულტურული ერის საბავშვო წიგნის კულტურას და გამოვიყენოთ მათი ტექნიკური მიღწევებიო.

„ოციან წლებში წერდნენ ამას. დღეს რომ დაბეჭდო ეს სტატია, ისეთი თანამედროვე და აქტუალური იქნება, რომ მეტი არ შეიძლება... გვყავს გადასარევი ილუსტრატორები, რამდენიმე ქართული სურათებიანი წიგნიც ითარგმნა, გამოიცა, ერთი აღიარეს თვის საუკეთესო წიგნად ბერლინში, სხვა ჯილდოებიც მიიღეს, მაგრამ, საერთო ჯამში, საუკუნის წინანდელი სტატიის შეჯამება ახლაც ძალაშია - ჯერ დიდი მუშაობა და სწავლა გვჭირდება საბავშვო ლიტერატურის კულტურის შექმნისთვის“, - ამბობს ალექს ჩიღვინაძე.

იმ პატარ-პატარა ნაბიჯებში, რაც ქართული საბავშვო ლიტერატურის და ავტორების პოპულარიზაციას შეუწყობდა ხელს, თავად ავტორები ძალიან ცნობილ, ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობის აუცილებლობასაც ასახელებენ. ბოლონიაში საბავშვო წიგნის დღესასწაული იმართება ხოლმე და ამას აღნიშნავს ყველა, ვინც იქ ერთხელ მაინც მოხვედრილა. თუ ცალკეული გამომცემლობების კერძო ინიციატივებს არ ჩავთვლით, საქართველოს იქ თავისი სტენდი ჯერ არ ჰქონია.

იმას, რომ ძალიან ცოტა ქართველი საბავშვო ავტორია ნათარგმნი უცხო ენაზე და ამ სფეროს ხელის შეშველება უნდა, არ უარყოფს მწერალთა სახლის დირექტორი ნატა ლომოურიც, რომლის თქმით, მთარგმნელობითი საქმიანობის ნაწილი, რომელიც მთლიანად წიგნის ეროვნულ ცენტრს ებარა, მათ ახლახან ჩაიბარეს.

„ქართული საბავშვო ლიტერატურა რომ პრიორიტეტია ჩვენთვის, ამას ისიც ადასტურებს, რომ მწერალთა სახლს ჯერ კიდევ 2013-2014 წლებიდან აქვს საბავშვო პროგრამა, რომელსაც ვასილ გულეური უძღვება. გვინდა, რომ ეს სფერო კიდევ უფრო განვითარდეს და ამაზე ვფიქრობთ. სხვათა შორის, სწორედ ვასილ გულეური წარვადგინეთ ახლახან ჰანს ქრისტიან ანდერსენის პრემიაზე - ვფიქრობთ, რომ ესეც ერთი პატარა ნაბიჯია ჩვენი ავტორების პოპულარიზაციისთვის“.

ნატა ლომოური გვეუბნება, რომ საქართველოს ჰყავს რამდენიმე ისეთი საბავშვო ავტორი, რომელთა ტექსტების კარგად თარგმნის შემთხვევაში, მათ აქვთ რეალური შანსი, კონკურენცია გაუწიონ თავიანთ კოლეგებს. მწერალთა სახლი კი, მისი სიტყვებით, ეცდება, მეტი გააკეთოს ამ კუთხით.

„ნაბიჯ-ნაბიჯ, ყველაფერს გავაკეთებთ. წელს, მაგალითად, მესამედ ვატარებთ იაკობ გოგებაშვილს პრემიის დაჯილდოებას, სწორედ საბავშვო მწერლებისათვის და გვინდა, რომ ამჯერად მასში ბავშვებმაც მიიღონ მონაწილეობა - ფრანკფურტში საბავშვო წიგნების სტენდებთან ხშირად შეხვდებით გმირების კოსტიუმებში ჩაცმულ ბავშვებს - ჩვენც შეგვიძლია ავიღოთ ეს მაგალითი. თითქოს, პატარა დეტალია, მაგრამ მგონია, რომ ყველაფრის პოპულარიზაცია ასეთი დეტალებისგან შედგება“.

რაც შეეხება ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტენდის განთავსებას - ჯერჯერობით ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის, თუმცა, როგორც მწერალთა სახლის დირექტორი ამბობს, მსჯელობა გრძელდება და იმედი აქვს, რომ უახლოეს მომავალში ქართველ საბავშვო ავტორებს და მათ წიგნებს ბოლონიაც უმასპინძლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG