Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლალი ფაფიაშვილი: შეცდომები ნებისმიერ ხელისუფლებას შეიძლება ჰქონდეს


ვისაც ნანახი აქვს, რა მდგომარეობა იყო პენიტენციურ დაწესებულებებში (2004-2007 წლებში), მას არასდროს დაავიწყდება, - განაცხადა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატმა, ლალი ფაფიაშვილმა, 25 ოქტომბერს, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე მოსმენის ფორმატში.

შეკითხვა კანდიდატს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ დაუსვა. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წარმომადგენელი დაინტერესდა, როგორ აფასებდა ლალი ფაფიაშვილი ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობას 2004-2007 წლებში, როდესაც ის ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

„ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ყველაზე მწვავე პრობლემა, თუ პენიტენციურ სისტემაზე ვსაუბრობთ, აქ იყო არაადეკვატურ მკურნალობასთან დაკავშირებით. იყო საქმეები, როდესაც ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების გაყვანა ვერ ხორციელდებოდა შესაბამის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში და ინფრასტრუქტურა იყო აბსოლუტურად გაუმართავი. იმას, ვისაც აქვს ნანახი, რა მდგომარეობა არსებობდა იმ პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებებში, ვფიქრობ, რომ ეს არასოდეს დაავიწყდება“, - განაცხადა ფაფიაშვილმა.

სოფო კილაძე: „წამება და არაადამიანური მოპყრობა?! რაც, ჩემი აზრით, უფრო პრიორიტეტულია ამ შემთხვევაში...“

ლალი ფაფიაშვილი: „წამება და არაადამიანური მოპყრობა არის ის, რა შეფასებებიც აქვს მიცემული სტრასბურგის სასამართლოს ცალკეულ საქმეებთან დაკავშირებით... როგორ შეგვიძლია, რომ ამ შემთხვევაში არ გავიხსენოთ, მაგალითად, ყველაზე გახმაურებული - (სულხან) მოლაშვილის საქმე... ახლა ამაზე ხომ ვერაფერს ვერ ვიტყვით ჩვენ?!“

სოფო კილაძე: „ძალიან კარგი, რომ თქვენ ამას ასე პირდაპირ ამბობთ... და ზოგადად როგორ შეაფასებდით ადამიანის უფლებების მდგომარეობას ქვეყანაში, არა მხოლოდ სასჯელაღსრულების სისტემაში... პოლიცია, პროკურატურა... იმიტომ, რომ თქვენ მაშინ ძალიან მაღალ პოსტს იკავებდით - ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყავით და თქვენი კომპეტენცია იყო ამის შეფასება და ადეკვატური რეაგირება...“

ლალი ფაფიაშვილი: „მე პოლიტიკურ შეფასებას ვერ გავაკეთებ, რადგან სხვა ფორმატში ვარ აქ, მაგრამ ერთადერთი, რაზეც შემიძლია აპელირება გავაკეთო - ალბათ, შეცდომები ნებისმიერ ხელისუფლებას შეიძლება ჰქონდეს, ამისგან არავინ არის დაზღვეული. აქ საუბარი შეიძლება იყოს მასშტაბზე და გამოსწორების სურვილი რამდენად არსებობს... ჩემთვის ობიექტური ინდიკატორი შეიძლება იყოს ისევ და ისევ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები“

სოფო კილაძე: „... თქვენ შეცდომები თქვით, მე ამას დანაშაულს დავარქმევდი, მაგალითად... შეცდომებიც იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ პირველ რიგში ეს იყო დანაშაულები... თუმცა თქვენ აბსოლუტურად თავისუფალი ხართ თქვენს შეფასებებში“.

25 ოქტომბერს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატს, ლალი ფაფიაშვილს უსმენენ. ფაფიაშვილი უკვე მე-15 კანდიდატია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში წარდგენილი 20-კაციანი სიიდან.

  • 2008-2017 წლებში ის იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე;
  • 2016-2017 წლებში იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე;
  • 2004-2007 წლებში იყო პარლამენტის წევრი;
  • 1998 წლიდან დღემდე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე;
  • 1996-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტში სხვადასხვა პოზიციაზე.

ლალი ფაფიაშვილი 2017 წელს საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი იყო საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. მაშინ ის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე და თავმჯდომარის მოადგილე იყო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თავდაპირველი10-კაციანი სია პარლამენტში 2018 წლის ბოლოს ხმაურიანი პროცესების ფონზე ჩავარდა. არასამთავრობო სექტორი მას „სასამართლოს კლანის“ ხელდასმით შექმნილს უწოდებს. საუბარია გავლენიან ჯგუფზე - ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანზე. მიხეილ ჩინჩალაძე, ამჟამად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა, ხოლო ლევან მურუსიძე ამავე სასამართლოში უვადოდ არის გამწესებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG