პარტია „ლელო“ 12 დეკემბერს დაფუძნდება, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ. მისი განმარტებით, 12 დეკემბერს პარტიის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართება. მოძრაობის ლიდერი აცხადებს, რომ პარტიაში რეგისტრაცია ღიაა:
„მე პირადად ვიქნები ის ადამიანი, რომელიც შეხვდება ჩვენი პარტიის მომავალ წევრებს. მე და ჩვენი გუნდი - ხელის ჩამორთმევით, თვალებში ჩახედვით. იმისათვის, რომ ჩვენ ერთად გამოვიდეთ დამარცხებული მდგომარეობიდან და გადავიყვანოთ ქვეყანა გამარჯვებისკენ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ „თბილისი ცენტრალში“, სადაც საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ მორიგი 12 წევრი წარადგინა. მისი თქმით, წლის ბოლოდან პარტია „ლელოს“ ოფისი სწორედ „თბილისი ცენტრალში“ განთავსდება:
„განთასდება იქ, სადაც ყველა გზა მოდის, ყველა მატარებელი აქ შემოდის, მგზავრები რეგიონიდან, მგზავრები საავტომობილო ტრანსპორტით. სწორედ აქ იკრიბება ჩვენი ყველა ადამიანის, ყველა მოქალაქის პრობლემა და ჩვენ თითოეულ მათგანთან გვექნება დიალოგი. ეს პარტია იქნება თქვენი პარტია, ჩვენ ერთად ეროვნული თანხმობის გაერთიანებით უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ 12 სექტემბერს დაფუძნდა.