საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ოპერის მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის მიმართ არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილის გამონათქვამს ეხმაურება.
„ვეხმაურებით აღიარებული მეცო-სოპრანოს, ქ-ნ ანიტა რაჭველიშვილის მიერ „ფეისბუკ“-სივრცეში გამოქვეყნებულ სტატუსს, რომელიც სასულიერო პირის, არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილის, მიერ მის მიმართ გამოთქმულ კომენტარს ეხება და რომელმაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია.
კატეგორიულად მიუღებელია, ეკლესიის წარმომადგენლის ენა იყოს აგრესიული და სხვისთვის ბოროტის მსურველი“, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში. მისი ინფორმაციით, მსგავსი გადაცდომები შესაბამის კომისიაზე განიხილება და ამ ფაქტსაც უახლოეს პერიოდში განიხილავენ და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.
„გვინდა გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა ქალბატონი ანიტა რაჭველიშვილის შემოქმედების მიმართ, ვუსურვებთ მას ჯანმრთელობასა და შემდგომ წარმატებებს მსოფლიოს დიდ სცენაზე“, - აცხადებს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი უარყოფს საოპერო მომღერლის ანიტა რაჭველიშვილის დაწყევლის ფაქტს და ამბობს, რომ მისი სიტყვები - „რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის“, მომღერლის „გონზე მოსვლას“ და მისი „სიმების შერხევას“ ემსახურებოდა, რათა ბოდიში მოეხადა საზოგადოებისთვის.