Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეზინფორმაციის კოორდინირებული სქემა - „სამართლიანი არჩევნები“ „ფეისბუკს“ მიმართავს


„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე თითქმის ერთი წლით ადრე „ფეისბუკზე“ უფრო მეტად იკრებს ძალას დეზინფორმაციის კამპანია, რომლის ერთ-ერთ მთავარი სამიზნე სამოქალაქო ორგანიზაციები და აქტივისტები არიან“, - ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ მომზადებულ ბლოგში.

„სამართლიანი არჩევნები“ აღნიშნავს, რომ კამპანიის უკან მდგომი ანონიმური აქტორები იყენებენ წინასწარ დამუშავებულ დეზინფორმაციულ გზავნილებს, რომელთა მიზანიც საზოგადოების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი რეაქციის გამოწვევა და შესაბამისი აქტივისტებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ ანტაგონისტური განწყობების გაღვივებაა.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ შეისწავლა ერთ-ერთი ასეთი კამპანიის ანატომია და კოორდინირებული საეჭვო ქცევის რამდენიმე სუბიექტი გამოავლინა, რომლებიც დისკრედიტაციის კამპანიას ორგანიზებულად და მაღალი კოორდინაციის პირობებში აწარმოებენ.

„სამართლიანმა არჩევნებმა“, ასევე, აღმოაჩინა, რომ ანონიმური გვერდები: „ორი გვამი უნდათ“, „იყავი და გაგეკეთებინა“, „პოლიტიკური სანაგვე“ და „პოლიტიკური იუმორი“ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული გვერდები არიან და ორგანიზებულად, ერთიანი გზავნილებით ესხმიან თავს ოპონენტებს, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს, სამოქალაქო აქტივისტებს თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

„ამ გვერდების კავშირს წარმოაჩენს მათთან დაკავშირებული „ფეისბუკ“-ჯგუფების ანალიზი. კერძოდ, ეს ჯგუფებია - „win” და „ახალი ამბები“, რომელთაც, 21 ოქტომბრის მდგომარეობით, ჯამში 439,854 გამომწერი ჰყავს“, - ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“ ბლოგში.

ორგანიზაცია მიმართავს „ფეისბუკს“, გადაამოწმოს აღნიშნული გვერდების, ჯგუფებისა და მათთან დაკავშირებული ინდივიდუალური „ფეისბუკ“-პროფილების ქცევა და პლატფორმის სტანდარტების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, გაატაროს შესაბამისი ზომები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG