Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ახვლედიანი: „კონტი“ რჩება 42%-იანი წილის მფლობელ აქციონერად


„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელი, ლევან ახვლედიანი კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ „კონტი ჯგუფი“ პროექტის რეგისტრირებულ აქციონერად რჩება.

„ჩვენ ისევ ვადასტურებთ გუშინდელ განცხადებას. ტრანზაქცია, რომელიც იყო გათვალისწინებული და უნდა დასრულებულიყო ოქტომბრის ბოლომდე, ვერ დასრულდა, შესაბამისად, „კონტი“ რჩება რეგისტრირებულ აქციონერად, 42-პროცენტიანი წილის მფლობელად. უახლოეს მომავალში ამგვარი ტრანზაქცია არ იგეგმება და დღის წესრიგში არ დგას“.

ლევან ახვლედიანის სიტყვებით, კონსორციუმი აგრძელებს სხვა ინვესტორებთან მუშაობასაც. მათ შორის, მოლაპარაკებები გრძელდება ყაზახურ ფონდ „მერიდიანთან“, ასევე, ამერიკულ საინვესტიციო ფონდთან. „უახლოეს დროში აუცილებლად ვაცნობებთ საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ Conti International-მა შეცვალა გადაწყვეტილება პროექტიდან გასვლის თაობაზე და კვლავ რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად.

თავის მხრივ, Conti International-მაც გაავრცელა იმავე დღეს ოფიციალური პრესრელიზი, რომლის თანახმადაც Conti International-ი ადასტურებდა საკუთარ განზრახვას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დატოვების სურვილის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG