არგენტინაში კვირას, 27 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ხმების 48%-ით გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა, ალიანსის „საყოველთაო ფრონტის“ წარმომადგენელმა ალბერტო ფერნანდესმა.
მოქმედ პრეზიდენტს, ლიბერალ მაურისიო მაკრის ხმა მისცა 40%-მა. მაკრიმ დამარცხება უკვე აღიარა. არგენტინის კანონმდებლობით, პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში გასამარჯვებლად საკმარისია ხმების სულ მცირე 45%.
საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ, არგენტინის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, კორუფციასა და „ფულის გათეთრებაში“ ეჭვმიტანილი კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი. მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი 2019 წლის მაისში დაიწყო. ექს-პრეზიდენტი ამჟამად სენატის დეპუტატია და საპარლამენტო იმუნიტეტი იცავს.
კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი არგენტინის პრეზიდენტი იყო 2007-2015 წლებში.