კორპორაცია „მაიკროსოფტის“ ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით სულ მცირე 16 სპორტული და ანტისადოპინგო ორგანიზაცია იქცა კიბერშეტევის ობიექტად.
16 სექტემბრიდან დაწყებული კიბერშეტევის კვალი „მაიკროსოფტის“ ექსპერტებმა აღმოაჩინეს. კონკრეტულ ორგანიზაციებს კორპორაცია არ ასახელებს.
„მაიკროსოფტის“ განმარტებით, კიბერშეტევის ორგანიზატორია Strontium-ის სახელით ცნობილი ჯგუფი, რომლის სხვა სახელწოდებებია Fancy Bear და APT28.
კორპორაციის განცხადებით, ჰაკერთა თავდასხმების უმრავლესობა წარუმატებელი იყო, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, მათ მიზანს მიაღწიეს. „მაიკროსოფტმა“უკვე გააფრთხილა ორგანიზაციები, რომლებიც კიბერდამნაშავეთა სამიზნედ იქცნენ.
„ჩვენ მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ ამ ინფორმაციის გავრცელება იმ დროს, როცა მსოფლიო ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მოლოდინშია“, - ნათქვამია კორპორაციის განცხადებაში.
Strontium-ი, იგივე Fancy Bear და APT28 რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ მართულ ჯგუფად მიიჩნევა. რამდენიმე ხნის წინ, ამერიკული გამოცემა „ნიუ-იორკ ტაიმსი“ წერდა, რომ სწორედ ჰაკერების ამ ჯგუფმა მოიპოვა და გამოაქვეყნა ზოგიერთი სპორტული ორგანიზაციის ელექტრონულ ბაზებში დაცული სამედიცინო დოკუმენტები და ელექტრონული წერილები.