Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: 28 ოქტომბრის კიბერშეტევა შესაძლოა, განხორციელებული იყოს უცხო ქვეყნიდანაც


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 28 ოქტომბრის კიბერშეტევა შესაძლოა, განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე, რომელიმე უცხო ქვეყნიდან.

„ამ ეტაპზე, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით დგინდება, რომ განხორციელდა კიბერშეტევა, რა დროსაც შეიცვალა ვებსაიტების მთავარი გვერდები - ე.წ. "დიფეისი" (Deface). დაზარალებული კომპანიების უდიდეს ნაწილს ჰოსტინგურ მომსახურებას უწევენ ქართული კერძო კომპანიები. თითოეულ ვებგვერდზე კიბერშეტევის სტილი არის იდენტური. 28 ოქტომბერს, ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიბერშეტევა განხორციელდა ქართული ტელეკომპანიების სერვერებზეც. ამ ეტაპზე, აღნიშნული კომპანიების ვებსერვერებზე მსგავსი ტიპის კიბერშეტევა არ განხორციელებულა, თუმცა ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ზუსტი გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 29 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები და მიმდინარეობს გამოკითხვა ყველა იმ პირისა, ვინც შესაძლოა, ფლობდეს გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. ასევე, ტარდება ტექნიკური მოწყობილობების დათვალიერება და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

შსს-ს განცხადებით, ვებსაიტების უმეტესობაზე წვდომა აღდგენილია და უახლოეს ხანში სრულად აღდგება სხვა საიტების ფუნქციონირებაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან და ინტენსიურად მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა.

გამოძიება მიმდინარეობს ვებსაიტებზე უნებართვო შეღწევისა და მონაცემების უნებართვოდ შეცვლის ფაქტებზე.

28 ოქტომბერს, საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა რამდენიმე ასეული სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციისა და კერძო კომპანიის ვებსაიტებზე, სადაც ჩნდებოდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო ინგლისურენოვანი წარწერით: „მე დავბრუნდები“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG