Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი აცხადებს, რომ დაიწყო ძალების გაყვანა ლუგანსკის ოლქის ქალაქ ზოლოტოედან


ვადიმ პრისტაიკო, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი
ვადიმ პრისტაიკო, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვადიმ პრისტაიკო აცხადებს, რომ 29 ოქტომბერს დაიწყო ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის დაშორიშორების პროცესი ლუგანსკის ოლქის ქალაქ ზოლოტოედან, რაც
„ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტის გამართვისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, დაშორიშორების პროცესს თვალს ადევნებენ ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. ზოლოტოეს შემდეგ, თუ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შენარჩუნდება მოწინააღმდეგის მხრიდან, ძალთა დაშორიშორების პროცესი უკრაინის მხრიდან გაგრძელდება კიდევ ერთ სადავო ქალაქ პეტროვსკოეში.

ზოლოტოედან და პეტროვსკოედან ძალთა დაშორიშორების შემდეგ, პროცესი გამყოფი ხაზის რამდენიმე პუნქტში იგეგმება, მათ შორის - ბოგდანოვკის რაიონში.

პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მხრიდან ძალთა დაშორიშორების პროცესს თვალს მიადევნებენ ასევე ეუთოს წარმომადგენელები. თუმცა უცნობია, თუ ვინ იქნება მათ გარდა პასუხისმგებელი გაკონტროლებაზე.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა ზოლოტოეში მიმდინარე პროცესზე:

„დაშორიშორება ხორციელდება მონაკვეთზე, სადაც შვიდი დღის განმავლობაში არ ყოფილა სროლა. ამას ჩვენი მონაცემებიც ადასტურებს და ეუთოსიც. ყველა მონაცემი. ეს კატერინოვკაშია, იქ ვიყავი, ყველაფერი წყნარადაა. ჩვენ ყველაფერს ვაკონტროლებთ. ყველაფერი წყნარად იქნება“.

ზოლოტოედან უკრაინული არმიის ქვედანაყოფის შესაძლო გაყვანის პროცესს ოქტომბრის დასაწყისში დაუპირისპირდნენ გასამხედროებული ორგანიზაციები „ნაციონალური კორპუსი“ და „უკრაინის მოხალისეთა არმია“. ისინი აცხადებენ, რომ მზად არიან დაიცვან დასახლებული პუნქტები უკრაინის არმიის გასვლის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG