Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაზარაძე ივანიშვილის ინიციატივაზე: კეთილშობილებით შენიღბული რეკეტის ნიშნების შემცველი განცხადება


მამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე

„დღეს ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა ქალაქ წყალტუბოს 22 სასტუმრო და 9 სამკურნალო აბანო გამოისყიდოს 27 კერძო ინვესტორისგან. ეს არის კეთილშობილებით შენიღბული რეკეტის ნიშნების შემცველი საჯარო განცხადება და ამის ავტორი არის ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი“, - წერს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ფეისბუკის გვერდზე.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ეს არის ქვეყნის მითვისების პროცესის გაგრძელება, რომელიც ივანიშვილმა უკვე განახორციელა პროკურატურაში, სასამართლოში, სახელმწიფო ინსტიტუტებში, ხოლო ახლა რუსეთში ნაშოვნი გაურკვეველი წარმოშობისა და პანამის ოფშორული კომპანიიდან შემოსული ფულით განაგრძობს უკვე კერძო სტრუქტურების ნგრევასა და ჯიბეში ჩადებას“.

.
„ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სტილი ნიშნავს არარსებულ საინვესტიციო გარემოს ქვეყანაში, მაშინ, როდესაც სახეზეა უცხოური ინვესტიციების 54 %-ით ვარდნა, მაშინ, როდესაც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პროექტიდან გადიან უმსხვილესი უცხოელი ინვესტორები“, - წერს მამუკა ხაზარაძე.

მისი სიტყვებით, არცერთი ქვეყანა ასე არ განვითარებულა და არც საქართველო განვითარდება ამგვარად.

„ბიძინა ივანიშვილის მმართვის სტილი ნიშნავს სუსტ სახელმწიფოს, სუსტ ეკონომიკას, არაჯანსაღ საინვესტიციო გარემოს, არც ისე შორეულ მომავალში კიდევ უფრო დიდ ტრაგედიას - უკიდურეს სიღარიბესა და ტოტალურ უმუშევრობას.
ხომ არ ჯობდა ბიძინა ივანიშვილისთვის მიგვეყიდა სახელმწიფო წიაღისეული, რკინიგზა, ტბები, მდინარეები, ტყეები, შავი ზღვის აკვატორია, ყველა ქონება, რათა მან წარმატებულად დაასრულოს ქვეყნის სრული მისაკუთრება-მიტაცების პროცესი.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - ამის უფლებას არ მოგცემთ! ეს უნდა დასრულდეს! ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია უნდა ჩამოშორდეს ქართულ სახელმწიფოს მართვის სადავეებს!“ - წერს მამუკა ხაზარაძე.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რადგან სახელმწიფოს არ აქვს რესურსი, გადაწყვიტა, თავად ჩაუდგეს სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს, გამოისყიდოს უკლებლივ ყველა - 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოახდინოს მათი სრული რეაბილიტაცია. ამასთან, ივანიშვილის თქმით, წყალტუბოს განვითარების პროექტზე მისი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი და „მაქსიმალური ფასი იქნება თვითღირებულება“. გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, მზად არის, „პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა თუ დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში ჩაშვება, გაასხვისოს ობიექტები ნებისმიერ ინვესტორზე, რათა შემდგომში მან გააგრძელოს წარმატებული ოპერირება“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროში განუმარტეს, წყალტუბოში არსებული 22 სასტუმროდან სამინისტროს ბალანსზე 15-ია. უწყებაში არ ფლობენ ინფორმაციას, დანარჩენი 7 სასტუმრო კერძო საკუთრებაა თუ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG