Accessibility links

ავტომანქანის პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10-დან 50 ლარამდე გაიზარდა


ავტომანქანის პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10-დან 50 ლარამდე გაიზარდა. ეს ცვლილება, თბილისის მერის თანახმად, გუშინ, 29 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა. ცვლილებაზე კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ჯარიმის ოდენობის გაზრდის კანონპროექტი პარლამენტს თბილისის მერიამ წარუდგინა:

„პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმის გაზრდის განმაპირობებელი ფაქტორი სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება და ის გარემოებაა, რომ ქალაქში უკვე მოქმედებს ზონალურ საათობრივი პარკირება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მან განმარტა, რომ შეიცვალა ასევე ჯარიმის გადახდის წესიც:

„აქამდე მხოლოდ ფოსტით ეგზავნებოდა სამართალდარღვევის ოქმი ადრესატს, ახლა თუ ფოსტით ვერ მოხდება ოქმის მიწოდება და ჩაბარება, იგი გამოქვეყნდება სპეციალურ ვებგვერდზე, რომლის მისამართია Tb.ge. ეს არის ჯარიმის ჩაბარებისა და გამოქვეყნების სწორედ ის მოდელი, რომელსაც იყენებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის გამოწერიდან 10 დღის განმავლობაში დაჯარიმებული პირი შევა ვებგვერდზე, ის მიიღებს 20-პროცენტიან ფასდაკლებას და მას არ მოუწევს ჯარიმის თანხის სრულად გადახდა“, - აღნიშნა თბილისის მთავრობის სხდომის დაწყების წინ კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, ზონალურ-საათობრივი პარკირება თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია. რეგულაციების თანახმად, ადგილობრივი მოსახლეობისა და შშმ პირებისთვის ავტომობილების გაჩერება არის უფასო, სტუმრისთვის - 15 წუთი ასევე უფასო, შემდეგ კი, საათი - 1 ლარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG