Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფიამ რუსეთის ჯაშუშობაში დადანაშაულებულ პირს 24 საათი მისცა ბულგარეთიდან წასასვლელად


რუსეთის საელჩო სოფიაში
რუსეთის საელჩო სოფიაში

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯაშუშობაში დადანაშაულებულ რუს დიპლომატს 24 საათი მისცა ბულგარეთის დასატოვებლად, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ რუსეთმა არ დააკმაყოფილა მისი თხოვნა ამ პირის 28 ოქტომბრამდე გაწვევის შესახებ.

პირველ ეტაპზე სამინისტრომ გამოაცხადა, რომ სოფიაში განთავსებული რუსეთის საელჩოს ცხრა პირველი მდივნიდან ერთ-ერთმა ბულგარეთი 28 ოქტომბერს დატოვა. რუსეთის საელჩომ 30 ოქტომბერს დაადასტურა წერილის მიღება, რომელშიც რუსეთის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირი "პერსონა ნონ გრატად" იყო გამოცხადებული და რომლის თანახმადაც, მას ბულგარეთი 24 საათში უნდა დაეტოვებინა. რუსეთის საელჩო ამბობს, რომ მისი თანამშრომელი ამ ვადას დაიცავს.

მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ თქვა, რომ რუსეთი პასუხს გასცემს მისი საელჩოს თანამშრომლის ბულგარეთიდან გაძევებას.

პირის სახელი არ გაუმჟღავნებია არც ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, არც სოფიაში გენერალური პროკურორის ოფისს და არც რუსეთის საელჩოს. რუსეთის საელჩოს თანამშრომლის წინააღმდეგ წინასასამართლო პროცედურები 28 ოქტომბერს შეწყდა იმ საფუძველზე, რომ ეჭვმიტანილს დიპლომატიური იმუნიტეტი იცავდა.

გავრცელებული ცნობებით, ეჭვმიტანილი საიდუმლო შეხვედრებს მართავდა ბულგარეთის მაღალჩინოსნებთან და ერთ-ერთ შეხვედრაზე მისთვის ხელმისაწვდომი გახდა საიდუმლო ინფორმაცია ბულგარეთის, ნატოსა და ევროკავშირის საქმეებზე. ბულგარეთის გენერალური პროკურორის ოფისი ამბობს, რომ ეჭვმიტანილი ამ ინფორმაციის უცხო ქვეყნისთვის გადაცემას გეგმავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG