Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევროპული საქართველო" პრეზიდენტის შეწყალების აქტზე საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს


ოთარ კახიძე, ირმა ნადირაშვილი
ოთარ კახიძე, ირმა ნადირაშვილი

პრეზიდენტის მიერ პატიმართა შეწყალების საქმეში არსებული შესაძლო კორუფციული სქემის შესწავლის მიზნით, „ევროპული საქართველო“ დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს.

დღეს, 30 ოქტომბერს, ბრიფინგზე დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურაში გამოძიების დაწყებიდან ერთი თვის თავზე შუალედური ინფორმაცია საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ არ არსებობს, არც პრეზიდენტი დაკითხულა.

ამიტომ „ევროპული საქართველო“ ითხოვს, საკითხმა განსახილველად პარლამენტში გადაინაცვლოს:

„სამწუხაროდ, ჩვენი ეჭვი გამართლდა, რომ თავის დროზე პროკურატურამ საქმე აღძრა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ საზოგადოებაში ატყდა ხმაური და მათ არ უნდათ ფაქტების გამოძიება. მათ უნდოდათ ამ ხმაურის და აურზაურის ჩახშობა და, სამწუხაროდ, ეს არის ალბათ მორიგი საქმე, რომელზეც პროკურატურა ფიქრობს, რომ დადებენ თაროზე და წლების განმავლობაში გვეტყვიან, რომ მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ, ცხადია, ამის საშუალებას არ მივცემთ არც პროკურატურას და არც ქართულ ოცნებას, საპარლამენტო უმრავლესობას“, - აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა. მან საპარლამენტო უმრავლესობას კომისიის შექმნის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„განცხადებები, რომლებიც გვესმოდა საპარლამენტო ტრიბუნიდან, რა ცუდად მოიქცა პრეზიდენტი, რა ცუდად მოიქცა მისი ადმინისტრაცია, მოითხოვს გამყარებას საქმით. ანუ მხარდაჭერა სჭირდება საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან. წინააღმდეგ შემთხევაში ეს იქნება უბრალოდ პოლიტიკური კეკლუცობა მათი მხრიდან და გამოჩნდება, რომ საზოგადოებრივი აზრის ზეწოლის ქვეშ იყო ეს პოზიციები გამოთქმული“, - აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.

„ევროპულმა საქართველომ“ პრეზიდენტის შეწყალების აქტში შესაძლო კორუფციული სქემების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის დადგენილების პროექტი პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა.

გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG