Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილმა შეწყალების წესის პროექტი განიხილა თალაკვაძესთან და წულუკიანთან


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეწყალების ახალი წესის შემუშავებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს და ვიცე-პრემიერს, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს შეხვდა, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა თქვა, ადმინისტრაციაში „შეწყალების წესის შესახებ" პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი შემუშავდა, რომელიც შესაბამისი რეკომენდაციებისთვის საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა.

„აღნიშნულ საკითხზე დღეს ძალიან საინტერესო მოსაზრებები მოვისმინე იუსტიციის მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარისაგან. არანაირი სირთულე არ არსებობს და იმედი მაქვს, რომ ჩემს ადმინისტრაციაში ბრძანებულების ტექსტის რედაქტირება ძალიან მალე დასრულდება იმ პრინციპების გათვალისწინებით, რომელზეც შევთანხმდით და რომელიც ჩემთვის სრულიად მისაღებია, იმისათვის, რომ დროულად გამოიცეს პრეზიდენტის ახალი ბრძანებულება“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პრეზიდენტს ესაუბრა შეწყალების კრიტერიუმებისა და პრინციპების შესახებ.

„მიგვაჩნია, რომ შეწყალების გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იყოს დანაშაულის ხასიათი და სოციალური რისკი“, - განაცხადა საქართველოს არჩილ თალაკვაძემ.

იუსტიციის მინისტრი მიიჩნევს, რომ შეწყალებისას მხედველობაში უნდა იყოს მიღებული, გარეთ გამოსული ადამიანი რამდენადაა რისკის შემცველი საზოგადოებისათვის და ხომ არ ჩაიდენს ის თავიდან დანაშაულს.

„ჩვენი ამოსავალი პრინციპია პატიმრის შეწყალება, მაგრამ ასევე საზოგადოების დანაშაულისაგან დაცვა. ჩვენ დაველოდებით პრეზიდენტის ბრძანებულების გამოცემას, იმისათვის, რომ პატიმრებს, პრობაციონერებსა და მსჯავრდებულებს შეწყალების პროცედურებთან დაკავშირებით უფრო მეტი განჭვრეტადობა ჰქონდეთ“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი 18 სექტემბერს გამოაცხადა.

საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემულ შეწყლების აქტს. შეწყალებულთა შორის მკვლელობაში მსჯვარდებული 3 პირი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG