რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კვლავ ადანაშაულებს დაძაბულობის ესკალაციაში.
დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, ჯავის რაიონის სოფელ სინაგურის მახლობლად 28 ოქტომბრიდან განახლდა ქართული პოლიციის საგუშაგოს მშენებლობა, რომელიც მანამდე შეჩერებული იყო. საუბარია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევზე.
დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი აცხადებს, რომ ეს საგუშაგო სულ 50 მეტრითაა დაშორებული „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრიდან“.
„ქართული მხარე საკუთარი შეიარაღებული ფორმირებების უკან დახევის, უკანონო სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტის და დაძაბულობის დეესკალაციის ნაცვლად განაგრძობს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სასაზღვრო ზონაში ძალების გაზრდას, რითიც უსაფრთხოებას დამატებით საფრთხეს უქმნის. ოფიციალური თბილისის პროვოკაციულ ნაბიჯებზე უშიშროების კომიტეტმა ცხელი ხაზით აცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას“, - ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ 30 ოქტომბერს, საღამოს გავრცელებულ განცხადებაში.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ასეთივე შინაარსის განცხადება გაავრცელა აგვისტოს ბოლოსაც, სექტემბრის დასაწყისში კი, დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი ალან ტადტაევი სინაგურში ჩავიდა და სიტუაციის გაცნობის შემდეგ, ოსურ მედიასაშუალებებს უთხრა, რომ ქართული პოლიციის საგუშაგოს მშენებლობა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.
სექტემბრის დასაწყისში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ პერევში მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები პოლიციის უკვე არსებული საგუშაგოს რამდენიმე ასეული მეტრით გადასატანად, „რაც განპირობებულია იმით, რომ ამ მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა მოქალაქეებისთვის ხდება მხოლოდ ქვეითად და რამდენიმე ასეული მეტრით საფეხმავლო მანძილის შემცირება მათთვის იქნება არსებითი შეღავათი“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობითვე, ამ სამუშაოების შესახებ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ყველა მონაწილის ინფორმირება მოხდა ჯერ კიდევ 2018 წლის მაისში და ამის შემდეგაც საუბარი რამდენჯერმე იყო ამავე ფორმატით.
პერევში ქართული პოლიციის საგუშაგოს მშენებლობის გაპროტესტებამდე, აგვისტოს ბოლოს, დე ფაქტო ხელისუფლებამ პროტესტი გამოთქვა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს მშენებლობის გამო და მისი აღება მოითხოვა. უარის შემდეგ, დე ფაქტო ხელისუფლებამ ორი ე.წ. სასაზღვრო საგუშაგო განათავსა ჩორჩანასთან მოსაზღვრე სოფელ წნელისის მახლობლად, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე და ე.წ. სასაზღვრო გადასასვლელები დაკეტა ახალგორის და საჩხერის რაიონებთან.