Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიტროპოლიტი დანიელი: გადავწყვიტეთ მიტროპოლიტი პეტრე მოსანანიებლად მონასტერში გაიგზავნოს


ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის 31 ოქტომბრის სხდომის მდივნის, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის დანიელის განმარტებით, სინოდმა ჭყონდიდელი მიტროპოლიტის პეტრეს მიმართ შემდეგი გადაწყვეტილება გამოიტანა:

„ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობიდან, აეკრძალოს მღვდელმსახურება, გათავისუფლდეს წმინდა სინოდის წევრობიდან და გაიგზავნოს მონასტერში მოსანანიებლად“, - უთხრა მიტროპოლიტმა დანიელმა ტელეკომპანია „ერთსულოვნებას“. მისი განმარტებით, გადაწყვეტილების მიღებამდე წმინდა სინოდმა ერთხმად მიმართა ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრეს, რომ მას პატრიარქის არაერთგზის შეურაცხყოფის, დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და ხშირი ცილისწამებების გამო სინანული გამოეთქვა. მიტროპოლიტი დანიელი ამბობს, რომ ამ წინადადებაზე მიტროპოლიტმა პეტრემ უარი განაცხადა და ეკლესიას კვლავ მხილებით დაემუქრა.

ტელეკომპანია „ ერთსულოვნებასთან“ კომენტარში ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი ამბობს, რომ მეორე უმთავრესი საკითხი, რაც წმინდა სინოდის სხდომამ დაადგინა, არის დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე პრეზიდენტისადმი საპატრიარქოს შუამდგომლობა:

„სინოდმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ აღძრას შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან მისი შეწყალების საკითხზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ოჯახის რთული მდგომარეობის გათვალისწინების გამო“, - უთხრა "ერთსულოვნებას" მიტროპოლიტმა დანიელმა. მისი თქმით, სინოდის დადგენილება განჩინებაში აისახება.

31 ოქტომბრის სინოდის სხდომა მის დასრულებამდე დატოვა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ, რომელმაც განაცხადა, რომ პატრიარქმა მღვდელმთვრობიდან გადააყენა. პეტრემ გადაწყვეტილებას უსამართლი უწოდა და მიზეზად დაასახელა მის მიერ ეკლესიაში "მამათმავლობის მხილება".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG