საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს სხდომა უახლოეს მომავალში ანკარაში გაიმართება, - ამაზე 31 ოქტომბერს, ანკარაში პირისპირ შეხვედრისას შეთანხმდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასევე, გადაწყდა, რომ ნოემბერში, მინისტრების დონეზე ჩატარდება ორი ქვეყნის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომა.
გიორგი გახარიამ და რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განიხილეს ენერგეტიკისა და ლოგისტიკის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის მიმდინარეობა, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა.
პრემიერ-მინისტრის პრსსამსახურის ცნობით, ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. პრეზიდენტმა ერდოანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი თურქეთის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა.
გიორგი გახარიამ რეჯეპ ტაიპ ერდოანი საქართველოში მიიწვია. თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი გაზაფხულზე შედგება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთს ოფიციალური ვიზიტით 31 ოქტომბერს ეწვია.