Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭყონდიდის ეპარქიაში დროებით მმართველს ელოდებიან


ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მმართველი პეტრე ცაავა
ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მმართველი პეტრე ცაავა

სინოდის მიერ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობისგან გათავისუფლებული მეუფე პეტრე მარტვილიდან სოფელ სალხინოში ჩავიდა. მარტვილიდან გამგზავრებამდე მედიას განუმარტა, რომ სალხინოში მდებარე, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა გიმნაზია-პანსიონის აღსაზრდელებმა დასამშვიდობებლად მისვლა სთხოვეს.

ჟურნალისტების შეკითხვას, დაბრუნდება თუ არა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველის რეზიდენციაში, სადაც დღეს დროებითი მმართველი, მეუფე გრიგოლი უნდა ჩავიდეს, მეუფე პეტრემ უპასუხა: „დიახ, რა თქმა უნდა“. მისივე თქმით „მეუფე (გრიგოლი) მოდის დავალებით“. მედია დაინტერესდა, რას ეტყვის მეუფე გრიგოლს, რაზეც მეუფე პეტრემ მხოლოდ ის უპასუხა, რომ „ყველაფერი კარგად იქნება“.

მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობისგან 31 ოქტომბერს გათავისუფლდა. სინოდის განჩინებით, „მიტროპოლიტ პეტრეს, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე (სადაც ნათქვამია, რომ მკაცრად ისჯება სასულიერო დასის წევრი (კლერიკოსი),[1] რომელიც შეურაცხყოფს საკუთარ ეპისკოპოსს) აეკრძალოს მღვდელმოქმედება, განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან და გამწესებულ იქნას მონასტერში მოსანანიებლად“.

სინოდის გადაწყვეტილებითვე, ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დაინიშნა წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია).

სინოდის სხდომა დასრულებამდე დატოვა მეუფე პეტრემ. „წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ, მე მიმაჩნია, რომ უსამართლოდ განმაყენა მღვდელმთავრობიდან. მე ვფიქრობ, მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის მხილება, მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილება“, - განაცხადა მეუფე პეტრემ. ჟურნალისტების შეკითხვას, ვინ ამხილა, უპასუხა, რომ სინოდის თავმჯდომარე.

ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირები აცხადებენ, რომ დროებით მმართველს, მეუფე გრიგოლს არ მიიღებენ.

XS
SM
MD
LG