მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ სახელით, განცხადებით გამოეხმაურა სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს და აღნიშნა, რომ ეკლესიამ თავად უნდა გადაწყვიტოს მის წიაღში არსებული პრობლემები, მას, როგორც ინსტიტუციას, ამ თვალსაზრისით დაცვა სჭირდება.
მამუკა ხაზარაძის თქმით, „მავანთა გეოპოლიტიკური თამაშები თუ ბანალური ანგარება, ეკლესიის შიგნით მავანთა ფსევდორევოლუციური შემართება თუ ხელისუფლების აშკარა ჩარევა ეკლესიაზე დაპატრონების მიზნით, ძალიან მძიმედ შეიძლება შემოუბრუნდეს მთელს ქვეყანას და მის მომავალს“.
განცხადების თანახამად, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია რთულ პერიოდში ადამიანებს იმედის და ერთიანობის განცდას უნერგავდა, თავად ეკლესიაში არსებული სირთულეების ფონზეც კი მას უფრთხილდებოდნენ, როგორც „ქვეყნის არსებობის ქვაკუთხედს“.
„ყველა, ვინც დღეს ეკლესიას ანგრევს, ყველა, ვინც ცდილობს, რომ ნებით თუ უნებლიეთ, ან დაამციროს, ან პოლიტიკურ იარაღად აქციოს, ჩვენს ქვეყანას უქმნის საფრთხეს. ეს უდიდესი პასუხისმგებლობა კარგად უნდა გაიაზროს ყველამ, ეკლესიის შიგნითაც და მის გარეთაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, მავანთა გეოპოლიტიკური თამაშები თუ ბანალური ანგარება, ეკლესიის შიგნით მავანთა ფსევდორევოლუციური შემართება თუ ხელისუფლების აშკარა ჩარევა ეკლესიაზე დაპატრონების მიზნით, ძალიან მძიმედ შეიძლება შემოუბრუნდეს მთელ ქვეყანას და მის მომავალს“, - ნათვქამია მამუკა ხაზარაძის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში.
განცხადების თანახმადაც, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ინსტიტუტების ნგრევისა და მითვისების მიზანმიმართული პოლიტიკა.
„ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, დავიოკოთ ვნებები და ყველამ ერთად მოვძებნოთ გამოსავალი ამ სიტუაციაში. ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ, დღეს ამ მდგომარეობიდან მხოლოდ მშვიდი, გონივრული დამოკიდებულება და ერთმანეთში კეთილი საწყისის არსებობის რწმენა თუ გადაგვარჩენს.
აქვე მინდა განვაცხადო, რომ ეკლესიამ თავად უნდა გადაწყვიტოს მის წიაღში არსებული პრობლემები, ამისთვის მას, როგორც ინსტიტუციას სჭირდება დაცვა. ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ამ რთულ ვითარებაში. ვუსურვებთ მას სიმხნევეს და ჯანმრთელობას“, - ნათქვამია მამუკა ხაზარაძის განცხადებაში.
31 ოქტომბერს სინოდის სხდომა მის დასრულებამდე დატოვა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ, რომელმაც განაცხადა, რომ პატრიარქმა მღვდელმთვრობიდან გადააყენა. პეტრემ გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდა და მიზეზად მის მიერ ეკლესიაში „მამათმავლობის მხილება“ დაასახელა.