გლდანის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ, ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა მედიას სინოდის განჩინების შესახებ მისი პოზიცია გაცნო.
„დეკანოზი გიორგი მამალაძე მადლობს სულიწმინდა ღმერთს, რომელმაც მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს მიაღებინა შეწყალების გადაწყვეტილება“, - წაიკითხა ადვოკატმა დეკანოზის წერილიდან.
როგორც ადვოკატი ამბობს, დეკანოზი იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი და ხელისუფლება ყველაფერს იღონებენ შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად.
ამასთან, დეკანოზი იმედს გამოთქვამს, რომ საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ მას ექნება საშუალება, გამოხატოს საკუთარი პოზიცია მთელი რიგი საკითხების შესახებ.
მსჯავრდებული სასულიერო პირი სინოდის 31 ოქტომბრის სხდომის განჩინებასაც აფასებს. ადვოკატის თქმით, დეკანოზისთვის სინოდის სხდომაზე და მის შემდგომ განვითარებული მოვლენები, რომელიც დაკავშირებულია მიტროპოლიტ პეტრესთან, უაღრესად მძიმეა.
„დეკანოზი იმედოვნებს, რომ ნათელი ქრისტესი გაგვანათლებს ყოველთა“, - კითხულობს იურისტი დეკანოზის წერილიდან. ადვოკატის თქმით, მისთვის უცნობია, რა საკითხების შესახებ სურს გიორგი მამალაძეს საუბარი.
როგორც მიხეილ რამიშვილი აღნიშნავს, კვლავ მძიმეა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა: „მარჯვენა ხელ-ფეხი ისევ და ისევ წართმეული აქვს“. სხვა პირობებში სჭირდება მას მკურნალობა.
31 ოქტომბერს სინოდმა განაჩინა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება, გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე, მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით.