Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა 


ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად რვა მეწყრული კერა გამოვლინდა. მიწის მასა ჩამოწვა გზებზე და ასევე საცხოვრებელ სახლებთან. მეწყერმა სოფლების - ზედა და ქვედა აჭყვას დამაკავშირებელი გზა ჩახერგა.

ჩამოწოლილმა მიწამ გადაადგილება შეზღუდა სოფელ ჩაისუბანთან დამაკავშირებელ გზაზე. მიწის მასისგან გზის გაწმენდაზე მუშაობენ საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები შესაბამისი ტექნიკით. გადაადგილების პრობლემა მეწყერმა სოფელ სახალვაშოშიც შექმნა. ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის გზა გაწმენდილია და მოძრაობა აღდგა.

საცხოვრებელ სახლებთან კი მეწყერი ჩამოწვა სოფლებში გორგაძეებში, კვირიკესა და აჭყვისთავში. ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ინტენსიური საფრთხე ოჯახებს არ ემუქრება, თუმცა თავის დაზღვევისთვის მერიამ ისინი უსაფრთხო საცხოვრებელ ადგილას გაიყვანა.

„სპეციალური გეოლოგიური სამსახური იქნება მივლინებული ადგილზე, შეისწავლის და შეაფასებს სიტუაციას. მათი ყველა მითითებული რეკომენდაცია სტიქიის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით იქნება გათვალისწინებული. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსად არ არის ისეთი შემთხვევა, რომელიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ადამიანის სიცოცხლეს“, - აცხადებ მირიან ქათამაძე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, მერიაში მუშაობს სტიქიასთან ბრძოლის სპეციალური შტაბი, სადაც ყველა მუნიციპალური სამსახურია ჩართული. მდინარე აჭღვაში ძლიერი წვიმის შემდეგ წყლის დონის აწევის გამო, ქალაქ ქობულეთის რამდენიმე ქუჩაზე ეზოები დაიტბორა. ამ დროისთვის მდინარეში წყლის დონე დაწეულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG