Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის საარჩევნო შტაბში ჯერ კიდევ 2016 წელს ადანაშაულებდნენ უკრაინას დემოკრატების სერვერის გატეხვაში


პოლ მანაფორტი
პოლ მანაფორტი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელმა, პოლ მანაფორტმა ჯერ კიდევ 2016 წლის ზაფხულში წამოაყენა იდეა დემოკრატიული პარტიის მმართველი ორგანოს სერვერის გატეხვაში არა რუსეთის, არამედ უკრაინის დადანაშაულების თაობაზე.

ამის შესახებ საუბარია იმ დოკუმენტებში, რომლებიც აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ 2 ნოემბერს გამოაქვეყნა.

იუსტიციის სამინისტრომ გაასაჯაროვა ხუთასი გვერდი, რომელიც შედგება რუსეთის მიერ 2016 წლის საარჩევნო კამპანიაში შესაძლო ჩარევის შესახებ ყოფილ სპეცპროკურორ რობერტ მიულერის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში არსებული ინტერვიუების, ელექტრონული მიმოწერისა და სხვა დოკუმენტებიდან აღებული ნაწყვეტებისგან.

აღნიშნული ნაბიჯი მოჰყვა BuzzFeed News-ისა და CNN-ის სარჩელზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

2 ნოემბერს გამოქვეყნებული დოკუმენტები ცხადყოფს, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის თავმჯდომარის მოადგილემ, გოდ გეიტსმა, პოლ მანაფორტის ამ თეორიის შესახებ გამოძიების ფედერალურ ბიუროს აცნობა მიულერის მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში.

ახალი დოკუმენტები ადასტურებენ, რომ ტრამპის გუნდში და მის გარშემო დემოკრატიული პარტიის დოკუმენტების გაჟონვაში უკრაინის როლის შესახებ მცდარ თეორიას უფრო ადრე განიხილავდნენ, ვიდრე ეს მანამდე იყო ცნობილი.

აპრილში გამოქვეყნებულ ანგარიშში, მიულერი მივიდა დასკვნამდე, რომ რუსეთი „ფართო და სისტემატურ“ ძალისხმევას მიმართავდა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მიზნით, დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობისგან მოპარული ელექტრონული წერილების გამოყენებით.

მოსკოვი გამუდმებით უარყოფს თავის ჩარევას საზღვარგარეთის ქვეყნებში მიმდინარე საარჩევნო პროცესებში.

იუსტიციის სამინისტროს მიერ ამ დოკუმენტების გამოქვეყნების ფონია აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ გასულ კვირაში მიღებული ზომა, რომელიც შემდეგი ნაბიჯებისთვის ამზადებს ნიადაგს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში.

იმპიჩმენტის მოკვლევის ყურადღების ცენტრშია ტრამპის სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელიც ივლისის ბოლოს გაიმართა. გამოძიება მიმდინარეობს იმაზე, ცდილობდა თუ არა ტრამპი ზელენსკიზე ზეწოლას, რომ ამ უკანასკნელს გამოეძიებინა ტრამპის მთავარი პოლიტიკური მეტოქის, დემოკრატ ჯო ბაიდენის ვაჟის საქმიანობა უკრაინაში. ტრამპი უარყოფს მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG