სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა სოფელ მირზაანში მერის წარმომადგენლის შვილის დაჭრაში ბრალდებულს.
პაატა მაჭარაშვილს 10 000 ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ. პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.
მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილის წინაშე დაცვის მხარემ თანასოფლელთა თავდებობის წერილი და 800 ხელმოწერა წარადგინა.
მხარეების ინფორმაციით, შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში 1 ნოემბერს მოხდა. მირზაანში მერის წარმომადგენლის შვილს კობა თარაშვილსა და ფერმერ პაატა მაჭარაშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება 2 ტომარა ხორბლის გამო დაიწყო.
დაჭრილის მამის კობა თარაშვილის თქმით, დაპირისპირება უკავშირდებოდა ხორბლის ხარისხს და ფასს.
დაჭრაში ბრალდებულის ახლობლები კი ამბობენ, რომ კობა თარაშვილის შვილს ფერმერისთვის ხორბლის „ქურდულად ახევა“ სურდა, რის შედეგადაც მაჭარაშვილმა 31 წლის კობა თარაშვილი სანადირო თოფით დაჭრა. თარაშვილი მხარში დაიჭრა. ის ამ დრომდე საავადმყოფოში მკურნალობს.
შსს-ს მასალების მიხედვით, თოფი ნივთმტკიცების სახით ამოღებულია.
შსს გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით აწარმოებდა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.