Accessibility links

ახალი ამბები

ჯაღმაიძის თქმით, გეი წყვილის სიყვარულზე ფილმი ქართული ფასეულობების დაკნინების მცდელობაა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ტვ პირველის“ ეთერში ილაპარაკა ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) დაგეგმილი კინოჩვენების შესახებ.

„უახლოეს მომავალში ალბათ ეკლესიის წინააღმდეგ კვლავ ატყდება ისტერია იმის გამო, რომ ვიცით, რამდენიმე კინოთეატრში უნდა გავიდეს ფილმი, რომელიც გადაიღეს გეი წყვილის სიყვარულზე, რომელიც ქართული ფასეულობების, ქრისტიანული ფასეულობების კიდევ ერთი დაკნინების მცდელობა არის ჩვენს საზოგადოებაში. ამაზე ეკლესია გამოთქვამს ძალიან დიდ პროტესტს. ეს ალბათ გახდება მიზეზი, ეკლესიაზე კიდევ ახალი შეტევებისა. ამას იმიტომ ვამბობ მე, რომ ზოგადად, ეკლესიას სულ აქვს საბრძოლველი", - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.

„ქართული მარშის" ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ 4 ნოემბერს, უკვე მეორედ და სპეციალურად ამ თემაზე გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ არ დაუშვებს ოსკარზე წარდგენილი ქართულ-შვედურ-ფრანგული ფილმის, „And then we danced“ ჩვენებას საქართველოს კინოთეატრებში. პრესკონფერენციაზე მან დახმარებისთვის საქართველოს საპატრიარქოსაც მიმართა და ამ თემაზე მკაფიო აზრის გამოხატვისკენ მოუწოდა.

როგორც სანდრო ბრეგაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, „ქართული მარში“ 8 ნოემბერს კინოთეატრ „ამირანთან“ იქნება მობილიზებული.

ფილმის ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში მხოლოდ სამი დღით, 8,9 და 10 ნოემბერს გაიმართება. პირველ ჩვენებამდე 4 დღით ადრე ყველა ბილეთი გაყიდულია. ბილეთების ზუსტი რაოდენობა არ კონკრეტდება - საუბარია რამდენიმე ათას მაყურებელზე თბილისსა და ბათუმში.

ყველა ახალი ამბავი

ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე პატიმრობა შეეფარდა

შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, ბუტა რობაქიძის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა.

რაც შეეხება ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მისი წინასასამართლო პროცესის თარიღი განისაზღვრა.

ირაკლი ოქრუაშვილისთვის სახელმწიფო ბრალდება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ ოქრუაშვილის მიმართ აღკვეთის არცერთი ღონისძიება არ უნდა იყოს გამოყენებული.

ზურაბ ადეიშვილის ადვოკატის, სულხან კომახიძის განცხადებით, ადეიშვილის მიმართ დევნის დაწყების სტანდარტი არ არსებობს და არც წინასასამართლო სხდომის თარიღი უნდა დანიშნულიყო.

აღნიშნულ საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 9 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმის პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ თუ ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე 24 ნოემბრამდე ბრალს არ წაუყენებდნენ, ამას მოგვიანებით ვეღარ გააკეთებდნენ.

კოტრიკაძის თქმით, ხანდაზმულობის ვადა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას ეწურებოდა და არა საქმის განხილვას.

„გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ამ საქმეზე სასამართლო განხილვა ვერ გაგრძელდება. ეს სწორი არ არის. აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობაზე და არა საქმის განხილვის ხანდაზმულობაზე. თუ ირაკლი ოქრუაშვილს 24 ნოემბრამდე ვერ წავუყენებდით ბრალს, შემდეგ ვერასდროს წავუყენებდით. შესაბამისად, დევნა დაწყებულია და სასამართლოს განხილვას ხელს არაფერი უშლის. ოქრუაშვილს ბრალი გავაცანით, ხელს მოაწერს თუ არა, ეს მისი უფლებაა“, - განაცხადა კოტრიკაძემ.

ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ახალი ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენეს. ორივე მათგანს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით.

ვოლსკი: ვალდებული ვართ, ახალგაზრდებს შევახსენოთ ფაქტები "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობიდან

გია ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ დღეს, 22 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას, ძირითადად კი ახალგაზრდებს, შეახსენა „ისტორიული ფაქტები“ იმის შესახებ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ პროპორციული საარჩევნო სისტემის მიმართ.

„პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების სისტემის შეცვლის გარდა, ყველა საკითხზე შესაძლებელია მოლაპარაკებები მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის, საარჩევნო რეფორმაზე დაწყებული კონსულტაციების ფარგლებში, მაჟორიტარული არჩევნების სისტემის შეცვლის გარდა“, - ეს სიტყვები არ ეკუთვნით ჩვენს იმ კოლეგებს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს პროპორციულ საარჩევნო წესზე გადასვლას. ეს 2010 წლის 11 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებაა, სადაც ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლის კატეგორიული წინააღმდეგია“, - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი განმარტებები გია ვოლსკიმ და სხვა ფაქტებს შორის გაიხსენა 2008 წლის 12 მარტი, როდესაც მაშინდელმა მმართველმა პარტიამ 25 %-ით შეამცირა პროპორციული სისტემით ასარჩევი დეპუტატების რაოდენობა, მაჟორიტარების სასარგებლოდ.

გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პარტია, რომელმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში დააყენა და კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებები შეიტანა:

„მეტიც, დღეს ქუჩაში გამოფენილ ოპოზიციას ბოიკოტი რომ არ გამოეცხადებინა ცვლილებებისთვის, პროპორციულ არჩევნებზე 2020 წლიდან გადასვლის საკითხი კონსტიტუციაში უკვე ასახული იქნებოდა. მიუხედავად ამისა, საერთო კონსენსუსის მიღწევისათვის, საზოგადოების წინაშე პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობის ასამაღლებლად, „ქართულმა ოცნებამ“ საკითხი კვლავ დააყენა დღის წესრიგში“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში. განცხადების დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა.

სუს-თან აქციაზე 6 პირი დააკავეს

პოლიციამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის(სუს) შენობასთან დააკავა საპროტესტო აქციის 6 მონაწილე. მათ შორის, „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის ვაჟი ბექა ნათელაშვილი.

აქციას მოძრაობის „გაბედე“ წარმომადგენლები მართავდნენ. აქციის მონაწილეები ჯერ შენობის შესასვლელის ბლოკირებას, შემდეგ კი ვაჟა-ფშაველას გამზირის გადაკეტვას ცდილობდნენ, რასაც ხელს პოლიცია უშლიდა.

შსს-ს ინფორმაციით, აქციის 6 მონაწილე დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის - ხულიგნობის და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის.

ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩასატარებლად საჭირო საკონსტიტუციო ცვლილება. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ხმები თავად უმრავლესობიდან დააკლდა.

„ქართული ოცნება“ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლას დათანხმდა ივნისში დაწყებული ანტისაოკუპაციო აქციების შედეგად. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო მაჟორიტარული სისტემის გაუქმება უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

კანდელაკი თალაკვაძეს: წუხელ, შემთხვევით, ჩემთან ერთად სტამბოლის რეისით ხომ არ ჩამოფრინდით?!

Georgia -- Giorgi Kandelaki Archil Talakvadze

პარლამენტის დეპუტატი გიორგი კანდელაკი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს თვითმფრინავის ბილეთის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს. ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი ეჭვქვეშ აყენებს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას იმის შესახებ, რომ კომოს ტბაზე არ ყოფილა და სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერს, რომ გუშინ, 21 ნოემბერს, მან არჩილ თალაკვაძესა და გიგი წერეთელთან ერთად იფრინა სტამბოლიდან თბილისში:

„ბატონი არჩილ თალაკვაძე დილიდან გვიმტკიცებს, არანაირ კომოს ტბაზე არ წავსულვარ და ცილს მწამებს სრულიად მედიაო. რადგან ჩვენმა პატივცემულმა თავმჯდომარემ თავდაჯერებულობის დემონსტრირება ასეთ აღმატებულ და საზეიმო ტონში გადაწყვიტა, მინდა მას კითხვით მივმართო: ბატონო არჩილ, წუხელ, შემთხვევით, ჩემთან და გიგი წერეთელთან ერთად სტამბოლიდან ერთი რეისით ხომ არ ჩამოფრინდით? მე და გიგი წერეთელი ევროპის სახალხო პარტიის ყრილობიდან დავბრუნდით და თქვენ სად ბრძანდებოდით, ხომ ვერ გაგვიმხელთ? რადგან თქვენ თავადვე გადაწყვიტეთ კონტრშეტევაზე გადასვლა და შავზე თეთრის მტკიცება, მოგიწოდებთ, თქვენი წუხანდელი ბილეთი გამოაქვეყნოთ და მედია, როგორც თავად აღნიშნეთ, „უკიდურეს მიკერძოებაში“ ამხილოთ“, - წერს გიორგი კანდელაკი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ 22 ნოემბერს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ გუშინ ტელეკომპანიებმა „მთავარმა“ და „ფორმულამ“ მასზე გაავრცელეს დეზინფორმაციული, „უკიდურესად პოლიტიკური და მიკერძოებული სიუჟეტი“, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დასასვენებლად იტალიაში, კომოს ტბაზე იმყოფება: „სინამდვილეში, როგორც ხედავთ, მე ახლა ვარ საქართველოს პარლამენტში ჩემს სამუშაო ოთახში და მაქვს ჩვეულებრივი სამუშაო დღე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„როდესაც სიუჟეტს აკეთებთ და ინფორმაციას შემდეგ ამოწმებთ, ეს არის ძალიან ცუდი მედიასტანდარტი. სამწუხაროა, რომ ასეთ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდით, გუშინ, საზოგადოებას უმტკიცებდით, დასასვენებლად ვიყავი წასული, თითქოს, ტბაზე ვისვენებ დევიდ ბექჰემთან თუ სხვა ვარსკვლავებთან ერთად, რაც სასაცილო სიუჟეტი იყო. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს პოლიტიკური მოტივაციებით იყო განპირობებული“, - მიმართა მოგვიანებით ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენლებს.

მედიის ინფორმაციით, თბილისის მერი კახა კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კომოს ტბაზე მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავად იმყოფებოდნენ.

ნიუ-იორკის სასამართლომ რუს პროგრამისტს, სტანისლავ ლისოვს ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა

ნიუ-იორკის სასამართლომ რუს პროგრამისტს, სტანისლავ ლისოვს ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა ჰაკერული თავდასხმების თაობაზე გარიგების ბრალდებით. იმ დროის გათვალისწინებით, რაც ლისოვმა გამოძიების პერიოდში გაატარა ციხეში, ის ოთხი ან ხუთი თვის შემდეგ გამოვა საპატიმროდან. ლისოვმა აღიარა დანაშაული. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ის, სავარაუდოდ, რუსეთში იქნება დეპორტირებული. ლისოვი ბარსელონის აეროპორტში დააკავეს 2017 წელს. იმავე წლის ზაფხულში მოხდა აშშ-ში მისი დეპორტაცია. მანამდე ლისოვმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიმართა თხოვნით, არ დაეშვა აშშ-ში მისი ექსტრადიცია. იქ მას 35 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა სხვადასხვა ბრალდებით.

პომპეომ ირანელებს მოუწოდა, გამოგზავნონ გამოსვლების ფოტოები და ვიდეოები

მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ირანში საპროტესტო აქციების მონაწილეებს მოუწოდა, სახელმწიფო დეპარტამენტში გაგზავნონ პროტესტის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები. მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონი თეირანის წინააღმდეგ სანქციებს შემოიღებს აქციების მონაწილეთა მიმართ ძალადობისა და მათი დევნის გამო.

ტვიტერზე დაწერილი ეს განცხადება პომპეომ სპარსულადაც გაიმეორა. მან ირანელებს მოუწოდა, მტკიცებულებები პროგრამა Telegram-ის მესინჯერით გაგზავნონ.

ირანის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო გამოსვლები 15 ნოემბერს დაიწყო. მიზეზი გახდა ბენზინზე ფასების გაზრდა და საწვავის გაყიდვაზე შეზღუდვების შემოღება. ხელისუფლება აცხადებს, რომ მხოლოდ ასე შეიძლება გადაიჭრას ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც აშშ-ის სანქციებითაა გამოწვეული.

თეირანი საპროტესტო აქციების ორგანიზებაში აშშ-სა და ისრაელს ადანაშაულებს.

რატომ აწერს ხელს 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა შესახებ წერილს ბიზნესომბუდსმენი?

18 ნოემბრის ანტისამთავრობო აქციაზე დაკავებულთა ოქმების შესახებ გამოთხოვილ ინფორმაციას, ხელს აწერს მიხეილ დაუშვილი, როგორც შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი. თუმცა დაუშვილი ამ თანამდებობას აღარ იკავებს, 14 ნოემბრიდან ის ბიზნესომბუდსმენია.

დაუშვილის ხელმოწერილ დოკუმენტზე, რომელსაც On.ge ავრცელებს, ამობეჭდვის თარიღად 19 ნოემბერი, 09:51 საათია მითითებული. ამ დროს შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ოთარ ჭელიძე ასრულებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ დოკუმენტი ავთენტურია და ეს დადასტურებულია მასზე დატანილი დამცავი ელექტრონული შტრიხ-კოდით. რაც შეეხება დაუშვილის ხელმოწერას, ეს მხოლოდ შიდასისტემური წუნია, რაც მონაცემთა განახლებასთან არის დაკავშირებული და დოკუმენტის ნამდვილობას ეჭვქვეშ არ აყენებს.

შსს-ს ცნობით, უწყებაში მოქმედი სისტემა სხვადასხვა საინფორმაციო რესურსისაგან კომპილირებული ​ავტომატიზებული პორტალია და ცვლილებები მხოლოდ თითოეული კომპონენტის განახლების შემდეგ აისახება.

„სისტემის სინქრონიზაცია დასრულებულია 19 ნოემბრის 13 საათსა და 25 წუთზე“, - აცხადებს შსს.

შსს: "ევროპული საქართველოს" პრესსამსახურის წევრი გამოკითხეს და ხელწერილით გაათავისუფლეს

პარტია "ევროპული საქართველოს" პრესსამსახურის წარმომადგენელი თორნიკე დიასამიძე ხელწერილით გაათავისუფლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთაში მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირების დროს სამართალდამცავებმა წვრილმანი ხულიგნობის საფუძველზე ორი ადამიანი დააკავეს.

თორნიკე დიასამიძე, რომელიც დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ოფისთან სტიკერს აკრავდა და საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა, და ხელისუფლების მხარდამჭერი ალექსანდრე ფირუზაშვილი სამართალდამცველებმა გამოკითხეს. მათი საქმის მასალები, შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სასამართლოს გადაეცემა.

ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე იმსჯელეს

ვაჟა გაფრინდაშვილი

ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს საოკუპაციო ძალების მიერ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს თანახმად, ეუთოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, დავით დონდუამ, ეუთოს ელჩებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ორთოპედთა და ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის, ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცებისა და ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით მისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესახებ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირისა და აშშ-ის დელეგაციებმა. მათ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და შეშფოთება გამოთქვეს რთული ჰუმანიტარული ვითარების გამო.

გამომსვლელებმა აღნიშნეს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულფასოვანი შესრულებისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვების აუცილებლობა. მათ ხაზი გაუსვეს დაკავებული ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისა და საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების თავისუფლების აღდგენის საჭიროებას“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონთან დააკავეს და ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევაში, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. დე ფაქტო სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ზუგდიდში "ბოქლომის დადების" ორი აქცია გაიმართა

ოპოზიციური პარტიების, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერებმა ზუგდიდში აქციები გამართეს ორ საარჩევნო ოლქად გაყოფილი მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატების ოფისებთან.

აქციის მონაწილეებმა ბოქლომი დაადეს მაჟორიტარი დეპუტატის, ედიშერ თოლორაიას ბიუროში შესასვლელი კიბის მოაჯირს. ბოქლომი მალევე ჩამოხსნეს „ქართული ოცნების“ მომხრეებმა.

აქციის მონაწილეებმა ბოქლომის დადება ვერ შეძლეს ზუგდიდის მეორე მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ბიუროსთვის, სადაც მობილიზებული იყვნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და მერიის „ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის“ თანამშრომლები.

ქვარაიას და ოპოზიციის მხარდამჭერები ერთმანეთს რამდენჯერმე სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ვითარება პოლიციამ განმუხტა. ბოქლომის ნაცვლად აქციის მონაწილეებმა მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან დატოვეს სტიკერები, წარწერებით: „გაუქმებულია“ და „გადაადგე გადამგდები“ ბიძინა ივანიშვილის ფოტოსურათთან ერთად.

ოპოზიციის მხარდამჭერთა განცხადებით, მათ აქცია-პერფორმანსით გააპროტესტეს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე პარლამენტის უარი.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატები მერაბ ქვარაია და ედიშერ თოლორაია არიან პარლამენტის იმ წევრებს შორის, რომლებიც 14 ნოემბერს პარლამენტის სხდომას ესწრებოდნენ, თუმცა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასავლელად ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩასატარებლად საჭირო საკონსტიტუციო ცვლილება. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ხმები თავად უმრავლესობიდან დააკლდა.

„ქართული ოცნება“ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლას დათანხმდა ივნისში დაწყებული ანტისაოკუპაციო აქციების შედეგად. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო მაჟორიტარული სისტემის გაუქმება უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

საფრანგეთის შს მინისტრი საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობაზე: ეს იყო ანომალია

„ამა წლის პირველ თვეში, საქართველო იყო პირველ ადგილზე თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით - ეს იყო ანომალია, რადგან საქართველო საფრანგეთის მიერ აღიარებულია უსაფრთხო ქვეყნად და ვიცით, რომ საქართველო არის თანამედროვე და განვითარებადი ქვეყანა, რომელიც ხარისხიან სერვისს სთავაზობს ხელმისაწვდომ ფასად და ხანდახან უფასოდ თავის მოქალაქეებს, დაახლოებით, იმავე ვალდებულებებით, როგორც ეს საფრანგეთშია. მიმდინარე წლის პირველი თვეების განმავლობაში ძალიან დიდი რაოდენობით დაფიქსირდა ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადები, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ჩამოვიდნენ საფრანგეთში, თუმცა 97% შემთხვევებზე თანხმობა არ იქნა გაცემული“, - განაცხადა საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა, ქართველ კოლეგა ვახტანგ გომელაურთან შეხვედრის შემდეგ. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„მე მინდა ვუთხრა ყველა იმ ქართველს, ვინც აპირებს, რომ საფრანგეთში ჩამოვიდეს თავშესაფრის მიღების მიზნით, რომ ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, ვიქნებით ძალიან მკაცრები და შევთავაზებთ თავშესაფარს მხოლოდ მათ, ვინც ამას ნამდვილად იმსახურებს“, - აღნიშნა საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა.

საქართველოს შს მინისტრი საფრანგეთში ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის მიზანია ქვეყნებს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერება და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გამოწვევების საპასუხოდ ერთობლივი ღონისძიებების და სამომავლო გეგმების განხილვა.
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გამოწვევების საპასუხოდ, 2019 წლის მაისში ხელი მოეწერა საფრანგეთისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის ადმინისტრაციულ შეთანხმებას.
სექტემბერიდან საფრანგეთში იმყოფებიან ქართველი ოფიცრები, რომლებიც საფრანგეთის ჟანდარმერიის, ეროვნული პოლიციისა და სასაზღვრო პოლიციის დანაყოფებში ფრანგ კოლეგებთან ერთად მუშაობენ.

„ვიზალიბერალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს არ დავკარგოთ.
ჩვენი ინტეგრირება ევროპაში არის ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი, ამას დამატებით იქნა მოვლენილი სამი ოფიცერი და ვფიქრობთ კიდევ ოფიცრების დამატებას, რათა საფრანგეთში არ მოხდეს თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდა. ჩვენ მზად ვართ საფრანგეთთან თანამშრომლობისთვის და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით მივაღწევთ იმას, რომ ეს ციფრები, რა თქმა უნდა, დაიკლებს და წამოვა ქვევით“, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი უკანონოს უწოდებს ახალგორში ქართველი მღვდლების ყოფნას

ე.წ. საზღვარი ოკუპირებულ ახალგორის რაიონთან

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი რელიგიის საკითხებში, სონია ხუბაევა აცხადებს, რომ 11 წელია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკანონოდ მოქმედებს „სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე“.

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო სააგენტო „რესი“ აქვეყნებს ხუბაევას კომენტარს, რომელიც მოჰყვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ რუსეთის პატრიარქ კირილესთვის 17 ნოემბერს გაგზავნილ წერილს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების შესახებ. ამავე წერილში ილია მეორე უარყოფითად აფასებს რუსეთის საპატრიარქოს განზრახვას, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მდებარე სამხედრო ბაზებზე სამი წლით მიავლინოს სასულიერო სასწავლებლის კურსდამთავრებული მოძღვრები მაშინ, როცა რუსეთის ეკლესია აღიარებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას.

სონია ხუბაევა აცხადებს, რომ „კანონი რელიგიური ირგანიზაციების შესახებ, სამხრეთ ოსეთში ღვთისმსახურების უფლებას იძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ორგანიზაცია რეგისტრირებულია იუსტიციის სამინისტროს მიერ“.

დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი ამბობს, რომ „ეს კანონი ვრცელდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზეც, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ მოქმედებს უკვე 11 წელია“.

ხუბაევას უკვირს „ლენინგორის რაიონში“ ქართველი სასულიერო პირების ყოფნა და დე ფაქტო ხელისუფლების უმოქმედობა, რადგან, მისი განცხადებით, „2008 წლის აგვისტომდე ლენინგორის რაიონი (ახალგორი) საქართველოს ადმინისტრაციული ერთეული იყო, დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ კი, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის იურისდიქციაში გადავიდა“.

ხუბაევას თქმით, „ლენინგორის რაიონში“ მდებარე ქალთა მონასტერში მსახურობენ ქართველი მღვდლები, რომლებიც უხეშად ექცევიან ჟურნალისტებს და სხვა პირებს და აცხადებენ, რომ ეს მათი ტერიტორია - ახალგორია და არა ლენინგორი.

ხუბაევა იმასაც აცხადებს, რომ ქართველი მღვდლები მონაწილეობდნენ „ოსი ხალხის გენოციდში და 90-იან წლებში და 2008 წელს, თავად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ლოცავდა ქართულ არმიას ცხინვალზე შეტევის წინ“. ხუბაევა ამბობს, რომ ილია მეორე იზიარებდა ზვიად გამსახურდიას იდეოლოგიას „საქართველო ქართველებისთვის“ და დღესაც რჩება „ქართული ფაშიზმის იდეოლოგად“.

დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის განცხადებითვე, საქართველოს ეკლესიის მიერ ნიქოზის და ცხინვალის ეპისკოპოსად დანიშნული სასულიერო პირი [მეუფე ისაია] წირვის დროს მოიხსენიებს ილია მეორეს და საქართველოსთვის ლოცულობს, მისი საქმიანობა კი მიმართულია „სამხრეთ ოსეთის“ წინააღმდეგ: „ის, თითქოს, იმყოფება თავის კანონიერ ტერიტორიაზე. ეს უნდა აღიკვეთოს. უნდა გავაგებინოთ, ვინ არის სახლში პატრონი“.

ხუბაევას თქმით: „სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავ ორგანოებს უფლება აქვთ, მივიდნენ და მოსთხოვონ დოკუმენტი, თუ რის საფუძველზე იმყოფებიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები მოსაზღვრე სახელმწიფოს ტერიტორიაზე. თუ ასეთი დოკუმენტები არ აქვთ, უნდა შესთავაზონ იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციისთვის დოკუმენტების შეტანა. გარდა ამისა, შეიძლება მათ შესთავაზო ალანიის ეპარქიის შემადგენლობაში შესვლა და თუ ეს არ აწყობთ, ლოგიკური იქნება შეთავაზება, რომ სამხრეთი ოსეთი დატოვონ და გადავიდნენ ქვეყანაში, რომელსაც ემსახურებიან“.

დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის განცხადებით, მას მხოლოდ საკითხის გადასაჭრელად წინადადების დაყენება შეუძლია, აღსრულება კი სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაა.

თალაკვაძე: ბოქლომების აქციებით გართულ ოპოზიციას მოვუწოდებთ, პოლიტიკურ პროცესს დაუბრუნდეს

არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას „ნორმალური პოლიტიკური პროცესისაკენ“ დაბრუნებას ურჩევს. პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ უმჯობესია, ოპოზიციამ საპარლამენტო ფორმატები, პოლიტიკური დებატები გამოიყენოს:

„პოლიტიკური ოპოზიციის ნაწილს, რომელიც ახლა დესტრუქციით და ბოქლომების აქციებით არის გართული, მოვუწოდებთ, ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს დაუბრუნდეს, კანონით მინიჭებული შესაძლებლობები გამოიყენოს, რაც არის საპარლამენტო ფორმატები, პოლიტიკური დებატები, საკომიტეტო განხილვები თუ ფრაქციებს შორის შეხვედრები. ეს უნდა გამოიყენონ, რათა მათთვის საინტერესო საკითხები განიხილონ. ეს უნდა გააკეთონ საჯაროდ და არა პარტიზანული აქციების საშუალებით. როცა საქმე პიკეტირებასა და ბლოკირებას ეხება, რაც მათი ამოცანა და სურვილი იყო, ამაზე სახელმწიფომ რეაგირება მოახდინა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება კანონდარღვევაა, ვერ ჯდება მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის ფარგლებში და მასზე სახელმწიფოს რეაგირება ექნება.

„რაც უფრო სწრაფად გავაცნობიერებთ პოლიტიკური სპექტრი, რომ საჭიროა ნორმალური პოლიტიკური პროცესის დაბრუნება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადება, ეს უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვისაც და, ასევე, ეს შედის მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებშიც“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

22 ნოემბერს „ევროპული საქართველო“ „დაბოქლომების“ აქციას ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებთან მართავს.

"ევროპული საქართველოს" პრესსამსახურის წევრი თორნიკე დიასამიძე დააკავეს

პარტია „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის წევრი თორნიკე დიასამიძე დააკავეს. პარტიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ დიასამიძე დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ოფისთან - ანტისამთავრობო აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად - სტიკერს აკრავდა, რა დროსაც დააკავეს.

შსს: "ევროპული საქართველოს" პრესსამსახურის წევრი გამოკითხეს და ხელწერილით გაათავისუფლეს.

არჩილ თალაკვაძე: სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება ვერ მოხდება

არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ როცა პროტესტი მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს სცდება, სახელმწიფოს ამაზე რეაქცია ექნება. საქართველოს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ არჩევნები 2020 წელს დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარდება:

„ჩვენ ვენდობით ჩვენს თანამოქალაქეებს და პატივს ვცემთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, არჩევანს, რომელსაც ჩვენი საზოგადოება გააკეთებს 2020 წლის არჩევნებში. ამიტომ მოვუწოდებ ოპოზიციის იმ დესტრუქციულ ნაწილს, რომლის მთავარი პროგრამაც არის, როგორმე სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება გაიმეორონ ხშირად, ვერანაირი ბლოკირება ვერ მოხდება სახელმწიფო ინსტიტუტების. ეს სცდება მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს და მომავალშიც ექნება სახელმწიფოს ამაზე რეაქცია. პარლამენტი აგრძელებს თავის საქმიანობას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ მედიასთან.

ვიდეომიმართვაში კი, რომელიც მანამდე გავრცელდა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ქვეყანაში ძალიან მალე დამყარდება სიმშვიდე და საერთო ძალისხმევით იგი განვითარებას გააგრძელებს. მისივე თქმით, „ქართული ოცნებაა“ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც კონსტიტუციაში ჩაწერა, რომ 2024 წლიდან ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავა:

„მიუხედავად იმისა, რომ პროპორციული არჩევნების თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით ინიციატივამ, სამწუხაროდ, პარლამენტში ვერ მიიღო საკმარისი ხმები, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ერთი წლის წინ ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ასახულია კონსტიტუციაში და ის მოქმედია. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ჩვენ. სხვა არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, არც ერთ წინა ხელისუფლებას ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გორის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო ვერ „დააბოქლომეს“

გორში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთვის ბოქლომის დადების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

„ევროპული საქართველოს“ 5 წევრს ათჯერ მეტი პოლიციელი დახვდა გორის საკრებულოს შენობის შესასვლელთან.

გორის მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის ბიურო სწორედ ამ შენობაშია გახსნილი. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს არც შენობაში შესვლის უფლება მისცეს. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ წევრებმა სტიკერები შენობის კედლებსა და ასფალტზე გააკრეს. სტიკერებზე იყო წარწერები - „დალუქულია“. ბიძინა ივანიშვილის ფოტოს კი ეწერა - „გადამგდებია“.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ეთერ ჯალაღანია აცხადებს, რომ მას დეპუტატის ბიუროში შესვლა უნდოდა, მაგრამ პოლიციელებმა ამის საშუალება არ მისცეს. მისი სიტყვებით, მთავარი შეკითხვა, რაც იოსებ მაკრახიძესთან არსებობს, არის ის, თუ რა გააკეთა პარლამენტში ყოფნისას, გარდა იმისა, რომ საკონსტიტუციო ცვლილება ჩააგდო, პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

იოსებ მაკრახიძე აქციის მონაწილეებთან არ გამოჩენილა.

MDF: სახელისუფლებო ბლოგერი ხელოვნური ინტელექტის გენერირებულ ფოტოს იყენებს

„გიორგი აღაპიშვილის ბლოგის“ ფეისბუკის პროფილის ფოტოზე გამოსახული ადამიანი არ არსებობს. ფოტოს დეტალები, რომელიც მედიის განვითარების ფონდის (MDF) მკვლევარმა გააანალიზა, აჩვენებს, რომ ფოტო ხელოვნური ინტელექტითაა შექმნილი.

გიორგი აღაპიშვილის ბლოგს - რომელიც 2019 წლის 22 ივლისიდან მოქმედებს - 3 ადმინისტრატორი ჰყავს და 2 000 მოწონება აქვს.

ასიმეტრია - ასიმეტრიული ობიექტები გენერირებული ფოტოების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. აღაპიშვილის ფოტოზე ტუჩები ასიმეტრიულია.
ასიმეტრია - ასიმეტრიული ობიექტები გენერირებული ფოტოების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. აღაპიშვილის ფოტოზე ტუჩები ასიმეტრიულია.

პრეტრუბაცია, ანუ ე.წ. ღრმულები - ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტოები ხშირად იკეთებენ ე.წ. ღრმულებს, რასაც პრეტრუბაციას ეძახიან. გიორგი აღაპიშვილის ბლოგის ფოტოზე ასეთი პიქსელი ფოტოს მარცხენა მხარეს ყურის თავზეა გამოსახული.
პრეტრუბაცია, ანუ ე.წ. ღრმულები - ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტოები ხშირად იკეთებენ ე.წ. ღრმულებს, რასაც პრეტრუბაციას ეძახიან. გიორგი აღაპიშვილის ბლოგის ფოტოზე ასეთი პიქსელი ფოტოს მარცხენა მხარეს ყურის თავზეა გამოსახული.
თმა - გენერირებულ ფოტოებზე თმა ხშირად შერეულია სხვა ობიექტებთან, როგორიცაა კანი ან ფონი. გიორგი აღაპიშვილის ფოტოზე შუბლთან თმა აწეწილია და შერეულია შუბლის კანთან. ასევე კანთან არის შერეული ულვაშის ადგილას მუქი ფერის თმა.
თმა - გენერირებულ ფოტოებზე თმა ხშირად შერეულია სხვა ობიექტებთან, როგორიცაა კანი ან ფონი. გიორგი აღაპიშვილის ფოტოზე შუბლთან თმა აწეწილია და შერეულია შუბლის კანთან. ასევე კანთან არის შერეული ულვაშის ადგილას მუქი ფერის თმა.

ბლოგზე ძირითადად ხელისუფლების მხარდამჭერი და ანტისამთავრობო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების საწინააღმდეგო პოსტები იდება. MDF-ის ინფორმაციით, აღაპიშვილის ბლოგს ქართული ონლაინპლატფორმები ხშირად ციტირებენ და წყაროდ იყენებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჭიშკარი "დააბოქლომეს"

აჭარის უმაღლესი საბჭოს ეზოში შესასვლელ ჭიშკარს ბოქლომი 22 ნოემბერს გამართული აქციის დროს დაადეს

ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა დაბა ჩაქვში ბოქლომი დაადეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ეზოში შესასვლელ ჭიშკარს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ამ ფორმით გამოხატეს პროტესტი უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის დაკავების და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად საქართველოს პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნის გამო.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი პოლიციამ 18 ნოემბერს, თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლისას კიდევ 36 პირთან ერთად დააკავა წინააღმდეგობის გაწევის და ხულიგნობის ბრალდებით. ბაგრატიონს სასამართლომ 12 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

„ჩვენ პიკეტირებას მოვაწყობთ ყველგან. ბათუმში თუ აჭარის რეგიონებში, ბიძინა ივანიშვილს შევუქმნით დისკომფორტს, რადგან მათ არ უნდათ სამართლიანი არჩევნები“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კირთაძემ. მისი თქმით, აქციები მშვიდობიანი იქნება. აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან მობილიზებულნი იყვნენ პოლიციელები, რომლებმაც ჭიშკრიდან ბოქლომი მალევე ჩამოხსნეს.

ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩასატარებლად საჭირო საკონსტიტუციო ცვლილება. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ხმები თავად უმრავლესობიდან დააკლდა.

„ქართული ოცნება“ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლას დათანხმდა ივნისში დაწყებული ანტისაოკუპაციო აქციების შედეგად. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო მაჟორიტარული სისტემის გაუქმება უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

მიხეილ ყაველაშვილის მაჟორიტარული ბიუროს ოფისზე გააკრეს სტიკერები წარწერით „დალუქულია“

„ევროპული საქართველოს“ და გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა თბილისში დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის მაჟორიტარულ ბიუროს ოფისის „დაბოქლომება“ ვერ შეძლეს. სამართალდამცავებმა მათ ბოქლომის დადების საშუალება არ მისცეს. აქციის მონაწილეებმა შენობის გარე ფასადზე გააკრეს სტიკერები წარწერით „დალუქულია“.

აქციის ორგანიზატორებსა და მაჟორიტარული ბიუროს თანამშრომლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. სამართალდამცავთა ჩარევის შემდეგ ვითარება განიმუხტა.

"ევროპული საქართველო" დღეს ქვეყნის მასშტაბით "მაჟორიტარული ოლქების დაბოქლომების" აქციას მართავს. აქციები უკვე გაიმართა არჩილ თალაკვაძისა და მიხეილ ყაველაშვილის ბიუროებთან.

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში ვიზიტს განაგრძობს

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკურ საბჭოში. 2019 წლის 21 ნოემბერი

აშშ-ში ვიზიტით მყოფმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, პრინციპული პოზიცია გამოხატონ საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების გამო.

ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა ატლანტიკურ საბჭოში გამართულ დისკუსიაზე, რომელსაც საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, დეიმონ ვილსონი უძღვებოდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა ილაპარაკა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ საქართველოს მისწრაფებაზე, თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესსა და აშშ-თან თანამშრომლობის შედეგებზე.

თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ნატოს შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში საქართველოს როლზე და ნატოსთან თავსებადობის გაზრდის მიზნით, მასშტაბურ მრავალეროვნულ სწავლებებში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის მნიშვნელობაზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა დისკუსიის მონაწილეებს გააცნო თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო განვითარების გეგმები: „საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს სტანდარტებით ტრანსფორმაციის პროცესი ეფუძნება სტრატეგიული მზადყოფნის ცნებას, რაც გულისხმობს, რომ ყოველდღიურად ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა სტრატეგიული მოთმინებით მზად ვიყოთ ნატოში გაწევრიანებისთვის“.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას ამყარებს ქართული საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერა, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში და ცხადყოფს ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კურსის შეუქცევადობას.

ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა კუანტიკოს საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტშიც და შეხვდა ქართველ ოფიცრებს, რომლებიც სამეთაურო-საშტაბო და მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსს გადიან. თავდაცვის მინისტრი შეხვდა აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის განათლების სარდლობისა და საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტის მეთაურს, გენერალ ჯეი ბარგერონს.

ირაკლი ღარიბაშვილი შეხვედრას გამართავს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროშიც, სადაც ხელს მოაწერს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულებას.

ბათუმის პორტში ფრანგული სამხედრო გემი შევიდა

საფრანგეთის სამხედრო-საპატრულო ხომალდი „კომანდან ბირო“ ბათუმის ნავსადგურში. 2019 წლის 22 ნოემბერი

დღეს დილით ბათუმის ნავსადგურში შევიდა საფრანგეთის სამხედრო-საპატრულო ხომალდი „კომანდან ბირო“. ფრანგული გემი საქართველოს ეწვია თავდაცვის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის ფარგლებში.

25 ნოემბერს, ხომალდის ეკიპაჟი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის და თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციის ძალები ერთობლივ სწავლებას გამართავენ.

ოზურგეთში არჩილ თალაკვაძის მაჟორიტარულ ბიუროს ბოქლომი ვერ დაადეს

აქცია არჩილ თალაკვაძის ბიუროსთან. "გურია ნიუსის" ფოტო.

ოზურგეთში „ევროპული საქართველოს" წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ბოქლომი ვერ დაადეს პარლამენტის თავმჯდომარის, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის არჩილ თალაკვაძის ბიუროს.

ადგილზე პოლიციის გარდა იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები. ისინი ოპოზიციას არჩილ თალაკვაძის ბიუროს ოთახთან დახვდნენ და კარზე ბოქლომის დაკიდების საშუალება არ მისცეს. მედიის თანახმად ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას. ოპოზიციის წარმომადგენლებმა არჩილ თალაკვაძის ბიუროს ოთახის ფანჯარას გარედან დააკრეს სტიკერი "დალუქულია".

„დაგვახვედრეს დაცვის პოლიცია, საპატრულო პოლიცია, სუს-ი, „ქართული ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც არ გვაძლევდნენ საშუალება, რომ ბიუროს ოფისისთვის ბოქლომი და ჯაჭვი დაგვედო. გვეტაკნენ, წაგვაქციეს, თუმცა საბოლოოდ, თალაკვაძის ოფისი მაინც დალუქულია. სტიკერები გავაკარით თვითონ მერობის შენობაზეც, სადაც თალაკვაძის მაჟორიტარული ბიუროა განთავსებული.

გვქონდა დაპირისპირება „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან. დაიწყეს შეურაცხყოფა, თუმცა დავუფიქსირეთ, რომ ვართ მშვიდობიანი მოქალაქეები და ვაპროტესტებთ გადაგდებას.

ვუთხარით, რომ კიდევ დავბრუნდებით. არ მოვასვენებთ. ყველგან, სადაც წავლენ, მივალთ და შევახსენებთ, რომ დანაპირები უნდა შეასრულონ და არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით“, - უთხრა „ინტერპესნიუსს“ „ევროპული საქართველოს“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მიხეილ გოგოტიშვილმა.

"ევროპული საქართველო" დღეს "მაჟორიტარული ოლქების დაბოქლომების" აქციას მართავს.

საია აქციაზე დაკავებული ბუნტურისა და ჭიჭინაძის საქმეს ასაჩივრებს

გიორგი ბუნტურის და ლუკა ჭიჭინაძის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას დაკავებულ ბუნტურსა და ჭიჭინაძეს მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. მათ წვრილმანი ხულიგნობის მუხლი მოეხსნათ, თუმცა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით პატიმრობა მიესაჯათ.

როგორც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ადვოკატი გვანცა საკანელაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას. მათ მოსამართლის გადაწყვეტილების დასაბუთება ამ დრომდე არ ჩაბარებიათ, სარჩელს მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით ამზადებენ.

„ლუკა ჭიჭინაძის მიმართ გადაწყვეტილების გამოტანისას მოსამართლემ მხოლოდ სამართალდამცველთა ახსნა-განმარტებებით იხელმძღვანელა, საქმეში არ არსებობს არც ვიდეო მტკიცებულებები და არც მოწმეთა ჩვენებები. რაც შეეხება ბუნტურს, მისი მისამართით არსებობს მხოლოდ რამდენიმეწამიანი ვიდეო ჩანაწერი, სადაც ჩანს როგორ დგას ის მომიტინგეთა მასაში გაუნძრევლად, რითაც პოლიციისადმი წინააღმდეგობა ნამდვილად არ დასტურდება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საიას ადვოკატი გვანცა საკანელაშვილი.

სასამართლომ 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული 37 დემონსტრანტიდან ამ დროისთვის მხოლოდ 12 პირის საქმე განიხილა. მათგან 10-ს პატიმრობა შეუფარდა, ერთ დემონსტრანტს ჯარიმა და ერთს სიტყვიერი შენიშვნა მისცა. დანარჩენი დემონსტრანტების საქმის განხილვა გადაიდო.

18 ნოემბერს, საპოლიციო ძალებმა პიკეტირებული პარლამენტის შენობის გათავისუფლების მიზნით მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობას. 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმად, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარებულიყო.

ზვიად კუპრავამ საპატიმრო სასჯელი მოიხადა

ზვიად კუპრავა

სასჯელაღასრულების მე-8 დაწესებულება დატოვა „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ. მან 9-თვიანი საპატიმრო სასჯელი მოიხადა.

2019 წლის 21 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად კუპრავა დამნაშავედ ცნო სასამართლოს მიმართ უპატივცემულობაში. გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივნისს კუპრავამ სასამართლოს შენობაში მოსამართლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

იმ პერიოდში, ზვიად კუპრავა აქტიურად უჭერდა მხარს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის საპროტესტო აქციებს საქმის ობიექტურად გამოძიების და რეალური დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით. ზვიად კუპრავა აცხადებდა, რომ პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს.

ფიონა ჰილი: საქართველოს და უკრაინას ბევრ რამეს დავპირდით და არ შევასრულეთ

ფიონა ჰილი

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილმა მრჩეველმა, ფიონა ჰილმა 2008 წლის აგვისტოს ომზეც ილაპარაკა კონგრესში, საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში მოწმის სტატუსით გამოკითხვისას.

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, რუსეთზე, როგორც საფრთხეზე საუბრისას ჰილმა გაიხსენა 2008 წელი და რუსეთ-საქართველოს ომი: „2008 წელს, რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. მე მაშინ ეროვნული დაზვერვის ოფიცერი ვიყავი და ჩვენ სხვადასხვა დოკუმენტით მთავრობის მაღალ წრეებს ვაფრთხილებდით, რომ გვჯეროდა არსებობდა რეალური კონფლიქტის რისკი რუსეთსა და საქართველს შორის და უფრო მეტიც, ჩვენ ასევე გვჯეროდა, რომ რუსეთი შეიძლება უკრაინას დასხმოდა თავს“.

ფიონა ჰილმა ხაზი გაუსვა, რომ 2008 წელს საქართველოს და უკრაინას სურდათ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღება და მათ რუსეთი ღიად ემუქრებოდა, რომ თუ ნატოს წევრობის მოთხოვნას გააგრძელებდნენ, ეს უშედეგოდ არ ჩაივლიდა.

„საქართველოზე თავდასხმის დროს, პრეზიდენტმა პუტინმა საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს ნათლად უთხრა - და ეს მე საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა მითხრეს, - რომ პუტინმა სააკაშვილს პირდაპირ უთხრა: შენი დასავლელი მოკავშირეები, შენი დასავლელი პარტნიორები ბევრს გპირდებიან და არ ასრულებენ, მე გემუქრები და მე ვასრულებ“, - თქვა ფიონა ჰილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინი ცდილობს დასავლეთის გამოცდას: "ჩვენ საქართველოს და უკრაინას ამ პერიოდში ბევრ რამეს დავპირდით და არ შევასრულეთ. პუტინი ყოველთვის ეძებს რაიმე ნიშანს იმისას, რომ ჩვენ არ შევასრულებთ დაპირებებს, რომელიც გავეცით, რადგან ის ყოველთვის შეასრულებს მუქარას და ასეც მოიქცა. ის 2008 წელს უკრაინას დაემუქრა და 2014 წელს, როცა უკრაინა შეეცადა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დასრულებას, თავს დაესხა. თუმცა, მთელი ეს პერიოდი ემუქრებოდა“.

ფიონა ჰილი კონგრესის წარმომადგელთა პალატაში ხუთშაბათს გამოკითხეს დემოკრატების მიერ ინიცირებული საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში. მისი მიზანია დაადგინოს, გამოიყენა თუ არა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანამდებობა ბოროტად და შეუჩერა თუ არა დახმარება უკრაინას, რომლისგანაც პოლიტიკური ოპონენტის, ჯო ბაიდენის ვაჟის საქმიანობის გამოძიებას მოითხოვდა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG