Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლომჯარია კილაძეზე: ოჯახში ძალადობას არა აქვს სოციალური სტატუსი


სოფიო კილაძე, ნინო ლომჯარია
სოფიო კილაძე, ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობას სოციალური სტატუსი, ასაკი და რელიგია არ აქვს და მსხვერპლი შეიძლება ყველა გახდეს. სახალხო დამცველი „ფეისბუკში“ გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეზე, სოფიო კილაძეზე ყოფილი ქმრის მიერ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ძალადობას. ნინო ლომჯარია პოსტში ამბობს, რომ ძალადობის დროს ყველა ქალმა უნდა ამოიღოს ხმა, მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთება რთულია:

„ქალმა საჯაროდ ისაუბროს მის მიმართ ჩადენილ ძალადობაზე, ჩვენს საზოგადოებაში ძალიან, ძალიან რთულია, ხოლო საჯარო პირმა, პოლიტიკოსმა და ცნობადმა სახემ - 10 000-ჯერ უფრო რთული და ძალიან დიდ გამბედაობას მოითხოვს. ოჯახში ძალადობას არა აქვს სოციალური სტატუსი, ასაკი, რელიგია, მისი მსხვერპლი შეიძლება გახდეს ყველა. სირცხვილი არ არის იყო მსხვერპლი, არც მსხვერპლის „ბრალია“ იყოს მსხვერპლი. სახელმწიფო იმიტომ არსებობს, რომ უნდა დაგვიცვას ასეთ ვითარებაში, საზოგადოება გვერდით უნდა დაუდგეს მათ. ყველა ქალმა უნდა ამოიღოს ხმა ძალადობის დროს და მისცეს სხვებს მაგალითი!“, - წერს ნინო ლომჯარია „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე.

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ მის ყოფილ მეუღლეს ფსიქოლოგიური ძალადობის გამო შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ კომენტარში მან განაცხადა, რომ ყოფილი მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო დაახლოებით 2 კვირის წინ სამართალდამცავებს მიმართა. საქმეზე სასამართლომ იმსჯელა და მოძალადეს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. მოძალადეს დეპუტატთან 1 თვის განმავლობაში მიახლოება და კომუნიკაცია ეკრძალება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG