Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IPN: ყოფილი ქმარი უარყოფს სოფო კილაძის მიმართ ძალადობას


პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ყოფილი ქმარი ავთანდილ ხარაძე ყოფილი მეუღლის მიმართ, როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობას უარყოფს.

„ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ხარაძე სოფო კილაძის განცხადებას ბავშვთან დაკავშირებულ უთანხმოებას უკავშირებს.

„6 წელია, სოფო კილაძესთან ვიმყოფები საეკლესიო და სამოქალაქო ქორწინებაში. 2 თვის წინ ვთხოვე გაყრის პროცედურის დაწყება. ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ერთად არ ვცხოვრობთ, სოფო მანიპულირებს ბავშვით, არ მაჩვენებს ბავშვს, მეუბნება, რომ გაჩვენებო, მაგრამ რეალურად, ბავშვთან კომუნიკაციის საშუალებას არ მაძლევს. ორ თვეში შვილი სულ თითებზე ჩამოსათვლელად, ხუთჯერ ვნახე. ვნახულობ მხოლოდ მაშინ, როდესაც ბავშვი გამომყავს ბაღიდან, როდესაც პატარა დაღლილია, დღის ბოლოა. გვიანი შემოდგომაა, ადრე ღამდება, ფიზიკურად ბავშვის წაყვანის საშუალება არ მაქვს არსად, გარდა გასართობი ცენტრისა, სკვერისა და ა.შ. სოფო არ მაჩვენებს ჩემს შვილს და ჩემი აზრით, ის არღვევს როგორც ჩემს, ისე ბავშვის უფლებებს. მით უმეტეს, ამას თან ერთვის, რომ ჩვენ ხელი გაწერილი არ გვაქვს და არანაირი სამართლებრივი უფლება არ აქვს, ერთი სრული დღე არ მანახოს ჩემი შვილი. მან იმისთვის, რომ არ მენახა ჩემი შვილი, გამოწერა შემაკავებელი ორდერი, რათა არ მივსულიყავი ჩვენს სახლში. ასევე, პოლიციამ განმიმარტა, რომ არ უნდა დავკავშირებოდი არც ერთი კომუმიკაციის საშუალებით, არ უნდა მენახა პირადად და არ უნდა მივსულიყავი სახლში 30 დღის განმავლობაში, რასაც პირნათლად ვასრულებ. ვარ კანონმორჩილი მოქალაქე“, - ამბობს ავთანდილ ხარაძე.

სოფიო კილაძემ კი დაადასტურა ინფორმაცია, რომ მის ყოფილ ქმარს ფსიქოლოგიური ძალადობის გამო შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ კომენტარში მან თქვა, რომ ყოფილი მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო დაახლოებით 2 კვირის წინ სამართალდამცავებს მიმართა. საქმეზე სასამართლომ იმსჯელა და მოძალადეს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. მოძალადეს დეპუტატთან 1 თვის განმავლობაში მიახლოება და კომუნიკაცია ეკრძალება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG