ირანმა დაიწყო ურანის გაზის ჩატვირთვა ფორდოვის ბირთვულ ობიექტზე განთავსებულ ცენტრიფუგებში, - იუწყება ადგილობრივი მედია. ეს არის თეირანის მიერ გადადგმული მორიგი ნაბიჯი, რომლითაც ის შორდება 2015 წლის საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.
„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლების თანდასწრებით, ირანმა ფორდოვში დაიწყო გაზის ჩატვირთვა ცენტრიფუგებში“, - განაცხადა სახელმწიფო ტელევიზიამ 6 ნოემბერს.
გაეროს ატომური უწყების პრესმდივნის თქმით, უწყების წარმომადგენლები „ირანში არიან და გადადგმული ნაბიჯების შესახებ ვენაში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შტაბბინაში გაავრცელებენ ინფორმაციას“.
პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ წინა დღეს განაცხადა, რომ ურანის გაზის ჩატვირთვა დაიწყებოდა 1044 ცენტრიფუგაში იატაკქვეშა ობიექტზე, სადაც ურანის გამდიდრება აკრძალული იყო ბირთვული შეთანხმებით.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამას „არასწორი მიმართულებით გადადგმული დიდი ნაბიჯი“ უწოდა და თეირანი „ბირთვულ გამოძალვაში“ დაადანაშაულა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯავად ზარიფის თქმით, მისი ქვეყანა პასუხობს აშშ-ის „ეკონომიკურ ტერორიზმსა და შანტაჟს“.
თეირანი თანდათანობით ამცირებს 2015 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებას შარშან აშშ გამოეთიშა და ირანს ეკონომიკური სანქციები აღუდგინა.