Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრე წულაძე: ზურაბ ადეიშვილი რჩევებს არ მეკითხებოდა


ალექსანდრე წულაძე
ალექსანდრე წულაძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი ალექსანდრე წულაძე ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2011-2012 წლებში იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მრჩეველი იყო, არ შეუძლია მისი საქმიანობის შეფასება. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მიმდინარე მოსმენაზე მან განაცხადა, რომ მას ზურაბ ადეიშვილის შეფასება პიროვნული თვალსაზრისითაც გაუჭირდება:

თუ პიროვნული თვალსაზრისით მეკითხებით, როგორც მინისტრს ან ადამიანს, ამ მხრივაც,მიუხედავად იმისა, რომ მე სამინისტროს მრჩეველი ვიყავი, არ მქონდა იმდენად მჭიდრო ურთიერთობა ან შემხებლობა მასთან პირადად, რომ როგორც ადამიანური, ან მენეჯერული თვალსაზრისით, ან სხვა თვალსაზრისით გამოვთქვა ჩემი შეხედულებები მასზე. ყოველ შემთხვევაში გამიჭირდება...

არ მაქვს საშუალება იმისი, რომ რაღაც დასკვნები გავაკეთო. მიჭირს სხვათაშორის და ამას პირველად არ ვამბობ. მათ შორის ჩემი მეგობრების წრეში და არაფორმალურ გარემოში და სხვადასხვა სიტუაციაში როცა მეკითხებიან, შენ მასთან მუშაობდი და რას იტყვიო, ვამბობ, რომ მიჭირს რამის თქმა, იმიტომ რომ არ მქონია უშუალო შეხება“, - აღნიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ალექსანდრე წულაძე. იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის საქმიანობის შეფასება საკომიტეტო მოსმენაზე მას დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ სთხოვა:

„შეიძლება პირადად თქვენთან, ქალბატონო ეკა, უფრო მეტჯერ ვარ შეხვედრილი, ვიდრე მასთან. არ დამითვლია რამდენჯერ, მაგრამ პირადად სულ რაღაც 10-ჯერ ვარ შეხვედრილი. იყო სულ რამდენიმე წუთიანი შეხვედრები, თანაც არა მარტო, არამედ სხვა ადამიანებთან ერთად“, - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს, 7 ნოემბერს უსმენენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მე-19 კანდიდატს, იურისტ ალექსანდრე წულაძეს. მას მოსამართლედ არასდროს უმუშავია.

2017 წლის ოქტომბრიდან დღემდე ალექსანდრე წულაძე იურიდიული კომპანიის, CLL Law Firm-ის პარტნიორია. 2015-2017 წლებში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხელმძღვანელობდა ჯერ საერთაშორისო თანამშრომლობისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტს, ხოლო შემდეგ საერთაშორისო თანამშრომლობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს.

2012-2015 წლებში ალექსანდრე წულაძე იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსის მოადგილე, შემდეგ კი უფროსი. 2011-2012 წლებში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მრჩევლად. 2011 წელს ასრულებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბიუროს უფროსის მოვალეობას. 2008-2009 წლებში ალექსანდრე წულაძე იყო საადვოკატო ბიუროს, „გაბუნია და პარტნიორები“-ს იურისტი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 23 სექტემბრიდან მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ ასარჩევი კანდიდატების მოსმენა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს სულ 20 კანდიდატი წარუდგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG