Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი ორი მილიონი დოლარით დააჯარიმეს


ტრამპის საქველმოქმედო ფონდის აქცია ომის ვეტერანებისთვის. 2016 წლის იანვარი, აიოვა
ტრამპის საქველმოქმედო ფონდის აქცია ომის ვეტერანებისთვის. 2016 წლის იანვარი, აიოვა

ნიუ-იორკის სასამართლომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დააკისრა არაკომერციული ორგანიზაციებისთვის ორი მილიონი დოლარის გადახდა საკუთარი საქველმოქმედო ფონდის პოლიტიკური და საქმიანი ინტერესებისთვის გამოყენების გამო.

ტრამპს სასამართლოში 2018 წლის ზაფხულში უჩივლა ნიუ-იორკის პროკურატურამ. გამოძიების ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა და მისმა შვილებმა დაარღვიეს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კანონი. კერძოდ, ტრამპის საქველმოქმედო ფონდის მეშვეობით შეგროვებული თითქმის სამი მილიონი დოლარი გამოყენებული იყო 2016 წლის საარჩევნო კამპანიისთვის. გარდა ამისა, პროკურატურის ვერსიით, თანხის ნაწილი დონალდ ტრამპმა პირადი საჭიროებისთვის დახარჯა.

სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპმა თავისი საარჩევნო შტაბის თანამშრომლები უკანონოდ ჩართო ფონდის საქმიანობაში ომის ვეტერანებისთვის თანხების შესაგროვებლად, თავად ეს აქცია კი, რეალურად, ორგანიზებული იყო პოლიტიკური კამპანიისთვის.

სასამართლოს გადაწყვეტილებამდე დონალდ ტრამპის იურისტებმა და ნიუ-იორკის პროკურატურამ მიაღწიეს შეთანხმებას საქველმოქმედო ფონდის გაუქმების და მის ანგარიშებზე დარჩენილი 1,7 მილიონი დოლარის სხვა არაკომერციული ორგანიზაციებისთვის გადარიცხვის შესახებ.

ამ შეთანხმებით, ტრამპმა აღიარა, რომ ფონდის თანხებით ბოროტად სარგებლობის გადაწყვეტილება პირადად მიიღო. დონალდ ტრამპის ადვოკატებმა და პროკურატურამ მოსამართლეს დაუტოვეს საჯარიმო თანხის საბოლოო რაოდენობის განსაზღვრის უფლება. ტრამპისთვის დაკისრებული ორი მილიონი დოლარი თანაბრად განაწილდება 8 არაკომერციულ ორგანიზაციაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG