Accessibility links

გიგა ბოკერია რომან გოცირიძეს: "ქართულ ოცნებასთან" ხინკლის მიტანა არ შეიძლება


გიგა ბოკერია, რომან გოცირიძე

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელს რომან გოცირიძეს პარლამენტში ხინკლის მიტანის გამო „უსაყვედურა“. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოსამართლეობის კანდიდატის, გოჩა ჯეირანაშვილის მოსმენა მიმდინარეობდა, გიგა ბოკერიამ რომან გოცირიძეს უთხრა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ხინკლის მიტანა არ შეიძლება:

„როგორ შეიძლებოდა ხინკლის მოტანა ამ ხალხთან. ყველგან ლაპარაკობენ, „თავანი“ ჩამოიტანა, წააგოო. არ იცით, ეგენი როგორები არიან? 100-ით ნოლს რომ აგებდნენ, ბოლო კუთხურს ჩამოაწოდებენ, იძახიან მოვიგეთო. არ შეიძლება ამათთან ეგეთები“, - გიგა ბოკერიამ რომან გოცირიძეს ურჩია, „ნაციონალებმა“ „ევროპულ საქართველოს“ დაუჯერონ.

თუ უდიპლომო არ მიდის ხინკალთან, ხინკალი თავად მიდის დიპლომიანებთან, - ასეთი წარწერა ჰქონდა ყუთებს, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტში ხინკალი მიიტანა.

რომან გოცირიძემ თქვა, რომ მან ვერ იპოვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის თანაკურსელები, ამიტომ, დაპირებული ხინკალი პარლამენტში მიიტანა.

„დღეს დამთავრდა მოსამართლეთა მოსმენა. გამოვაცხადე, რომ ვინც კი წარმოადგენდა ცნობას, რომ ის ბატონ თადუმაძესთან ერთად სწავლობდა, ვეპატიჟებოდი სახინკლეში. 2 თვის განმავლობაში არცერთი ნამდვილი სტუდენტი არ გამომეხმაურა, თუმცა, მოტყუების მცდელობები იყო. რამდენიმემ იმდენად პროფესიონალურად მოიტყუა, გადავწყვიტე, დამეპატიჟა ეს ხალხი ხინკალზე“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

9 ოქტომბერს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომან გოცირიძემ შალვა თადუმაძის „ნამდვილი ჯგუფელები“ სახინკლეში დაპატიჟა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG