ჰომოფობიური განწყობებით გამორჩეულმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში მიმდინარე მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მიმართა.
„მე მინდა მივმართო ჩვენი ქვეყნის არაფორმალურ ხელმძღვანელს, ბიძინა ივანიშვილს და ვუთხრა, რომ ჩვენ დავიღალეთ ცოტა ამ თქვენი პოლიტიკური თამაშებით და ვეღარ გავიგეთ, ვის მხარეს ხართ თქვენ“, - თქვა ვასაძემ.
ბიზნესმენი ყოფილ პრემიერ-მინისტრს 20 ივნისს დაწყებული მოვლენების დროს მისი მხარდამჭერების პოზიციასაც ახსენებს.
„როდესაც ესვე ხალხი აბანავებდა სისხლში მთელი ზაფხულის განმავლობაში რუსთაველს და სახელმწიფოს გადატრიალებას უწყობდა, არავინ, ვინც აქ [ვერის ბაღში] დგას, იქ არ მისულა და არცერთი პოლიციელისთვის ქვა და ხელი არ ჩაურტყამს. ჩვენ ვგულშემატკივრობდით არა ქართველების მიერ ერთმანეთის სისხლისღვრას, არამედ იმას, რომ კიდევ ერთხელ არ გადატრიალებულიყო ჩვენი სახელმწიფო. ვლოცულობდით იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები გაბრუებული ახალგაზრდა დაზიანებულიყო იმ ბრძოლის დროს, რომლებსაც იყენებენ ის ცინიკური ადამიანები, რომლებიც წინა პოლიტიკური რეჟიმის დროს, თითოეულ ჩვენგანს დევნიდნენ, აპატიმრებდნენ, აუპატიურებდნენ და საშინელ დღეში ამყოფებდნენ“, - ამბობს ლევან ვასაძე.
ვასაძე ივანიშვილს ვერის ბაღში მისვლისკენ შემდეგი სიტყვებით მოუწოდებს:
„მინდა მივმართო ბიძინას და ვუთხრა, თუ შენ მართლა გეშინია და ვერ აუქმებ ამ ფილმს, მაშინ მოდი და დაგვიდექი ვერის ბაღში ჩვენს გვერდზე. ამით გამოხატე შენი ეროვნული პოზიცია... წამოიყვანე შენი პრემიერ-მინისტრიც, ღარიბაშვილიც, შენი თავდაცვის მინისტრი და დაგვანახე, რომ არ უგულებელყოფთ ქართველი ხალხის აღშფოთებას“.
კინოთეატრ „ამირანთან“ და მის გარშემო პერიმეტრზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება საქართველოში სამი დღის განმავლობაში, 8, 9 და 10 ნოემბერს გაიმართება. ჩვენების წინააღმდეგ მობილიზებულია სხვადასხვა რადიკალური დაჯგუფება: „ქართული მარში“, გურამ ფალავანდიშვილის „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“, ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები. ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებიან საპატრიარქო და ცალკეული სასულიერო პირებიც.
შსს-ში აცხადებენ, რო უწყება უზრუნველყოფს საზოგადოების უსაფრთხოებას და გამოხატვის თავისუფლების დაცვას.