Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ევროსაბჭოს გენერალური მდივანი იმყოფება


მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი
მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი

საქართველოში იმყოფება ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი. მისი ვიზიტი უკავშირდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მოახლოებულ თავმჯდომარეობას.

საქართველო მინისტრთა კომიტეტის ექვსთვიან თავმჯდომარეობას 2019 წლის 27 ნოემბერს, საფრანგეთისგან გადაიბარებს. ამჟამად კომიტეტს ხელმძღვანელობს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი.

დღეს, 11 ნოემბერს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი პირველ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართავს. მხარები განიხილავენ საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს, საქართველოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობას და სამომავლო გეგმებს. შეხვედრის შემდეგ მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი და დავით ზალკალიანი მედიისთვის გააკეთებენ განცხადებას საქართველოსთვის თავმჯდომარეობის გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შესახებ, რომელიც სტრასბურგში გაიმართება.

გენერალური მდივნის ვიზიტისას დაგეგმილია ევროპის საბჭოს 70 წლისთავისა და ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო მონეტის და საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამოქმედო გეგმა ევროპის საბჭოსა და ქართული მხარის აქტიური თანამშრომლობით მომზადდა და მიზნად ისახავს ევროპულ სტანდარტებთან ადამიანის უფლებათა დაცვის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის უფრო მეტად დაახლოებას.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს, თამარ ჩუგოშვილს.

XS
SM
MD
LG