Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როჰანი: ბირთვულ ხელშეკრულებაში დარჩენა მოგვცემს იარაღის ყიდვა-გაყიდვის საშუალებას


ირანის პრეზიდენტი, ჰასან როჰანი, დიდი ალბათობით, კონსერვატორთა გულის მოსაგებად აცხადებს, რომ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან 2015 წელს გაფორმებულ ბირთვულ ხელშეკრულებაში დარჩენა თეირანს საშუალებას მისცემს, უცხოეთში აწარმოოს იარაღის ყიდვა-გაყიდვა.

11 ნოემბერს, ირანის სამხრეთ-დასავლეთში მყოფმა როჰანიმ განაცხადა, "ბირთვული ხელშეკრულების გაგრძელებით, ჩვენ უზარმაზარ პოლიტიკურ, თავდაცვით და უსაფრთხოების მიზნებს" მივაღწევთო.

"თუ ბირთვულ ხელშეკრულებას გადავარჩენთ, იარაღზე ირანის ემბარგო მოიხსნება და შევძლებთ მსოფლიოსთან ვაწარმოოთ იარაღის ყიდვა-გაყიდვა", - თქვა მან.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შარშან აშშ გაიყვანა ბირთვული ხელშეკრულებიდან, რომელიც ირანს საშუალებას აძლევდა ჩართულიყო მსოფლიო ვაჭრობაში, მათ შორის, ნავთობის სფეროში, თავისი ატომური პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ. ვაშინგტონმა მას შემდეგ ირანის ეკონომიკას მკაცრი სანქციები აღუდგინა, თეირანმა კი უკვე შეწყვიტა რამდენიმე პუნქტის შესრულება და ამბობს, რომ ხელშეკრულებას კიდევ უფრო მეტად დაარღვევს, თუ ხელშეკრულების ევროპელი ხელმომწერები - საფრანგეთი, გერმანია და ბრიტანეთი - არ შეამსუბუქებენ მის ეკონომიკურ მდგომარეობას. ხელშეკრულების კიდევ ორი მსხვილი ხელმომწერი რუსეთი და ჩინეთი არიან.

XS
SM
MD
LG