Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლივიის პრეზიდენტის პოსტიდან გადამდგარმა ევო მორალესმა თავი მექსიკას შეაფარა


ევო მორალესი
ევო მორალესი

ბოლივია დატოვა ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ევო მორალესმა. მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა მექსიკის ხელისუფლებამ. მორალესი ბოლივიიდან მექსიკის მთავრობის თვითმფრინავით გაემგზავრა.

11 ნოემბერს, მექსიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჰუმანიტარული მოსაზრებით დაკმაყოფილდა ევო მორალესის თხოვნა თავშესაფრის მინიჭების შესახებ. ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებდა, რომ სამშობლოში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მორალესმა მექსიკის მთავრობას თავშესაფრისთვის მადლობა გადაუხადა, სამშობლოში დარჩენილ მხარდამჭერებს კი, სამომავლოდ დაბრუნებას დაპირდა.

ევო მორალესი ბოლივიის პრეზიდენტის თანამდებობიდან 10 ნოემბერს გადადგა საპროტესტო გამოსვლების შედეგად. მორალესთან ერთად თანამდებობები დატოვეს ვიცე-პრეზიდენტმა, პარლამენტის ორივე პალატის სპიკერებმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და გუბერნატორებმა.

ბოლივიაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 24 ოქტომბერს, საარჩევნო ადმინისტრაციამ ოთხი დღით ადრე ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველსავე ტურში გამარჯვებულად გამოაცხადა მოქმედი პრეზიდენტი ევო მორალესი მაშინ, როცა წინასწარი შედეგები მეორე ტურის ალბათობაზე მიუთითებდა.

საპროტესტო აქციების დროს დაიღუპა სამი ადამიანი და სამასამდე დაიჭრა.

გასული კვირის ბოლოს ევო მორალესი ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას დათანხმდა, თუმცა, არმიამ და პოლიციამ მხარი არ დაუჭირეს, რის გამოც იძულებული გახდა გადამდგარიყო.

ბოლივიის ფერმერთა პროფკავშირის ყოფილი ლიდერი, მემარცხენე ევო მორალესი პრეზიდენტის თანამდებობას 2006 წლიდან იკავებდა.

ბოლივიის ხელისუფლების პირველი პირის უფლებამოსილება დროებით გადაეცა სენატის ვიცე-სპიკერს, ჟანინ ანიესს, რომელიც ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG