Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავა


ბადრი პატარკაციშვილი
ბადრი პატარკაციშვილი

გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე თბილისის პროკურატურამ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები დავით ქოქაშვილი და ილია გამგებელი დააკავა, ხოლო მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის, ლევან ქარდავას მიმართ გამოიტანა დადგენილება ბრალდების შესახებ.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2006 წლის ივნის-ივლისის თვის პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ბიზნესმენ არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის მიმართ გააქტიურებულიყო მეთვალყურეობა, გაძლიერებულიყო კონტროლი მის საცხოვრებელ სახლებზე, დაცვასა და მასთან დაახლოებულ პირებზე. პროკურატურის თანახმად, აღნიშნული ქმედებები უკავშირდებოდა მის პოლიტიკურ აქტივობას, რაც მიუღებელი იყო იმჟამინდელი ხელისუფლებისთვის და აღიქმებოდა მაღალი რისკის საფრთხედ.


გამოძიების მიხედვით, 2006 წლის ივლის-აგვისტოს თვის პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაიგეგმა ურეკში მდებარე არკადი(ბადრი) პატარკაციშვილის საცხოვრებელ სახლზე თავდასხმა, რაც გულისხმობდა სახლის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლებს. ღონისძიება წარმოადგენდა გამაფრთხილებელ აქციას და მიზნად ისახავდა პატარკაციშვილის პოლიტიკური აქტივობის შეწყვეტას.

ღონისძიების ჩატარებამდე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ურეკის პოლიციის იმჟამინდელ უფროსს ჯემალ შამათავას დაევალა, მორიგე პოლიციის თანამშრომლების ჯგუფები მოეხსნა არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის სახლიდან. ჯემალ შამათავამ ღონისძიების დაწყებამდე მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა პატარკაციშვილის კომენდანტს და გააფრთხილა მოსალოდნელი თავდასხმის თაობაზე. ეს ფაქტი ცნობილი გახდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისთვის.


პროკურატურის განცხადების მიხედვით, აღნიშნული ქმედების გამო ჯემალ შამათავას დასჯის მიზნით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის, გია დგებუაძის ორგანიზებით, შემუშავებულ იქნა მისი განზრახ უკანონოდ დაკავების გეგმა, რომლის განხორციელებაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები - ლევან ქარდავა, დავით ქოქაშვილი და ილია გამგებელი.


2006 წლის 22 აგვისტოს, ჯემალ შამათავა დაკავებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 144 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით. მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.


პროკურატურის თანახმად, ზემოხსენებულ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 147-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ცხრიდან თორმეტ წლამდე ვადით.


რაც შეეხება გია დგებუაძეს, როგორც პროკურატურა იტყობინება, იგი დააკავეს ნიდერლანდის სამეფოში და ამის შემდეგ განხორციელდა მისი ექსტრადირება საქართველოში. შესაბამისად, გ.დ.-ის მიმართ გატარდება საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროცედურები დევნის დასაწყებად ექსტრადირების განმახორციელებელი ქვეყნის თანხმობის მისაღებად.
ამ ეტაპზე საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG