Accessibility links

ახალი ამბები

ზვიად ძიძიგური: ჩოხის ჰომოსექსუალისტებთან დაკავშირება შეურაცხმყოფელია

როდესაც ჰომოსექსუალისტები თავის ინტიმურ ცხოვრებას ჩოხის თანხლებით ახორციელებენ, ეს არის ქართველი ერის სულში ჩაფურთხება, - ეს განცხადება უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

„მთელი მსოფლიოსთვის საქართველოს თვითმყოფადობა გამოხატულია მის კულტურაში, მის ცეკვაში, მის სიმღერაში, ეროვნულ ატრიბუტიკაში, ჩაცმულობაში მათ შორის, ღვინოში და საქართველოს ეკლესიაშიც. საქართველოს ეკლესიაში იმიტომ, რომ ჩვენი კულტურა, ესაა ქრისტიანული კულტურა და ჩვენი კულტურის სათავეში სწორედ ქრისტიანული ღირებულებები დგას.

როდესაც ჰომოსექსუალისტები თავის ინტიმურ ცხოვრებას ჩოხის თანხლებით ახორციელებენ, ეს არის ქართველი ერის სულში ჩაფურთხება. ამას მე ვამბობ „კონსერვატორების“ სახელით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ამას იზიარებს“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ზვიად ძიძიგური საპატრიარქოსთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ყველა განწყობას, იმ შტურმთან დაკავშირებით, რომლებიც ქართულ ღირებულებებზე, ეკლესიაზე ხორციელდება, შედეგი 2020 წელში ექნება და ამით ოპოზიცია ბედნიერი არ იქნება.

„მას შემდეგ, რაც მიშა სააკაშვილს რელიგიური ექსტაზი დაემართა, ოპოზიციამ ჩათვალა, რომ თვითონაც უნდა გამოვიდეს საპატრიარქოს მხარდასაჭერად და მეუფე იაკობის განცხადებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა. ჩათვალეს, რომ ეს მსუყე თემაა და წაადგებათ. თუ ასევე რელიგიურ ექსტაზში ჩავარდნილი სალომე სამადაშვილი დაკითხავს მეუფე იაკობს პარლამენტის სივრცეში, შეიძლება შემდეგ პატრიარქზეც გაიწიოს და პატრიარქის დაკითხვაც მოინდომოს. გარწმუნებთ, ამით „ნაციონალური მოძრაობა“ ეკლესიას და ვერც თავის თავს ვერ დაეხმარება“, - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში 12 ნოემბერს ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე გაკეთდა.

ყველა ახალი ამბავი

ტრამპი ამბობს, რომ ხედავს „სინათლეს გვირაბის“ ბოლოს, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ხედავად იმედის ნაპერწკალს COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ საქვეყნო ბრძოლაში იმ ფონზე, როდესაც ჯანმრთელობის დაცვის უწყების წარმომადგენლები უკიდურესად მუქ ფერებში ხედავენ პანდემიის გავლენას.

5 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ „ბევრი გარდაცვლილი“ იქნება და ამერიკელებს დაუდგებათ „ყველაზე რთული“ კვირა COVID-19-ის პანდემიის გამო. მაგრამ მოგვიანებით შეარბილა შეფასება და დასძინა, რომ ვითარება ახალ ინფექციასთან დაკავშირებით ქვეყანაში „გამოსწორდება“ მათ შორის ყველაზე პრობლემატურ შტატებში.

პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე დასძინა, რომ აშშ-ი წინ წავიდა კორონავირუსის ვაქცინის შემუშავებაში, თუმცა არ წარმოუდგენია არანაირი კონკრეტული ინფორმაცია ან მტკიცებულება. „ჩვენ ვხედავათ სინათლეს გვირაბის ბოლოს“, - განაცხადა დონალდ ტრამპა 5 აპრილს, კორონავირუსის გარშემო შექმნილი მდგომარეობაზე თავისი ყოველდღიური მიმართვის დროს.

188 ინფიცირებულიდან ორმხრივი პნევმონია 81 პაციენტს განუვითარდა

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, კორონავირუსით COVID-19-ით ინფიცირებული 188 პაციენტიდან პნევმონია 81-ს განუვითარდა.

„ჩვენ გვქონდა დაფიქსირებული 188 პაციენტიდან 81 ადამიანზე ორმხრივი პნევმონია, რომელთაგანაც 8 ადამიანს დასჭირდა სუნთქვითი მხარდაჭერა. ამ ეტაპზე კლინიკებში იმყოფება 6 პაციენტი, რომელსაც კვლავ ესაჭიროება სუნთქვითი მხარდაჭერა. 3 საუნივერსიტეტო კლინიკაშია, 1 ბათუმში, 1 გორში და 1 ინფექციურ საავადმყოფოში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი სიტყვებით, საქართველოში არის 700 სასუნთქი აპარატი, რაც სრულიად საკმარისია პაციენტთა უსაფრთხო გამოჯანმრთელებაზე ზრუნვისთვის.

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ის 188 შემთხვევა, მათგან 2 ადამიანი გარდაიცვალა.

6 აპრილის 13:10 საათის მონაცემებით, 188-დან 36 უკვე გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმშია 5056 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 386.

თეა წულუკიანი: მაღალჩინოსნებისთვის სპეციალური პენიტენციური დაწესებულება აღარ იარსებებს

თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განმარტებით, პატიმრობაში მყოფი ყოფილი საჯარო მოხელე თუ სახელმწიფო სტრუქტურაში მომუშავე პირი, რა ჩინის და რანგისაც უნდა იყოს, ცალკე დაწესებულებაში აღარ განთავსდება. მინისტრის თანახმად, ე.წ. მატროსოვის ციხე 1 მაისიდან აღარ იარსებებს.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თეა წულუკიანმა განაცხადა, მატროსოვის ციხის შენობა და ინფრასტრუქტურა მოძველებულია და მისი ლიკვიდაციის პროცესი, მინისტრის ბრძანებით, პირველ მაისს უნდა დასრულდეს:

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალში ეს დაწესებულება შეუერთდება ნომერ მეთორმეტე დაწესებულებას და საქართველოში აღარ იარსებებს მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი პენიტენციური დაწესებულება... ყველა ყოფილი საჯარო მოხელე იქნება განთავსებული ნომერ მეთორმეტე დაწესებულებაში, რომლის ნაწილიც ყოფილი მატროსოვის ციხე გახდება პირველი მაისიდან“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

"მთავარი არხის" კითხვაზე, არიან თუ არა რუსთავში გადაყვანილ პირებს შორის გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, მინისტრმა განაცხადა, რომ გუშინ მატროსოვის ციხიდან რუსთავის დაწესებულებაში ორ ეტაპად გადაიყვანეს ყველა მსჯავრდებული და ბრალდებული პირი.

საქართველომ მიმართა ნატოს COVID-19-ისგან დამცავი აღჭურვილობის თხოვნით

3 აპრილს საქართველომ COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში საჭირო აღჭურვილობით დახმარების თხოვნით მიმართა ნატოს "კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკურ საკოორდინაციო ცენტრს" (EADRCC). EADRCC ეს არის საგანგებო სიტუაციებზე ნატოს რეაგირების მთავარი სამოქალაქო მექანიზმი, რომელიც მოქმედებს მუდმივად და ამ მექანიზმის საშუალებით ხდება საჭიროებების მქონე ქვეყნებისა და დახმარების გამცემი ქვეყნების კოორდინაცია საგანგებო ვითარებების დროს ევროატლანტიკურ სივრცესა და ნატოს პარტნიორ ქვეყნებში.

საქართველოს მიერ გაგზავნილ მოთხოვნაში აღწერილია ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების მხრივ არსებული მდგომარეობა, ის ნაბიჯები, რომლებიც უკვე გადადგა ხელისუფლებამ და მოთხოვნილია “მატერიალური აღჭურვილობა თავდაცვის ძალების 100 საკონტროლო პუნქტისთვის“. ჩამონათვალი რამდენიმე კატეგორიად არის დაყოფილი. პირველია "აღჭურვილობა და ჰიგიენა", რომელშიც შედის: 100 ც საველე ბანაკი (20 პირისთვის), 100 ც საველე სასადილოს აღჭურვა (20/10 პირისთვის), 100 ც საველე სამედიცინო პუნქტის აღჭურვილობა, 2500 ც საველე საწოლი, 100 ც პირსაბანი (10 სექციით), 100 ც გენერატორი, 600 ც გამათბობელი, 300 ც ცეცხლმაქრი, 100 ც მაცივარი (შუშის კარით), 100 ც ელექტროჩაიდანი, 200 ც ვერცხლისწყლიანი თერმომეტრი, 500 ც დეზინფექტანტის დისპენსერი, 200 ც ელექტროთერმომეტრი, 200 ც ლაზერული/ინფრაწითელი თერმომეტრი.

შემდეგი კატეგორიაა მატერიალური აღჭურვილობა, რომელიც გზების გადაკეტვისთვის არის საჭირო: 1200 ც პლასტმასის ბლოკი ხერგილისთვის, 200 ც ამკრძალავი ნიშანი, 200 ც ხელში დასაჭერი ამკრძალავი ნიშანი, 400 ც პროექტორი, 100 ც მეგაფონი, 100 ც მავთულხლართის 20-მეტრიანი კოჭი.

საქართველოს მიერ ნატოს "კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკურ საკოორდინაციო ცენტრში" გაგზავნილ დახმარების თხოვნის წერილში არის აგრეთვე „სწრაფად მოხმარებადი ნივთების“ კატეგორია, რომელშიც შედის: 20500 ც ერთჯერადი სრულად დამცავი ბიოკომბინეზონი, 26000 ც რესპირატორი N95, 190000 ც დამცავი ნიღაბი, 4 ც სადეზინფექციო შხაპის კარავი (სამი შესასვლელით და გამოსასვლელით), 4 ც 5X5-ზე წყალგამძლე მასალა სადეზინფექციო შხაპის კარვისთვის, 1000 ც ბიოსაფრთხის სადეზინფექციო სპრეი პირადი დეზინფექციისთვის, 20 ც ცეცხლგამძლე კარავი 20X25 მეტრზე ფართობის, გათბობის სისტემით, 290 ც ინფრაწითელი თერმომეტრი, 23000 დამცავი ხელთათმანი, 500 ლიტრი სადეზინფექციო საშუალება, 2000 ცალი სათვალე/სახის დამცავი ფარი, 5000 ც დამცავი ეკიპირება, 50 ც ელექტროსპრეი.

რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების 1000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

რუსეთის მთავრობის ოპერატიული შტაბის თანახმად, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთში გამოვლინდა კორონავირუსით დაავადების 954 ახალი შემთხვევა, რაც ეპიდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდი რიცხვია. ერთი დღით ადრე კორონავირუსის ინფექცია აღმოაჩნდა 658 ადამიანს.

რუსეთის მთავრობის ოპერატიული შტაბის თანახმად, პანდემიის განმავლობაში რუსეთში დაინფიცირდა 6343 ადამიანი, 47 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 406 გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსით ყველაზე მეტი, დაახლოებით 4 ათასი კაცი, მოსკოვშია დაინფიცირებული, სადაც საგანგებო თვითიზოლაციის მკაცრი რეჟიმი მოქმედებს.

რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, 2 აპრილიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით აპრილის ბოლომდე გაგრძელდა „არასამუშაო რეჟიმი“.

მანამდე, 31 მარტს, რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ, სახელმწიფო დუმამ, სასწრაფო წესით მიიღო მთავრობის ინიციატივით შემუშავებულ კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ამკაცრებს როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლისსამართლებრივ სანქციებს.

ეროვნული გამოცდების თარიღის შეცვლა არ განიხილება - განათლების მინისტრი

მიმდინარე სემესტრი აუცილებლად შედგება და არც ერთ შემთხვევაში არ ჩავარდება, - განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი სიტყვებით, პრობლემა არ შეიქმნება ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებითაც.

„ჩვენი სამინისტრის გადაწყვეტილებით ჩვენ გავახანგრძლივეთ ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის ვადა. მაგრამ ეს არანაირად არ ეხება თვით ეროვნული გამოცდების თარიღებს. ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ფორმატის ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება“, - განაცხადა განათლების მინიტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ის 188 შემთხვევა, მათგან 2 ადამიანი გარდაიცვალა.

6 აპრილის 12:45 საათის მონაცემებით, 188-დან 36 უკვე გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმშია 5056 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 386.

საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი სპეცრეისით ესპანეთიდანაც დაბრუნდება

ბარსელონის აეროპორტი

კორონავირუს COVID-19-თან საბრძოლველად საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამშობლოში მოქალაქეთა დასაბრუნებლად კიდევ ორი ავიარეისი დაინიშნა:

24 აპრილს თბილისი-ბარსელონა-თბილისი;

27 აპრილს თბილისი-ვარშავა-თბილისი.

ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამოაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

მანამდე მიღებული გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა ეტაპობრივად დასაბრუნებლად დანიშნული ავიარეისებია:

7 აპრილი - თბილისი-ათენი-თბილისი;

10 აპრილი - თბილისი-ლარნაკა-თბილისი;

12 აპრილი - თბილისი-ბერლინი-თბილისი;

14 აპრილი - თბილისი-ამსტერდამი-თბილისი;

16 აპრილი - თბილისი-პარიზი-თბილისი;

18 აპრილი - თბილისი-თელავივი-თბილისი;

21 აპრილი - თბილისი-რომი-თბილისი.

ავიარეისებს შეასრულებს კომპანია „Georgian Airways“-ი.

ბილეთების გაყიდვა რეისამდე ორი დღით ადრე უნდა დაიწყოს და ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.

საქართველოში მოქალაქეთა დაბრუნება ხდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად. სამშობლოში დაბრუნებულები ორკვირიან სავალდებულო კარანტინს ექვემდებარებიან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ, სახელმწიფოს ხელშეწყობით საქართველოში დაბრუნდა 5000დე მოქალაქე. ორგანიზებული დაბრუნება მოხდა შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი, იტალია, ირანი, პოლონეთი, ბულგარეთი, გერმანია, საბერძნეთი, ბელარუსი, ნიდერლანდი, ეგვიპტე, აზერბაიჯანი და სომხეთი.

მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.

ლევან რატიანი: 62 წლის მარნეულელი ქალი კლინიკას სავარაუდოდ რამდენიმე დღეში დატოვებს

ლევან რატიანი

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განმარტებით, კლინიკაში განთავსებული 62 წლის მარნეულელი ქალი სავარაუდოდ უახლოეს მომავალში გაეწერება ბინაზე:

„მინდა გითხრათ, რომ 62 წლის ქალბატონი, რომელიც არის ე.წ. მარნეულის კლასტერიდან, პირველ ეტაპზე მოვიდა დადებითი ტესტი. დღეს ვაგზავნით განმეორებით ტესტს და, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაეწერება კლინიკიდან“, - უთხრა ჟურნალისტებს ლევან რატიანმა. მისი თქმით, გაუმჯობესებულია ასევე 80 წლის ქალის მდგომარეობაც. იგი მოიხსნა მართვითი სუნთქვიდან:

„ქალბატონი 80 წლის, რომელიც ჩვენს კლინიკაში შემოსულია მწვავე რესპირატორული დისტრესიით, ორმხრივი მწვავე პნევმონიით, მწვავე სეფსისით, გულის უკმარისობით, არტერიული ჰიპერტენზიით, მისი მდგომარეობა იცით, რომ დინამიკაში გაუმჯობესებული იყო. ამ დილიდან მოიხსნა მართვითი სუნთქვიდან და ქალბატონი სპონტანურ სუნთქვაზეა“, - განაცხადა ლევან რატიანმა. მისი თქმით, პაციენტების გამოჯანმრთელების შანსი მით უფრო მაღალია, თუ ისინი კლინიკას სუნთქვის გაძნელების საწყის სტადიაზე მიმართავენ.

ლევან რატიანის თანახმად, თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისათვის ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 51 პაციენტი მკურნალობს.

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ის 188 შემთხვევა, მათგან 2 ადამიანი გარდაიცვალა.

6 აპრილის 10:15 საათის მონაცემებით, 188-დან 36 უკვე გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმშია 5056 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 386.

EFJ კოსოვოს ზოგიერთ მედიას აკრიტიკებს ჩრდილოეთ მიტროვიცაში კარანტინის "არაეთიკური" გაშუქებისთვის

ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია (EFJ) მოუწოდებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს კოსოვოში, თავი შეიკავონ „დაძაბულობის გაღმავებისგან“ კორონავირუსის პანდემიით ჯანდაცვის სისტემაში გამოწვეული კრიზისის დროს.

ბრიუსელში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციას მხედველობაში ჰყავს კოსოვოს სახელმწიფო მაუწყებელი RTK და საინტერნეტო გამოცემა Sinjali, რომლებმაც „შეფერებლად და არაეთიკურად“ გააშუქეს კარანტინი უპირატესად სერბებით დასახლებულ ქალაქ ჩრდილოეთ მიტროვიცაში.

EFJ-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 4 აპრილის რეპორტაჟის დროს ქალაქ ჩრდილოეთ მიტროვიციდან, RTK-ს ჟურნალისტების მიერ გაკეთებულმა „დაუსაბუთებელმა განცხადებებმა და პროვოკაციულმა შეკითხვებმა“ მძაფრი რეაქცია გამოიწვია კოსოვოში და არსებობს საფრთხე, რომ მოხდეს „დაძაბულობის ზრდა სერბ და ალბანელ მოსახლეობას შორის“.

ტელეკომპანია RTK-ს მთავარი რედაქტორის მოვალეობის შემსრულებელმა, რიდვან ბერიშამ, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ რეპორტაჟზე მუშაობის დროს მომხდარი „ზეწოლის“ გამო, შესაძლოა, ჟურნალისტმა „დაუშვა პროფესიული შეცდომა“, მაგრამ „არ ყოფილა არავითარი მოწოდება არეულობისა და ეთნიკური დაძაბულობისკენ“, - გადაჭრით აცხადებს რიდვან ბერიშა.

ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციის თანახმად, 3 აპრილს, საინტერნეტო გამოცემა „Sinjali“-მ გამოაქვეყნა ჩრდილოეთ მიტროვიცასა და სხვა ქალაქებში კორონავირუსის გამო კარანტინში მოთავსებული 210 ადამიანის, ძირითადად ეთნიკური სერბებისა და ბოშების, სახელები, მისამართები და დაბადების თარიღები.

კოსოვოში მცხოვრები სერბი ჟურნალისტების ასოციაციის და საზოგადოების წარმომადგენელთა პროტესტის შემდეგ, მოქალაქეთა პირად ინფორმაციას მოგვიანებით რეტუშირება გაუკეთდა.

კოსოვოს სახალხო დამცველმა ჰილმი იაშარიმ პირადი მონაცემების გამოქვეყნება დაგმო, როგორც კონსტიტუციის 36-ე მუხლის დარღვევა, რომელიც ადგენს მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.

„ჩანს, რომ სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩითა და კოსოვოს პრეზიდენტ ჰაშიმ ტაჩით დაწყებული, ზოგიერთი პოლიტიკოსი თავისი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს იყენებს პოლიტიკური და სოციალური დაძაბულობისათვის“, - ნათქვამია EFJ-ის გენერალური მდივნის, რიხარდო გუტიერეშის განცხადებაში, რომელიც მოუწოდებს ჟურნალისტებს, რომ არ „აყვნენ პოლიტიკოსთა თამაშს და იმოქმედონ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე“.

საფეხბურთო კლუბ „რეიმსის“ ექიმმა თვითიზოლაციაში თავი მოიკლა

საფრანგეთის საფეხბურთო კლუბ „რეიმსის“ ექიმმა, ბერნარ გონსალესმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 60 წლის გონსალესი კორონავირუსით იყო დაინფიცირებული და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა მეუღლესთან ერთად, რომელიც ასევე კორონავირუსს ებრძვის.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ გონსალესმა უმძიმესი გადაწყვეტილება სწორედ კორონავირუსის გამო მიიღო და მიზეზზე წერილშიც ჩაწერა, მაგრამ ამ დეტალზე ოფიციალურად არავინ ლაპარაკობს. წერილის შინაარსის გამხელისგან თავი შეიკავა ქალაქ რეიმსის მერმა, არნო რობინმაც, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გაავრცელა ინფორმაცია ექიმის სიკვდილის შესახებ.

ბერნარ გონსალესი „რეიმსში“ ოცი წელი მუშაობდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რეგიონში COVID-19-ის სამივე ახალი შემთხვევა შემოტანილია

კლინიკა "მედალფა"

საქართველოში დღეს დილით დადასტურებული COVID-19-ის 14 ახალი შემთხვევიდან 3 აჭარაში დაფიქსირდა.

ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ მედიას აცნობა, რომ სამივე შემთხვევა იმპორტირებულია - ორი თურქეთიდან და ერთი ევროპიდან. 45 წლამდე ასაკის პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა მსუბუქია, ერთის საშუალო სიმძიმის და ერთის საშუალოზე უფრო მსუბუქი. პაციენტები კლინიკა „მედლაფაში“ იმყოფებიან.

ნინო ნიჟარაძის ცნობითვე, ორი პირი კლინიკაში საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს, ერთი კი პირდაპირ საზღვრიდან, ბათუმის აეროპორტიდან. „ყველა მგზავრის კონტაქტი არის მოძიების ფაზაში და საჭიროების შემთხვევაში, ყველას ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ჩატარდება“, - განაცხადა ნიჟარაძემ.

საუბარია ლონდონიდან 4 აპრილს ჩამოსულ რეისზე. საქართველოში დაბრუნებული ყველა მოქალაქე ორკვირიან სავალდებულო კარანტინს ექვემდებარება.

დღის განმავლობაში აჭარაში ელოდებიან 7 საეჭვო პაციენტის ტესტირების შედეგებს. ამ დრომდე რეგიონში დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების სულ 12 შემთხვევა. მათგან ერთი უკვე განკურნებულია. კიდევ სამის საბოლოო გამოჯანმრთელების ლაბორატორიულად დადასტურებას დღის ბოლომდე ელოდებიან.

6 აპრილის 12:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში სულ დადასტურებულია COVID-19-ის 188 შემთხვევა. მათგან 2 გარდაიცვალა. გამოჯანმრთელებულია 36.

COVID-19 დაუდასტურდა თბილისის შავი ზღვის ჰოსპიტლის 2 თანამშრომელს

თბილისის შავი ზღვის ჰოსპიტლის მედპერსონალის 2 წარმომადგენელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსის, მარეხ ბექაიას თანახმად, მიმდინარეობს ამ შემთხვევების ეპიდემიოლოგიური კვლევა:

„გუშინ მოგვიანებით მოვიდა 2 პასუხი. ეს იყო ჩვენი დაბალი მედპერსონალის პასუხები - დადასტურებული კორონავირუსი. მათი მდგომარეობა მსუბუქია, თუმცა ისინიც გადაყვანილები არიან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ეს შევიდა გუშინდელი შემთხვევების რაოდენობაში“, - განაცხადა მარეხ ბექაიამ.

ექიმის თანახმად, აღნიშნული შემთხვევების დადასტურების შემდეგ, კლინიკაში მიღება რამდენიმე საათით შეჩერდა, თუმცა სამედიცინო პერსონალის თერმოსკრინინგისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შემდეგ, კვლავ განახლდა:

მარეხ ბექაია ამბობს, რომ აღნიშნულ ინფიცირებულებთან კონტაქტის გამო პერსონალიდან კარანტინში 5 პირია გადაყვანილი:

„მედპერსონალთან ვისთანაც ჰქონდათ შეხება, ეს სიები გადაცემულია, ისინი არიან კარანტინის მდგომარეობაში გადაყვანილები, მათ შორის ის პაციენტებიც, ვისთანაც ისინი მუშაობდნენ, თუმცა მათი მომსახურეობის არეალი მცირეა უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე“, - განაცხადა მარეხ ბექაიამ.

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ის 188 შემთხვევა, მათგან 2 ადამიანი გარდაიცვალა.

6 აპრილის 10:15 საათის მონაცემებით, 188-დან 36 უკვე გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმშია 5056 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 386.

მსოფლიოს ხუთეულში მყოფ, ევროპის 4 ქვეყანაში COVID-19-ის ყოველდღიურმა მაჩვენებელმა იკლო

დეზინფექცია მილანში

ევროპის 4 ქვეყანაში, რომლებიც COVID-19-ის გავრცელების მასშტაბით მსოფლიოს სახელმწიფოთა პირველ ხუთეულში არიან, ბოლო ორ-სამ დღეში შედარებით იკლო კორონავირუსით დაავადების და გარდაცვალების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა. ამას ცხადყოფს ჰოპკინსის უნივერსიტეტის და მოხალისეთა საერთაშორისო ჯგუფის Worldometer-ის მონაცემები.

ესპანეთში, რომელიც აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა, 3 აპრილს დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 7100-ს აჭარბებდა, ხოლო 5 აპრილს - 5400-ს.

იტალიაში, რომელიც მსოფლიოში მესამე, ევროპაში კი, მეორე ადგილზეა, 4 აპრილს 4 800-ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა, 5 აპრილს კი - 4300-ზე მეტი.

გავრცელების მასშტაბით იტალიას მოსდევს გერმანია, სადაც 3 აპრილს იყო 6300-ზე მეტი ახალი შემთხვევა, ხოლო 5 აპრილს - 4000-ზე მეტი.

ბოლო სამ დღეში ყველაზე საგრძნობი კლებაა მსოფლიოში მეხუთე ადგილზე მყოფ საფრანგეთში, სადაც 3 აპრილს ახალი შემთხვევების რიცხვი 23 ათასს აჭარბებდა, ხოლო 5 აპრილს 2 800-ზე მეტი იყო.

ამავე პერიოდში ოთხივე ქვეყანაში შედარებით იკლო გარდაცვალების ყოველდღიურმა მაჩვენებელმაც.

მარინა ეზუგბაია: 38 პაციენტიდან 22-ს საშუალო სიმძიმის პნევმონია აღენიშნება

მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თანახმად, ამ დროისათვის კლინიკაში მკურნალობს 38 პაციენტი, რომელთაგან უმრავლესობას, 22-ს, საშუალო სიმძიმის პნევმონია აღენიშნება.

„პნევმონიებს შორის 1 გვყავს კრიტიკული, რომლის სტაბილიზირება ჯერჯერობით ვერ არის მიღებული, გვყავდა 4 მძიმე პაციენტი, რომელთა მდგომარეობის სტაბილიზაცია უკვე შესაძლებელი გახდა და ვიტყვით, რომ სტაბილურია და დაგვემატა გუშინ შემოსული პაციენტებიდან 2 მძიმე პნევმონია. დანარჩენი ამ პაციენტებში 22 არის საშუალო სიმძიმის პნევმონია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 18-ით გაიზარდა. აღნიშნული ახალი შემთხვევებიდან 5 პაციენტი უშუალოდ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს დაემატა. მარინა ეზუგბაიას თანახმად, ეს 5 ახალი შემთხვევა ძველი შემთხვევების კონტაქტებია.

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ის 188 შემთხვევა, მათგან 2 ადამიანი გარდაიცვალა.

6 აპრილის 10:15 საათის მონაცემებით, 188-დან 36 უკვე გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმშია 5056 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 386.

საქართველოში 188-მდე გაიზარდა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა COVID-19-ის 14 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვმა 188-ს მიაღწია. მათგან 2 ადამიანი გარდაიცვალა.

6 აპრილის 10:15 საათის მონაცემებით, 188-დან 36 უკვე გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმშია 5056 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 386.

საჩხერის კლინიკის 10 თანამშრომელს და მუნიციპალიტეტის მერს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრის 10 თანამშრომელს კორონავირუსი COVID-19 არ დაუდასტურდა. ამის შესახებ მედიას აცნობა ცენტრის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ.

საჩხერის სამედიცინი ცენტრის ამ თანამშრომლებს ახლო კონტაქტი ჰქონდათ ცენტრის ექიმთან, მუნიციპალიტეტის მერის, ბენიამინ ფალავანდიშვილის ცოლთან, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა.

ტესტირება ჩაუტარეს მერსაც. მას COVID-19 არ დაუდასტურდა. მერის ცოლი საჩხერის კლინიკის ბოქსირებულ პალატაში იმყოფება. მას, ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, კორონავირუსის მსუბუქი ფორმა აქვს. თვითიზოლაციაშია კლინიკის ასამდე თანამშრომელი.

საჩხერის სამედიცინო ცენტრი ერთ-ერთია იმ კლინიკებიდან, რომელიც საქართველოში COVID-19-ის გავრცელების პირველივე დღეებიდან იღებს ინფიცირებულ პაციენტებს.

6 აპრილის 8:30 საათის მონაცემებით, საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 174 შემთხვევა. მათ შორის 36 გამოჯანმრთელებულია. გარდაცვლილია 2 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმშია 5010, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 350.

მოსკოვში სამ მღვდელს COVID-19 დაუდასტურდა

მოსკოვის სამი სხვადასხვა ტაძრის სამ მღვდელს კორონავირუსი COVID-19 აღმოაჩნდა.

მოსკოვის საპატრიარქოსთან არსებული სპეციალური სამუშაო ჯგუფის ინფორმაციით, კორონავირუსის სიმპტომები აქვს კიდევ ორ სასულიერო პირს, თუმცა, მათი დიაგნოზი ჯერ დადასტურებული არ არის.

ჯგუფის ტელეგრამ-არხით გამოქვეყნდა მღვდლების ვინაობა და მოწოდება, რომ ყველამ, ვისაც ამ სასულიერო პირებთან კონტაქტი ჰქონდა, სიფრთხილე გამოიჩინონ და თვითიზოლაციაში იყვნენ.

29 მარტს, მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილემ მართლმადიდებელ მორწმუნეებს მოუწოდა, კორონავირუსის გამო ტაძრებში ნუ მივლენ.

5 აპრილს, მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა არ გამორიცხა, რომ მორწმუნეებს მოუწევთ 19 აპრილს, სააღდგომო ღვთისმსახურებას ტელევიზიით უყურონ. მიტროპოლიტის თქმით, ეს დამოკიდებული იქნება არსებულ ვითარებაზე. მისივე ინფორმაციით, უახლოეს დღეებში პატრიარქი ამ საკითხზე მრევლს მიმართავს.

რუსეთს ამ დროისთვის დადასტურებული აქვს COVID-19-ით დაავადების 5389 შემთხვევა. გარდაცვლილია 45.

ნიუ-იორკის ზოოპარკში ვეფხვს კორონავირუსი აღმოაჩნდა

კორონავირუსით დაავადებული ვეფხვი ნადია

ნიუ-იორკში, ბრონქსის ზოოპარკში კორონავირუსი COVID-19 აღმოაჩნდა 4 წლის ვეფხვს, სახელად ნადიას, რომელსაც მშრალი ხველება აღენიშნებოდა. ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტესტირების პასუხი ვეტერინარიის ნაციონალური სამსახურისგან მიიღეს.

ეს კორონავირუსით ველური ცხოველის ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევაა.

ზოოპარკის ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ ვეფხვს COVID-19 გადაედო ერთ-ერთი თანამშრომლისგან, რომელსაც დაავადება უსიმპტომოდ ჰქონდა.

ბრიტანეთის პრემიერს განმეორებითი ტესტირება ურჩიეს, რადგან მას კვლავ აქვს Covid 19-ის სიმპტომები

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს, ურჩიეს, კიდევ ერთხელ მივიდეს საავადმყოფოში, სადაც განმეორებით უნდა გაკეთდეს ტესტირება Covid 19-ის გამომწვევ ვირუსზე პირველი ტესტირებიდან ათ დღის შემდეგ, რადგან მას კვლავ აქვს ინფექციის სიმპტომები.

Dowing Street-ის წარმომადგენლმა განაცხადა, რომ პრემიერს თავისმა ექიმმა ურჩია, დღეს ღამით კიდევ ერთხელ ჩაიტაროს ტესტი. ეს არის, ცნობის თანახმად, სიფრთხილით გამოწვეული ნაბიჯი, რადგან პრემიერს, მიუხედავად იმისა, რომ შინ, იზოლაციაში იმყოფება, კვლავ აქვს დაავადების სიმპტომები.

ჯონსონი 27 მარტის შემდეგ, როცა გამოცხადდა, რომ ის ინფიცირებულია, შინ, იზოლაციაში იმყოფება. თავის ვიდეო მიმართვაში, ჯონსონმა მოუწოდა თანამემამულეებს დარჩნენ შინ და დაიცვან კორონავირუსის გავრცელების შეჩერებისთვის გამოცხადებული ზომები.

დედოფალმა, ელისაბედ მეორემ ხალხს მიმართა ტელვიზიით პანდემიასთან ბრძოლის ძალისხმევის შესახებ. ეს იყო მისი მეოთხე საგანგებო მიმართვა 68 წლიანი მმართველობის მანძილზე.

ჯანდაცვის ერთმა ექსპერტმა, რომლიც ბრიტანეთის მთავრობას აძლევს რჩევებს კორონავირუსთან ბრძოლის სფეროში, Imperial College-ის თანამშრომელმა, ნილ ფერგიუსონმა განუცხადა „ბი-ბი-სის“, რომ დაღუპულთა რიცხვმა „შეიძლება მიაღწიოს 7000-იდან 20000-ზე ოდნავ მეტამდე“ იმ ზომების პირობებში, რომლებიც გაატარეს კორონავიროუსის გავრცელებასთან საბრძოლველად. 4 აპრილს ბრიტანეთში ინფიცირებული იყო 42 ათასი ადამიანი. დაღუპულთა რაოდენობა ოთხნახევარ ათასს მიუახლოვდა.

კომენდანტის საათის დარღვევისთვის სერბეთში კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელი დასაჯეს

ბელგრადი კომენდანტის საათის დროს

სერბ ფეხბურთელს, ალექსანდარ პრიიოვიჩს ბელგრადის სასამართლომ სამი თვით შინ ყოფნა შინაპატიმრობა მიუსაჯა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების დარღვევის გამო.

პრიიოვიჩი, საუდის არაბეთის საფეხბურთო კლუბ ალ ითიჰადის თავდამსხმელი, ლუკა იოვიჩის შემდეგ მეორე სერბი ფეხბურთელია, რომელიც არღვევს კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ კომენდანტის საათს. ​ მადრიდის რეალის მოთამაშე იოვიჩი კარანტინის დარღვევის გამო დააკავეს. იოვიჩს ბრალად დასდეს ასევე 28-დღიანი თვითიზოლაციის წესების დარღვევა, როცა მან საკუთარი ბინა დატოვა ესპანეთიდან დაბრუნების შემდეგ.

სერბეთში მთავრობამ დააწესა საგანგებო მდგომარეობა, რომლის თანახმად, 17 საათიდან დილის 5 საათამდე მოქმედებს კომენდანტის საათი. მის დამრღვევებს ემუქრებათ სასჯელი 3 წლამდე პატიმრობის ჩათვლით.

ეროვნული პოლიციის უფროსმა, ვლადიმირ რებიჩმა განაცხადა, რომ პრიიოვიჩი 3 აპრილს დააკავეს სხვა პირებთან ერთად. მედის თანახმად, მასთან ერთად დააკავეს კიდევ 19 პირი, რომლებიც ერთ-ერთი სასტუმროს ბარში ისხდნენ. სასჯელი ემუქრება სასტუმროს ადმინისტრაციასაც.

კიდევ უფრო შეზღუდულია გარეთ გასვლა სერბეთში შაბათ-კვირას, როცა კომენდანტის საათი შაბათს 13 საათიდან იწყება და ორშაბათის დილის 5 საათამდე მოქმედებს.

სერბეთში კორონავირუსის 1624 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაცვლილთა რიცხვი 44-ია, იტყობინება ჯანდაცვის სამინისტრო.

დონალდ ტრამპი: „ბევრი გარდაცვლილი“ იქნება და ამერიკელებს დაუდგებათ „ყველაზე რთული“ კვირა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ „ბევრი გარდაცვლილი“ იქნება და ამერიკელებს დაუდგებათ „ყველაზე რთული“ კვირა COVID-19-ის პანდემიის გამო. ამის ფონზე ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტი გამოვიდა მოწოდებით, შემუშავდეს „მარშალის გეგმა ევროპისთვის“, რათა კონტინენტს მხარდაჭერა აღმოუჩინონ ახალი კორონავირუსის გამანადგურებელი ზემოქმედებისგან.

ეს განცხადება გავრცელდა ცნობების ფონზე, რომ მსოფლიოში COVID-19-ით დასნეულებულთა რიცხვმა, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, 1,26 მილიონს გადააჭარბა და 69 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. მეოთხედ მილიონზე მეტი ადამიანი მთლიანად განიკურნა ახალი კორონავირუსისგან.

აშშ-მა გააფართოვა ტესტირების კამპანია და ახლა მსოფლიოში აღნუსხული ყველაზე მეტი ინფიცირებული ჰყავს, მათი რიცხვი 331 ათასს აღემატება, ვირუსმა იქ 9500-ზე მეტი იმსხვერპლა, 5 აპრილის საღამოს მონაცემებით.

გავრცელებული ცნობებით, საეჭვოა COVID-19-ის შესახებ სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ჩინეთიდან, რუსეთიდან, ირანიდან,სამხრეთი კორეიდან, ასევე თურქმენეთიდან ვრცელდება.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოფიციალური პირები „ცას და დედამიწას შეძრავენ", რათა დაიცვან „დიდი ამერიკელი მოქალაქეები“ და აღნიშნა, რომ არმია დიდი რაოდენობის სამედიცინო პერსონალს გამოყოფს, რათა ქვეყანა გამოწვევას გაუმკლავდეს. ტრამპმა სოციალური დისტანცირების რეჟიმი 30 აპრილამდე გაახანგრძლივა, მაგრამ 5 აპრილს იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა მალე დაუბრუნდება სამუშაოს.

ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტი, ურზულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა მოწოდებით, შემუშავდეს „მარშალის გეგმა ევროპისთვის“, რითაც მინიშება გააკეთა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ასეთი დასახელების გეგმაზე, როცა ომით განადგურებულ ევროპას მხარში ამოუდგა აშშ. ფონ დერ ლაიენის თანახმად, ევროკავშირის ხარჯები უნდა ასახავდეს სოლიდარობის აუცილებლობას და კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს უნდა შეესაბამებოდეს.

ესპანეთმა 5 აპრილს გამოაცხადა, რომ ბოლო ათ დღეში გარდაცვლილთა ყველაზე დაბალ მაჩვენებელი ჰქონდა, თუმცა ინფიცირებულთა რაოდენობა 5 პროცენტით გაიზარდა და 131 ათასს მიაღწია. ესპანეთის და იტალიის სახელმწიფო მოხელეები იმედს გამოთქვამენ, რომ მალე მოელიან კრიზისის გაწონასწორებას.

გაერთიანებულ სამეფოში, ბაკინგემის სასახლეში, აცხადებენ, რომ დედოფალი ელისაბედ მეორემ ხალხისადმი საგანგებო მიმართვა ჩაწერა პანდემიასთან ბრძოლის ძალისხმევის შესახებ. ეს იქნება მეოთხე შემთხვევა, რომ თავისი 68 წლიანი მმართველობის მანძილზე საგანგებო სატელევიზიო მიმართვით გამოდის დედოფალი, თუ არ ჩავთვლით საშობაო მიმართვას.

ჯანდაცვის ერთმა ექსპერტმა, რომლიც ბრიტანეთის მთავრობას აძლევს რჩევებს კორონავირუსთან ბრძოლის სფეროში, Imperial College-ის თანამშრომელმა, ნილ ფერგიუსონმა განუცხადა „ბი-ბი-სის“, რომ გარდაცვლილთა რიცხვმა „შეიძლება მიაღწიოს 7000-იდან 20000-ზე ოდნავ მეტამდე“ იმ ზომების პირობებში, რომლებიც გაატარეს კორონავიროუსის გავრცელებასთან საბრძოლველად.

ვირუსით ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყანაში, ირანში, ამ ქვეყნის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ განაცხადა 5 აპრილს, რომ რისკის დაბალი დონის შემცველი ეკონომიკური საქმიანობა 11 აპრილს განახლდება. ირანის თანახმად, COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 58 000-ია, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 3600. თუმცა, ირანის მთავრობის ინფორმაციის მიმართ ექსპერტები სკეპტიკურად არიან განწყობილი.

აფრიკის 54 სახელმწიფოთა ნახევარზე მეტში გამოცხადებულია გარკვული ხასიათის შეზღუდვები კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ. გაეროს, აფრიკაში რეგიონული განვითარების პროგრამის დირექტორმა, აჰუნა ეზიაკონვამ განაცხადა, რომ თუ არ მოხდა კონტინეტზე კორონავირუსის გავრცელების გაკონტროლება, სამუშაო ადგილების ნახევარი დაიკარგება, რადგან ავიაკომპანიები, სამომხმარებლო სფერო, ვაჭრობა და სოფლის მეურნეობა დიდ დარტყმას განიცდიან.

174-ს მიაღწია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 174-მდე გაიზარდა. ინფექციური სააავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განცხადა, დადასტურებული შემთხვევებიდან გამოჯანმრთელებულია 36 პაციენტი;

"დღეს ჩატარდა 15 პაციენტზე ტესტი და მათგან 4-ში მივიღეთ დადებითი პასუხი. წყარო არის სხვადასხვა - ერთის არის სომხეთიდან ჩამოსული პირი, რომელიც ჩვენთან მკურნალობს, სამის არის ეროვნული ბანკი. მათთან მძიმე მდგომარეობა არ არის", - თქვა მარინა ეზუგბაიამ.

https://stopcov.ge/-ის თანახმად, 22 საათისთვის საქართვველოში Covid-19-ით გარდაცვილთა რიცხვი ორია. საავადმყოფოებში მეთვალყურეორბის ქვეშ იმყოფება 350 პაციენტი, ხოლო კარანტინს გადის 5010 პირი.

მთელ მსოფლიოში 5 აპრილისთვის 1,23 ინფიცირებული იყო, ხოლო გარდაცვილთა რიცხვი უდრიდა 67200-ს.

საია: საგანგებო მდგომარეობა ვერ გაამართლებს პოლიციელთა მხრიდან არაადამიანურ მოპყრობას

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმში 2 აპრილს პოლიციის მხრიდან მოქალაქეზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტის დროულ გამოძიებას ითხოვს. კომენდანტის საათის დროს დაკავებული პირის მიმართ პოლიციელიების მოქმედებას ორგანიზაცია არასათანადო მოპყრობად აფასებს და თვლის, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს მსგავსი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს.

ბათუმში 2 აპრილს მომხდარ ფაქტზე გამოძიება 4 აპრილს დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა. საია, რომელიც დაზარალებულის ინტერესებს იცავს, მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოს, დროულად ჩაატაროს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება სამართალდამცავი პირების ქმედებებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების გამოკვეთისა და მათთვის პასუხისმგებლობის სათანადო ზომების დაკისრების მიზნით.

დაზარალებულმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელს 04 აპრილს დეტალური ჩვენება მისცა. მისი განმარტებით, 2020 წლის 02 აპრილს დაახლოებით 23:45 სთ-ზე სახლიდან აფთიაქში მედიკამენტის შესაძენად გამოვიდა. ერთ-ერთ აფთიაქში მან შესაბამისი მედიკამენტი ვერ იყიდა და ქუჩის მეორე მხარეს მდებარე აფთიაქში გადასასვლელად ნებართვა იმავე ქუჩაზე გაჩერებულ პოლიციის ეკიპაჟს სთხოვა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა სიტყვიერი თანხმობა მისცა, რის შემდგომაც მან გზა მეორე აფთიაქისკენ განაგრძო. მალევე, ამავე ქუჩაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის სხვა ეკიპაჟი მიუახლოვდა. მანქანიდან პოლიციის ფორმაში ჩაცმული ორი და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ერთი პირი გადმოვიდა. ერთ-ერთმა პოლიციელმა მიმართა სიტყვებით: „ბიჭო, შენ სად მიდიხარ, არ იცი, რომ კომენდატის საათია“, რაზეც მან განუმარტა, რომ წამლის შესაძენად აფთიაქში მიდიოდა და აღნიშნულზე სიტყვიერი თანხმობა პოლიციის სხვა თანამშრომლებისგან ჰქონდა. დაზარალებული იხსენებს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა აგრესიულად მიმართეს, რის გამოც მან მობილური ტელეფონით საუბრის გადაღება დააპირა. ამან პოლიციელების კიდევ უფრო მეტად გაღიზიანება გამოიწვია. ერთ-ერთმა პოლიციელმა ძალის გამოყენებით გამოართვა ტელეფონი და ხმამაღლა მიმართა დანარჩენ პოლიციელებს - „დავაი, ჩატენეთ მანქანაში“.

შემდგომ, ძალის გამოყენებით დააგდეს ძირს და გაუკეთეს ხელბორკილები. მისი განმარტება, რომ ხერხემალზე ჰქონდა პრობლემები და თავად ჩაჯდებოდა მანქანაში, პოლიციელებმა არ გაითვალისწინეს და ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში. ამ პროცესში მან მანქანის ძარას თავი რამდენჯერმე მიარტყა. პოლიციელთა მხრიდან მის მიმართ ზეწოლა მანქანაშიც გაგრძელდა. ერთ-ერთი პოლიციელი მუხლებით დააწვა თავზე, ასევე, ურტყამდა ხერხემლის არეში. ტრანსპორტირების დროს მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის შედეგად მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ტრანსპორტირებისას ასევე, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. იგი ქ. ბათუმის პოლიციის მე-2 განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ასევე გაგრძელდა მისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება.

პოლიციის განყოფილებაში იგი დაახლოებით 2 საათის განმავლობაში, ადვოკატის გარეშე იმყოფებოდა. მიუხედავად მისი მოთხოვნისა, მიეცათ შესაძლებლობა, დაკავშირებოდა ადვოკატს, პოლიციის თანამშრომლებმა უარი უთხრეს და განუმარტეს, რომ იყო კომენდანტის საათი და ადვოკატი ვერ მივიდოდა. პოლიციის განყოფილებიდან იგი დროებითი მოთავსების განყოფილებაში გადაიყვანეს, ტრანსპორტირებისას პოლიციელების მხრიდან მასზე დამატებით ფსიქოლოგიური ზეწოლა და მუქარა განხორციელდა. იზოლატორში შეყვანისას მან დააფიქსირა, რომ სხეულზე არსებული დაზიანებები პოლიციელებმა მიაყენეს.

მეორე დილით იგი იზოლატორიდან ისევ პოლიციის მე-2 განყოფილებაში გადაიყვანეს. განყოფილებაში იმავე პოლიციელთაგან ერთ-ერთმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და თავის მოჭრით დაემუქრა. პოლიციის განყოფილებაში მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის (173-ე) მუხლით შეუდგინეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ იმავე დღეს, ადვოკატის მონაწილეობის გარეშე განიხილა სამართალდარღვევის საქმე, იგი სამართალდამრღვევად ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა. პოლიციის თანამშრომლებმა მას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო 3000-ლარიანი ჯარიმაც შეუდგინეს.

საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გააკეთოს მკაფიო განცხადება აღნიშნულ ფაქტზე და მოუწოდოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში დასაქმებულ პირებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას განუხრელად დაიცვან საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული უფლებები.

ე.წ. მატროსოვის ციხე უქმდება, პატიმრები რუსთავის ციხეში გადაიყვანეს

თბილისში მდებარე ე.წ. მატროსოვის ციხე უქმდება. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, მიზეზი შენობის მდგომარეობაა, რომელიც მოძველებულია. შესაბამისი ბრძანება, მატროსოვის ციხის გაუქმების და პატიმრების რუსთავში გადაყვანის შესახებ, იუსტიციის მინისტრმა 2020 წლის 27 მარტს გამოსცა.

"დაწესებულებაში მყოფი ყველა ბრალდებულ/მსჯავრდებული გადავიდა ქალაქ რუსთავში, N12 და N16 პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე, ერთ-ერთ კორპუსში, რომელსაც, ამ მიზნით, 2019 წლის შემოდგომიდან რეაბილიტაცია ჩაუტარდა, არის კეთილმოწყობილი, უსაფრთხო და სრულად შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს. 1 მაისიდან, ლიკვიდირებული N9 დაწესებულება N12 დაწესებულებას შეუერთდება", - აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახური.

რომის პაპი ბზობისადმი მიძღვნილ მესას გაუძღვა თითქმის ცარიელ წმინდა პეტრეს ტაძარში

რომის პაპმა ფრანცისკემ სააღდგომო კვირის დასაწყისის აღსანიშნავი, ბზობისადმი მიძღვნილი მესა აღასრულა თითქმის ცარიელ წმინდა პეტრეს ტაძარში, ვატიკანში. მესას არ ესწრებოდა მრევლი კორონავირუსის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით.

ამ ცერემონიას ათიათასობით მორწმუნე კათოლიკე ესწრება ხოლმე, როცა მარხვის ბოლო, აღდგომისწინა კვირა იწყება.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1,2 მილიონს მიაღწია. დაღუპულთა რიცხვი 65 ათასამდეა.

ფრანცისკემ გასულ კვირაში თქვა, რომ ქრისტიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენის აღნიშვნა მოხდება მართლაც უჩვეულო გარემოებებში.

ბზობის მესას 5 აპრილს პაპთან ერთად ესწრებოდნენ მისი ასისტენტები და რამდენიმე მოხელე, რომლებიც ჯანმრთელობის დაცვის ნორმების თანახმად, ერთმანეთისგან დაშორებით ისხდნენ.

საკურთხეველთან იდგა ჯვარი, რომელიც გადმოცემით, მე-16 საუკუნეში შავი ჭირის დასრულებასთან კავშირში იყო ნაკურთხი, და ღვთისმშობლის ხატი.

ბზობას ქრისტიანული სამყარო აღნიშნავს აღდგომის წინა, იესო ქრისტეს იერუსალიმში შესვლის, კვირა დღეს, რომელიც აღწერილია ახალ აღთქმაში.

აშშ-ის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანახმად, ვატიკანში, წმინდა საყდარში, კორონავირუსით ინფიცირებულია შვიდი პირი.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG