Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლსკი „ქართულ ოცნებას" პროპორციული სისტემის თემაზე უმრავლესობის სხდომის ჩატარებას სთავაზობს


პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განიხილავენ, მაჟორიტარ დეპუტატთა ნაწილი დაგეგმილი ცვლილებების წინააღმდეგია.

უფრაქციო დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი გამოვიდა ინიციატივით, სწრაფად წარიმართოს განხილვა, იმისთვის, რომ პარლამენტმა დღეს კენჭისყრის ჩატარება შეძლოს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი „ქართული ოცნების“ წევრებს 13 ნოემბერს, დილით უმრავლესობის სხდომის ჩატარებას სთავაზობს.

„დილით უმრავლესობის სხდომა შევკრიბოთ და ვილაპარაკოთ. დავითვალოთ და რომ მოხდეს ისე, რომ ის ხალხი მეტია, ვინც წინააღმდეგია, მერე რა ვქნათ“, - თქვა ვოლსკიმ.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ კობახიძის თქმით, 13 ნოემბერს, 12:00 საათზე პარლამენტის სხდომა დაიწყება, რადგან ბიუჯეტის პროექტი არის განსახილველი.

„თუ უმრავლესობის სხდომის ჩატარებას მიიჩნევთ საჭიროდ, გთხოვთ, 12:00 საათამდე ჩაატაროთ“, - მიმართავს თალაკვაძე ვოლსკის.

ცვლილებების პროექტის მომხსენებლის, ირაკლი კობახიძის თქმით, პირდაპირ კენჭისყრა მიუღებელია და საკითხის დამატებითი განხილვა არის საჭირო.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განიხილავენ. პროექტის თანახმად, 2020 წლიდან საქართველოში მთლიანად პროპორციული საარჩევნო სისტემა ამოქმედდება.

საქართველოს 150-წევრიან [დღეისთვის 148 წევრია] პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, სულ მცირე, 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ, პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 24 ივნისს გამოაცხადა საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ ინიციატივა:„2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში“.

სწორედ, 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო ეს იყო ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეთა სამი მოთხოვნიდან ერთ-ერთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG