საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა სახალხო დამცველის ოფისში მოძრაობა "ქართული მარშის" ლიდერის სანდრო ბრეგაძის ქმედებების გამოძიება დაიწყო.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სახალხო დამცველის სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით მასზე ზემოქმედებას გულისხმობს. მსგავსი ქმედება ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ერთიდან ორ წლამდე, ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით.
12 ნოემბერს, სახალხო დამცველის ოფისში მისულმა სანდრო ბრეგაძემ ნინო ლომჯარია დაადანაშაულა მხოლოდ გარკვეული სოციალური და პოლიტიკური ჯგუფების დაცვაში და მასშტაბური აქციით და „პოლიტიკურ სანაგვეზე“ ადგილის მიჩენით დაემუქრა.