Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ვოლსკი: პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარს დაუჭერს უმრავლესობის უმრავლესობა


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს დაუჭერს უმრავლესობის უმრავლესობა. ამის შესახებ ვოლსკიმ ჟურნალისტებს უთხრა დღეს, 13 ნოემბერს, მმართველი პარტიის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის დახურული სხდომის შემდეგ. შეხვედრას ესწრებოდა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

„სარეიტინგო კენჭისყრა არ ჩავატარეთ, ვინაიდან ჯერ განხილვები არის წინ. ირაკლიმ[კობახიძე] დღევანდელი დღისთვის დაიტოვა ის პოზიტივები, რაც გააჩნია პროპორციულ არჩევნებს. გუშინ ილაპარაკა, დღის ბოლოს რაღაც საფრთხეებთან დაკავშირებით. დღეს იქნება მთავარი დებატები. თუკი საჭირო გახდა ამასთან დაკავშირებით რაიმე წინასწარი ანალიზი და წინასწარი შეთანხმება და კიდევ ერთხელ გავლა ჩვენ კოლეგებთან ერთად, რასაკვირველია ამის საშუალება გვექნება“, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

მედიის შეკითხვას, უშვებს თუ არა, რომ კანონპროექტს პირველი მოსმენით ვერ მიიღებენ, გია ვოლკსიმ უპასუხა: „როგორც ვითარება უჩვენებს, საწინააღმდეგო პოზიცია არ გააჩნია იმ რაოდენობას, ვთქვათ, რა რაოდენობითაც არის ოპოზიცია წარმოდგენილი“.

„ჩემთვის, როგორც უმრავლესობის ლიდერისთვის ძალიან რთული იქნება იმის განცდა, რომ ჩვენი კოლეგები, ვინც მხარს არ დაუჭერს, რაღაცა ფორმით კენჭისყრის დროს უნდა ჩანაცვლდნენ ოპოზიციის მიერ. მე შევეცდები, რომ ეს არ დავუშვა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს პარლამენტში დღეს გაგრძელდება საარჩევნო სისტემის შესაცვლელად „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო კანონპროექტის განხილვა. პროექტის მიხედვით, მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდეს უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და არა 2024 წლიდან, როგორც ამას დღეს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. „ქართულ ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარს უჭერს საპარლამენტო ოპოზიცია, თუმცა, გადამწყვეტი იქნება სწორედ უმრავლესობის წევრების ხმები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG