საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ, ბერბიჭაშვილები უწოდა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებს.
პარლამენტის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება საარჩევნო სისტემის შესაცვლელად ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს მოხდა. მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი მხეიძის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემა მომხსენებელმა, ირაკლი კობახიძემ იმით დაიწყო, რომ როცა დეპუტატი კითხვას სვამდა, დარბაზში იყო „ევროპული საქართველოს“ წევრის, აკაკი ბობოხიძის რეპლიკა „დიმიტრი სტიქაროსანი“.
„ეს არის ამ ხალხის დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ. კაკო ბობოხიძეც არის ჩვეულებრივი ბერბიჭაშვილი, ნებისმიერ დროს ესვრის ის ილიას“, - განაცხადა კობახიძემ. მან მიმართა დეპუტატ სერგო რატიანსაც, რომ ილიას ისიც ნებისმიერ დროს ესვრის: „ამას აკეთებთ თქვენ ყოველდღიურ რეჟიმში თქვენი პარტიული ტელევიზიის მეშვეობით, თქვენი საიტების მეშვეობით და თქვენი ნაცაქტივის მეშვეობით ფეისბუკზე. ათასობით ადამიანია ჩართული იმ საქმეში, რასაც ჰქვია ბერბიჭაშვილის საქმე. რომ არ ყოფილიყავით ბერბიჭაშვილები, საქართველოს ტერიტორიების ოც პროცენტს არ ჩააბარებდით რუსეთს და არ გაუფორმებდით მერე იმ რეზოლუციით, რომელსაც მხარი დაუჭირეთ“.
ირაკლი კობახიძემ ისიც თქვა, რომ ეკლესიის და სახელმწიფოს მტრებს წარსულს ჩააბარებენ.
დარბაზიდან „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგო რატიანის რეპლიკას, რომ ბერბიჭაშვილი თავადაა, ირაკლი კობახიძემ უპასუხა: „რას გიზამ იცი, სერგო, დაგამთავრებ. აი, ეგ იქნება პასუხი. ნუ იკრიჭები, სერგო, ნუ იკრიჭები!“
კობახიძემ ბერბიჭაშვილი და „ნაციონალურ მოძრაობასთან ტანდემში“ მყოფი უწოდა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ყოფილ წევრს, ლევან გოგიჩაიშვილსაც, რომელიც დარბაზიდან დაინტერესდა, არიან თუ არა ბერბიჭაშვილები მოსამართლეები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე.