აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დაწყებული პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა, რომელიც მანამდე დახურულ კარს მიღმა ტარდებოდა, დღეიდან საჯაროდ წარიმართება.
აშშ-ის ისტორიაში იშვიათად გამოყენებული და საკმაოდ ხანგრძლივი იმპიჩმენტის პროცედურით უნდა დადგინდეს, გადაამეტა თუ არა პრეზიდენტმა ძალაუფლებას და მოახდინა თუ არა უცხო ქვეყნის, უკრაინის, პოლიტიკურ ლიდერზე ზეწოლა პოლიტიკური ოპონენტის, ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საქმის გამოძიების მოთხოვნით.
საიმპიჩმენტო გამოძიებამ, კერძოდ, პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას, შეუჩერა თუ არა დონალდ ტრამპმა 390 მილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების გაცემა კიევისათვის, ვიდრე უკრაინის ხელისუფლება არ დაიწყებდა გამოძიებას ჯო ბაიდენისა და მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის, წინააღმდეგ ენერგოკომპანია „ბურისმის“ საქმის გარშემო.
13 ნოემბერს ამერიკელი კანონმდებლობის წინაშე პირველად წარდგება დიპლომატი უილიამ ტეილორი, თეთრი სახლის ყოფილი რწმუნებული უკრაინის საკითხებში, რომელმაც დახურულ კარს მიღმა გამართული მოსმენის დროს, „არასწორი“ უწოდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ უკრაინასთან საერთაშორისო მოლაპარაკებებში პირადი ადვოკატის, რუდი ჯულიანის ჩაბმას.
დაწერეთ კომენტარი