Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების საკითხი დღეს უნდა გადაწყდეს


"ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა 13 ნოემბერსაც გაიმართა
"ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა 13 ნოემბერსაც გაიმართა

საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით უნდა უყარონ კენჭი „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო კანონპროექტს, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.

პარლამენტში 12 საათზე დანიშნული სხდომის წინ, „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისში უმრავლესობის შეკრება გიმართება. პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით ასეთი შეხვედრა წინ უძღოდა პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომასაც, თუმცა, კენჭისყრა გადაიდო. უმრავლესობის ლიდერებმა მიზეზად ის დაასახელეს, რომ არსებობდა კანონპროექტის ჩავარდნის რისკი.

13 ნოემბერს, გვიან საღამოს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი შეხვდა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების მოწინააღმდეგე რამდენიმე დეპუტატს. მათ შორის, მცხეთის და სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარ დეპუტატებს, დიმიტრი ხუნდაძეს და ირაკლი შიოლაშვილს. შეხვედრის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ პოზიცია არ შეუცვლიათ.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. „ქართული ოცნების“ კანონპროექტს მხარს უჭერენ ოპოზიციური ფრაქციები და დამოუკიდებელი დეპუტატები, თუმცა, გადამწყვეტი იქნება უმრავლესობის წევრების ხმები.

„ქართული ოცნების“ ოფისთან და პარლამენტთან საპროტესტო აქციას გააგრძელებენ მოძრაობა „სირცხვილია“-ს აქტივისტები, რომლებიც რადიკალური მოქმედებების დაწყებას აპირებენ, თუ მმართველი პარტია არ შეასრულებს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობას.

საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, ქვეყანა პროპორციულ-მაჟორიტარული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულზე 2024 წლიდან უნდა გადავიდეს. „ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული საპროტესტო აქციების შედეგად. რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო გამოსვლების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG