Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: პროპორციული არჩევნები არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯი


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აღნიშნავს, რომ პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით მმართველი პოლიტიკური გუნდის კეთილი ნება და გადაწყვეტილება იყო და აქ არაფერი შეცვლილა. მთავრობის სხდომის დაწყებამდე, 14 ნოემბერს იგი გამოეხმაურა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესს და დეპუტატებს კენჭისყრისას ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობის სრულად გააზრებისკენ მოუწოდა:

„მინდა აღვნიშნო ხაზგასმით, რომ ჩვენ უკვე დავაფიქსირეთ პოზიცია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით ეს იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის კეთილი ნება და გადაწყვეტილება. რომელიც ერთმნიშვნელოვნად იყო გამოძახილი დემოკრატიული პროცესების ქვეყანაში განვითარების დასაჩქარებლად. აქ არაფერი არ შეცვლილა, ჩვენ ვრჩებით ისევ იმ პოზიციაზე და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პროპორციული არჩევნები ეს არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯი და იმედი მაქვს, რომ თითოეული პარლამენტარი, როდესაც მიიღებს მონაწილეობას ამ კენჭისყრაში, სრულად გაიაზრებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას გააჩნია, როგორც ქვეყნის, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პასუხისმგებლობა ყველას სრულად ექნება გააზრებული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით უნდა უყარონ კენჭი „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო კანონპროექტს, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. „ქართული ოცნების“ კანონპროექტს მხარს უჭერენ ოპოზიციური ფრაქციები და დამოუკიდებელი დეპუტატები, თუმცა, გადამწყვეტი იქნება უმრავლესობის წევრების ხმები.

საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, ქვეყანა პროპორციულ-მაჟორიტარული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულზე 2024 წლიდან უნდა გადავიდეს. „ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული საპროტესტო აქციების შედეგად. რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო გამოსვლების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG