საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია განმარტავს, რომ განათლების ახალი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განათლების სამინისტროში სწრაფად, დროის დაკარგვის გარეშე შეძლებს იმ რეფორმების გაგრძელებას, რომელიც მიმდინარეობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 14 ნოემბერს მთავრობის სხდომა მიხეილ ჩხენკელის მინისტრთა კაბინეტში დაბრუნების საკითხის კომენტირებით დაიწყო:
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი მიხეილი განათლების სისტემური რეფორმის თვალსაზრისით, ჩართული იყო როგორც ამ რეფორმის მომზადების, შემდგომ ამ რეფორმის განხორციელების ყველა ეტაპზე და შესაბამისად, მან ზედმიწევნით ზუსტად იცის, რა ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში განათლების სამინისტროში, როგორ მზადდებოდა ეს რეფორმა და როგორ ხდებოდა მისი აღსრულება. ეს არის ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და სწორედ ამიტომ, რა თქმა უნდა, სხვა ღირსებებთან ერთად ბატონი მიხეილი შეძლებს სწრაფად, დროის დაკარგვის გარეშე განაგრძოს ის რეფორმები, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს განათლების სამინისტროში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. მან მინისტრს დაავალა, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს პროფესიული განათლების მიმართულებას:
„პროფესიული განათლება დღეს ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რათა ჩვენ შევძლოთ უახლოესი წლების განმავლობაში აღმოვფხვრათ ის დისბალანსი, რაც გვაქვს შრომის ბაზარზე", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი 13 ნოემბერს მოაწერა.
მიხიელ ჩხენკელი განათლების და მეცნიერების მინისტრის თანამდებობას იკავებდა 2017-2018 წლებშიც, ამ თანამდებობაზე მიხეილ ბატიაშვილის დანიშვნის შემდეგ კი გახდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში.
მიხეილ ბატიაშვილმა მინისტრის პოსტი 2019 წლის 7 ნოემბერს დატოვა პირადი განცხადების საფუძველზე.