Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომან გოცირიძე: ივანიშვილის ბოლო შანსი იქნება რიგგარეშე არჩევნების ჩატარება


რომან გოცირიძე
რომან გოცირიძე

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ პარლამენტის მიერ კონსტიტუციური ცვლილებების კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ ივანიშვილის ხელისუფლება დამთავრდა, მაგრამ იგი მაინც შეეცდება ბოლო შანსების გამოყენებას:

„მისი ბოლო შანსი იქნება რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, სანამ არსებობს მაჟორიტარული სისტემა. ეხლა დაიწყებს რაღაც ინტრიგების ხლართვას, ან ბიუჯეტის ჩაგდებას, ან კონსტიტუციური სხვა ხრიკების გამოყენებას, რომ როგორმე ჩაატაროს არჩევნები და ბოლო გაბრძოლების ხერხს მიმართოს, მაგრამ დამთავრებულია. ივანიშვილი საქართველოს ისტორიაში შევიდა როგორც ქვეყნის გამღატაკებელი, შევიდა როგორც საერთაშორისო ცრუპენტელა და აფერისტი რომელიც მუდამ ატყუებდა ხალხს, მაგრამ ბოლო ტყუილმა დაასამარა იგი“, - უთხრა რომან გოცირიძემ რადიო თავისუფლებას. მისი შეფასებით, ადამიანებმა, რომელთაც ღირსების გრძნობა ჰქონდათ „ქართული ოცნება“ დატოვეს და „ჩამოიშალა ქართული ოცნება“.

ივანიშვილის რეჟიმი ამით დამთავრდა. ივანიშვილმა ძალიან კარგად შეიგნო, რომ იმ შემთხევაში თუკი იქნებოდა პროპორციული არჩევნები, ის კარგავდა ხელისუფლებას. ის, რაც ეხლა ჩაიდინა, ეს ფაქტობრივად არის მისი როგორც ადამიანის და როგორც პოლიტიკოსის სამუდამოდ დასამარება. მან მოატყუა ყველა“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

დღეს, 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უყარა კენჭი „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო კანონპროექტს, რომელიც ეხებოდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა სულ მცირე 113 ხმა.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული საპროტესტო აქციების შედეგად. რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო გამოსვლების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

XS
SM
MD
LG