ერგნეთში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამი მოქალაქე გადასცეს ქართულ მხარეს
ცოტა ხნის წინ ერგნეთში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქართველ სამართალდამცველებს 9 და 11 ნოემბერს დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე გადასცეს.
ახმაჯისა და ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულები სასამართლო პროცესის შემდეგ გაათავისუფლეს. ამ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.
საქართველოს ოთხ მოქალაქეს ბრალად ედებოდა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთა, სამ მათგანს ეგრეთ წოდებულმა სასამართლომ ჯარიმა დააკისრა და გაათავისუფლა. ესენი კოდისწყაროსთან დაკავაბულები რამაზ ზადიშვილი, ზურაბ ტუხიაშვილი და გრემისხეველი დავით მიშელაშვილი არიან.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში რჩება, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, მან დე ფაქტო "საზღვარი შეგნებულად გადაკვეთა".
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვის შემდეგ, გათავისუფლებულები სახლში დაბრუნდებიან.