Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახუშტი მენაბდე: ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება შეუძლებელია


ზოგი ოპოზიციური პარტიის განცხადებაში გაისმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნა.

„ძირითადი, მემგონი, რაზეც შევთანხმდით არის ის, რომ ეს ხელისუფლება რომ წავიდეს შესაბამისად, საჭიროა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და რაც გავარკვიეთ, მე პირადად არ ვიცოდი, ტექნიკურად შესაძლებელია, რომ ეს არჩევნები იყოს პროპორციული“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პარტია „გირჩის“ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, ოპოზიციური პარტიების შეხვედრაში მონაწილეობდა.

ჯაფარიძის თქმით: „შედეგი ამ ყველაფრის უნდა იყოს ის, რომ ივანიშვილს თუ არ უნდა 2020 წელს პროპორციული არჩევნები, მიიღებს ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს“. ტელეკომპანია „მთავარის“ შეკითხვას, როგორ უნდა ჩატარდეს პროპორციული არჩევნები, ზურაბ ჯაფარიძემ უპასუხა, რომ „პარლამენტში არის რეგისტრირებული კანონპროექტები, მათ შორის ერთ-ერთი რეგისტრირებული კანონპროექტი არის ე.წ. გერმანული მოდელი“.

„რადიო თავისუფლება“ ესაუბრა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს, კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდეს.

როგორც მენაბდე განმარტავს, „ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება შეუძლებელია“. მისი თქმით, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ კი პარლამენტი მიმდინარე სამ თვეში საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს.

საკონსტიტუციო ცვლილების გარეშე კი შეიძლება ე.წ. გერმანული მოდელის მიღება, რასაც პარლამენტში ინიცირება დასჭირდება.

როგორც ვახუშტი მენაბდე ამბობს, „გერმანული მოდელი“ არ შეიძლება ჩაითვალოს პროპორციულ სისტემად, თუმცა ის საშუალებას იძლევა, რომ პარტიამ მაჟორიტარების ხარჯზე ვერ გაიმარჯვოს.

ვახუშტი მენაბდის თქმით, წმინდა „გერმანული მოდელი“ საქართველოში არ გამოვა, იმიტომ, რომ მასში დეპუტატების რაოდენობის ზედა ზღვარი განსაზღვრული არ არის. თუმცა შესაძლოა გამოვიდეს შედარებით განსხვავებული სისტემა, რომელიც მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნების შედეგებს ერთმანეთისგან იზოლირებულად კი არ განიხილავს, არამედ აჯამებს და ერთად იძლევა წარმომადგენლობას საკანონმდებლო ორგანოში.

„მარტივად, რომ ვთქვათ, თუ მე პროპორციულ არჩევნებში ხმების 50% მივიღე და ამავე დროს მაჟორიტარებით პარლამენტის მანდატების 50% ავითვისე, ეს ნიშნავს, რომ პროპორციულის შედეგები მიუქმდება და მხოლოდ მაჟორიტარული მრჩება. საქართველოს მაგალითზე, როდესაც 150-წევრიანი პარლამენტი გვყავს, ხმების 50%-ის აღების შემთხვევაში, ნიშნავს დაახლოებით 76 მანდატს და პარალელურად ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგების შემთხვევაში, ნიშნავს, რომ პირველ რიგში მაჟორიტარები (73 დეპუტატი) შევლენ პარლამენტში, შემდეგ დაემატება პროპორციული სიის პირველი სამი კაცი (76-მდე შეავსებენ) და დანარჩენი პროპორციული სია გაუქმდება“, - განმარტავს ვახუშტი მენაბდე.

14 ნოემბერს პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო.

XS
SM
MD
LG