Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიად ძიძიგურმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა


საპარლამენტო უმრავლესობა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დატოვა ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ წევრმა, ზვიად ძიძიგურმა.

„ეს გადაწყვეტილება განაპირობა გუშინდელმა საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნამ. ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში გულწრფელები ვიყავით, როცა ვარწმუნებდით მთელ საზოგადოებას, ყველა პოლიტიკურ მოთამაშესაც, რომ ასეთი ტიპის ცვლილება განვახორციელეთ“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა დღეს, 15 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.

ძიძიგურის თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად ინიცირებული საკონსტიტიტუციო ცვლილებები ყველა პოლიტიკურ პარტიას მისცემდა შესაძლებლობას და მრავალფეროვნებას წარმოშობდა, მაგრამ „ეს ყველაფერი გუშინ ჩაფლავდა“.

„იმათ გასაგონად, ვინც შეიძლება თქვას, რომ ჩვენ გუნდი მივატოვეთ მაშინ, როცა ძალიან ვჭირდებოდით. ბოდიში, თქვენთან ყველასთან, ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება ჩვენით არ მიგვიღია. ეს გადაწყვეტილება მიგვაღებინა იმ ორმოცმა დეპუტატმა, ვინც გუშინ უარი განაცხადა, მხარი დაეჭირა საკონსტიტუციო ცვლილებისთვის“, - თქვა ზვიად ძიძიგურმა.

14 ნოემბერს უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, მარიამ ჯაშმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, ირინე ფრუიძემ, ზაზა ხუციშვილმა და რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ წევრმა, გიორგი ბეგაძემ.

14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა, სულ მცირე, 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობას წარმოადგენენ.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს მთავრობის გადადგომის და ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG